"უჩვეულო, ამოუცნობი, იდუმალი..." - მხოლოდ ამგვარი ეპითეტები ახსენდება ადამიანს, რომელიც რუსუდან ფეტვიაშვილის ნამუშევრებს ეცნობა! მსოფლიოში აღიარებული მხატვარი ჩვენი სტუმარია და თავის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე გვიამბობს.
- თქვენი ნახატები ხელოვნების მოყვარულებს ყოველთვის აოცებდა. როგორ დაიწყო ეს ყველაფერი?
- როგორც დედაჩემი ამბობს, ხატვა ძალიან ადრე დამიწყია: წლისა და 10 თვის ვყოფილვარ, როცა ჩემი ძმის პორტრეტი დამიხატავს. ეს პორტრეტი დედას კარგა ხანს ჰქონდა შენახული. მამაჩემი, ვახტანგ ფეტვიაშვილი მოქანდაკე იყო. სამწუხაროდ, ის ცოცხალი აღარ არის. დედაჩემიც ხელოვანია: პოეტი და დრამატურგი მანანა აბრამიშვილი. მას ფილოლოგიური აქვს დამთავრებული, თურმე მერე სამხატვრო აკადემიაშიც აპირებდა ჩაბარებას, მაგრამ გადაიფიქრა. 6 წლის ვიყავი, როცა ბავშვთა ხელოვნების გალერეაში ჩემი პირველი პერსონალური გამოფენა გაიმართა. ამ გამოფენის ინიციატორები ცნობილი ქართველი მხატვრები - თენგიზ მირზაშვილი და ავთო კუხიანიძე იყვნენ. ისინი ჩვენს ოჯახში ხშირად მოდიოდნენ. თენგიზ მირზაშვილი მამაჩემის მეგობარი იყო, ჩემს ნამუშევრებს კარგად იცნობდა და ჩემი დიდი გულშემატკივარი გახლდათ, ამ გამოფენის სულისჩამდგმელიც სწორედ ის იყო.
- თქვენი პირველი გამოფენა როგორ გახსენდებათ?
- როგორც ლამაზი სიზმარი... მახსოვს, როგორ გახსნა გამოფენა ელენე ახვლედიანმა. ის დღე ჩემთვის ბრწყინვალე დღესასწაულივით იყო. ყველაზე ლამაზად იცით, რა მახსენდება?.. ულამაზესი, ვარდისფერი ატლასის კაბა, რომელიც იმ დღეს მეცვა. საქმე ის არის, რომ მე ოთხ ძმასთან ერთად ვიზრდებოდი და მათსავით სულ შარვალი მეცვა, მათთან ერთად ხეებზე დავძვრებოდი და ვთამაშობდი, ამიტომ ის ვარდისფერი ატლასის კაბა განსაკუთრებით დამამახსოვრდა. ძალიან ბევრი ხალხი შეიკრიბა, ჩემი ნათესავები, ახლობლები... ჩემს ნახატებს ათვალიერებდნენ, რაც ძალიან მომწონდა. დარბაზში სხვადასხვა ზომის 80 ნამუშევარი იყო წარმოდგენილი - ზოგი მუყაოზე დახატული, ზოგი - ქაღალდზე, ყურადღების ცენტრში კი მაინც მე ვიყავი. ეს იყო ჩემი პირველი პერსონალური გამოფენა, რომელიც 1974 წელს გაიმართა, მაგრამ გუშინდელივით მახსოვს. პერსონალური გამოფენა შემდგომშიც ბევრჯერ მქონია, მაგრამ ის დღე ჩემთვის განსაკუთრებული იყო.
- მშობლები თუ ერეოდნენ თქვენს პროფესიულ ზრდაში?
- ისინი ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივრები იყვნენ. მამა ამბობდა, რომ მხატვარს თავისუფალი აზროვნება უნდა ჰქონდეს; როგორც მოსწონს, ისე უნდა ხატავდეს და არ შეიზღუდოს. ჩვენი ოჯახი ძალიან მდიდარი და დალხენილი არასდროს ყოფილა, ფუფუნებაშიც არასდროს გვიცხოვრია, კიდეც გვიჭირდა და გვილხინდა, მაგრამ მატერიალურ დანაკლისს სულიერი ფასეულობები ავსებდა - დედა და მამა ყოველთვის ცდილობდნენ, აქცენტი სულიერებაზე გადაეტანათ, რაც ჩვენთვისაც მნიშვნელოვანი იყო. მეც და ჩემმა ძმებმაც პატარაობიდანვე ვიცოდით, რომ ფუფუნებაში ცხოვრება სულაც არ ნიშნავს ბედნიერებას, რომ შეიძლება, მატერიალურად არ გილხინდეს, მაგრამ შენი ცხოვრება სიყვარულმა, თანაგრძნობამ და რწმენამ შეავსოს, გაალამაზოს.
- სამხატვრო აკადემიაში ჩაბარება როგორ გადაწყვიტეთ?
- მერვე კლასში ვიყავი, როცა ჩემი მესამე თუ მეოთხე გამოფენა გაიმართა მხატვრის სახლში, რომლის დირექტორი თემო გოცაძე იყო. ეს გამოფენა რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდა და იმდენი ბილეთი გაიყიდა, რომ ათი თვის გეგმა შესრულდა. კომუნისტების პერიოდი იყო, მაშინ გეგმის შესრულებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ და თემო გოცაძემ მითხრა, უნდა დაგაჯილდოვოთო. ამ გამოფენის შემდეგ აკადემიაში უგამოცდოდ მიმიღეს. აკადემიის რექტორი ზურაბ ნიჟარაძე იყო და მისი სურვილით, მეორე კურსზე დამსვეს, რომ პირველ კურსზე რომელიმე აბიტურიენტისთვის ადგილი არ წამერთმია. ამ დროს უკვე დიდი შეკვეთა მქონდა პარიზიდან: "ვეფხისტყაოსნის" და ქართული ხალხური ზღაპრების ილუსტრაციებზე ვმუშაობდი. სამხატვრო აკადემიაში გოგი ალექსი-მესხიშვილი მასწავლიდა, რომელმაც მითხრა: აკადემიაში ხალხი იმისთვის სწავლობს, რომ თავისი სტილი იპოვოს და ხატვა ისწავლოს, შენ შენი ხელწერა უკვე გაქვს, შეკვეთებიც არ გაკლია, ამიტომ ტყუილად დროს ნუ დახარჯავ, შინ იმუშავეო. ისე გამოვიდა, რომ სტუდენტობა თითქმის არ მქონია, სულ შეკვეთებზე ვმუშაობდი. სწორედ იმ პერიოდში დავოჯახდი - ჩემი მეუღლე ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანი - თემურ ბადრიაშვილი გახდა.
- მომავალი მეუღლე როგორ გაიცანით?
- თემო პირველად 16 წლის ასაკში ვნახე. მაშინ ის პირველ კურსზე სწავლობდა და გამოსაშვები სპექტაკლი ჰქონდა. ამ სპექტაკლზე მეც მოვხვდი. თემომ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რადგან თავის ირგვლივ საოცარ აურას ქმნიდა. ის ძალიან კეთილშობილი და კარგი ადამიანი იყო, ამიტომ ძალიან დავმეგობრდით. სულ მალე მივხვდი, რომ ეს იყო ადამიანი, რომელიც ჩემს ცხოვრებაში სიმშვიდესა და სიხარულს შემოიტანდა. თემური რეჟისორი და მხატვარი გახლდათ, მოგვიანებით კი თოჯინების თეატრის დირექტორი გახდა. 20 წლის ვიყავი, როცა დავქორწინდით. შეიძლება ითქვას, ერთად ჩამოვყალიბდით და გავიზარდეთ. 33 წელი გავატარეთ ერთად, ის სამი წლის წინ გარდაიცვალა. მართალია, ფიზიკურად ჩემ გვერდით აღარ არის, მაგრამ დღემდე ჩემს გულსა და გონებაში რჩება. ის ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი იყო. ალბათ მკითხველs გაუჩნდება შეკითხვა - ასე ახალგაზრდა რატომ დაიღუპა? თემო სულ რაღაც 28 წლის იყო, როდესაც დიაბეტი აღმოაჩნდა, ბოლო წლებში ამას თირკმლის უკმარისობა და სხვა სერიოზული დაავადებებიც დაერთო და ვერ გადავარჩინეთ.
- მეუღლე რა როლს ასრულებდა თქვენს შემოქმედებით ცხოვრებაში?
- ახლა, როცა ამქვეყნად აღარ არის, უფრო კარგად ვხვდები, როგორ მეხმარებოდა, რამდენ წვრილმან თუ მსხვილმან საქმეს მაცილებდა და რამდენი რამ ჰქონდა თავის მხრებზე აღებული. ჩემს გამოფენებთან დაკავშირებული ყველა უხერხულობის და ყველა პრობლემური საკითხის მოგვარება მას უწევდა. მეც მხარში ვედექი, მაგრამ ის გაცილებით მეტს აკეთებდა ჩემთვის. თემო თვითონაც ხელოვანი იყო და ძალიან ცოტა დრო ჰქონდა, მაგრამ მაინც მეხმარებოდა. მუდმივად ერთად ვიყავით, საზღვარგარეთ გამოფენებზეც მომყვებოდა და საქართველოშიც ჩემი პირველი გულშემატკივარი და დამხმარე სწორედ ის იყო!
- თქვენი სტილი ყოველთვის გამორჩეული და განსხვავებული იყო, რაც ალბათ ნიჭის დამსახურებაა.
- ერთ პატარა საიდუმლოს გაგანდობთ: ბავშვობიდანვე ორი კატეგორიის ნახატები მქონდა: ერთს "ისე მხატვრობას" ვეძახდი, ხოლო მეორეს განსაკუთრებული შინაარსი ჰქონდა და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. "ისე მხატვრობას" ვეძახდი, როცა ყოფით თემებზე ვხატავდი: ბავშვები, სკოლა, მასწავლებლები, ჩვენი ყოველდღიურობა... როცა ამ სტილის ნახატებს ვხატავდი, ვისვენებდი, ხოლო მეორე კატეგორიის ნახატებში ალეგორიულ შინაარსს ვდებდი. ამგვარ ნამუშევრებში ჩანს ბრძოლა სიკეთესა და ბოროტებას, სიხარბესა და გულკეთილობას, სინაზესა და უხეშობას შორის. ალბათ ქვეცნობიერად ვგრძნობდი, რომ სიკეთე უძლეველია და ჩემს ნახატებში სიკეთე ყოველთვის იმარჯვებდა. მხატვრობა ჩემი სამყაროა, სადაც თავს ისე ვგრძნობ, როგორც თევზი - წყალში...წაიკითხეთ სრულად