ბლოგერი და სამოქალაქო აქტივისტი სალომე ბარკერი "ფეისბუქის" გვერდზე პოსტს აქვეყნებს და თავის დას, სოფო ნიკოლეიშვილს იხსენებს. სოფო 2019 წელს წელს, ლაგოდეხში, ექსკურსიის დრო დაიღუპა. ის 16 წლის იყო.
"ეს ბავშვი ახლა უნდა იყოს 20 წლის, მაგრამ არ არის.გასულ წლებში, რაღაც დროს მოვახერხე მის ფეისბუქებზე ძრომიალი (სამი ჰქონდა, რაც მე ვიცოდი და კიდევ შეიძლება ოდესმე ახალი აღმოვაჩინო) და ყველა ფოტოს გადმოწერა და შენახვა.
სულ ვერ ვათვალიერებ, არ მყოფნის ემოციური რესურსი, მაგრამ დღეს მისი დღეა და თავს ძალა დავატანე. ოცი წლის უნდა იყოს წესით, ცხოვრება რომ საშინლად უსამართლო არ იყოს და ოც ფოტოს გიზიარებთ, თან ყველა მისივე დაპოსტილია და არ ეწყინებოდა "სალო ეს რატომ დადეეე" :))
სოფიტა, ძალიან მხიარული და სიცოცხლისმოყვარე ბავშვიკი, რომელიც სასწაულად მენატრება და მომენატრება სულ, სანამ ვარ", - წერს სალომე ბარკერი.
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლის 26 მაისს, სკოლის დირექტორის მიერ გამოცემული ბრძანების საფუძველზე, სკოლა „ალბიონის” XI კლასის მოსწავლეები, აღმზრდელის ნ.ს-ს ხელმძღვანელობით და სხვა პედაგოგების შემადგენლობით, სკოლის კუთვნილი მიკროავტობუსით გაემართნენ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურგენიანში მდებარე ნაკრძალში, "ნინოსხევის ჩანჩქერის" მოსანახულებლად. სკოლის დირექტორის ბრძანების მიხედვით, ექსკურსიის ორგანიზება და მასზე პასუხისმგებლობა დაევალა ნ.ს-ს.
დანიშნულების ადგილზე ჩასვლისას, პედაგოგებისთვის, მათ შორის ნ.ს-სთვის და ვ.ქ.-სთვის ცნობილი გახდა, რომ მეტეოროლოგიური პირობების გამო მდინარე იყო ადიდებული, სწრაფი დინებით გამოირჩეოდა და ჩანჩქერზე არსებობდა სახიფათო მდგომარეობა. პედაგოგებისთვის ასევე ცნობილი იყო, რომ მოსწავლე სოფიო ნიკოლეიშვილი აპირებდა საბანაოდ ჩანჩქერში შესვლას. მიუხედავად ამისა, ნ.ს. მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა, გამოიჩინა გულგრილობა და მოსწავლეებს ნება დართო სვლა გაეგრძელებინათ "ნინოსხევის“ ჩანჩქერის მიმართულებით, თავად კი ჩანჩქერზე არ ავიდა, ხოლო პედაგოგმა ვ.ქ.-მ ნაკრძალის რეინჯერის უშუალო გაფრთხილების მიუხედავად, რომ საფრთხე არსებობდა, იმ საფუძვლით, რომ კარგად იცნობდა მიმდებარე ტერიტორიას და არაერთხელ იყო ნამყოფი, თავად აიღო პასუხისმგებლობა გაძღოლოდა მოსწავლეთა ჯგუფს და აეყვანა ჩანჩქერზე.
ჩანჩქერზე ასვლის შემდეგ, პედაგოგების მიერ გამოჩენილი გულგრილობის და წინდახედულობის ნორმების უგულებელყოფის შედეგად უმეთვალყურეოდ დარჩენილი სოფიო ნიკოლეიშვილი ჩანჩქერის სწრაფ დინებაში შევიდა და ვეღარ მოახერხა ნაპირზე დაბრუნება, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია.