ავტორი:

"დილას ვიღაცამ გაიღვიძა და ავტოფარეხში მანქანა დახვდა, ამ ზღაპრებზე და ჭორებზე საერთოდ არანაირ კომენტარს არ გავაკეთებ" - პეტრე ცისკარიშვილი მელიას განცხადებაზე

"დილას ვიღაცამ გაიღვიძა და ავტოფარეხში მანქანა დახვდა, ამ ზღაპრებზე და ჭორებზე საერთოდ არანაირ კომენტარს არ გავაკეთებ" - პეტრე ცისკარიშვილი მელიას განცხადებაზე

არავის არ გაუღვიძია და დილას ავტოფარეხში მანქანა თავისით არ გასჩენია,-ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, პეტრე ცისკარიშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებას, სადაც ის განმარტავს, რა ვითარებაში მოხდა მისთვის "მეორადი ავტომობილის" შეთავაზება, რომელიც დავით კეზერაშვილმა გაგზავნა.

პეტრე ცისკარიშვილის განმარტებით, ის ამ საკითხზე "ჭორაობას არ აპირებს“.

"აბსოლუტურად არ ვაპირებ ამ ამბავზე ჭორაობას, წარსულის გახსენებას. დილას ვიღაცამ გაიღვიძა და ავტოფარეხში მანქანა დახვდა, ამ ზღაპრებზე, ტყუილებზე, ჭორებზე საერთოდ არანაირ კომენტარს არ გავაკეთებ. არავის არ გაუღვიძია და დილას ავტოფარეხში მანქანა თავისით არ გასჩენია. ამით ეს საკითხი ამოიწურა. პოსტი, რომელიც ნიკა მელიამ გამოაქვეყნა, თვითონვე გასცა პასუხი, რომ დაბრუნება უნდოდა და უთხრეს, კარგად იყავი შენც და შენი მანქანაცო“,-განაცხადა ცისკარიშვილმა.

მან განმარტა, რომ ჭორები არ აინტერესებს.

"ამ ჭორაობაში შევიდა ნიკა მელია და მისი შტაბი, ის მანქანა თურმე ავტოფარეხში იდგა, ვიღაცამ დაახვედრა, უბრუნებდა, არ იბარებდნენ და ა.შ. ჩვენ ეს აბსოლუტურად არ გვაინტერესებს“,-განაცხადა ცისკარიშვილმა.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს დავით კეზერაშვილი ფულით ეხმარებოდა მელიას, პეტრე ცისკარიშვილმა განმარტა, რომ არანაირი არალეგალური მიმოქცევა არ ყოფილა.

"დახმარებას რაც შეეხება, აქ საუბარი არის საქმიან თანამშრომლობაზე. არაფორმალურ მმართველობაზე საუბრობს მელიას შტაბი და ამით "ოცნების“ წისქვილზე ასხამენ წყალს. წინა თვეები იყო, ოლიგარქად მოიხსენიებდნენ დათო კეზერაშვილს, მაშინ საერთოდ "ქართულ ოცნებას“ საბაბი მისცეს, რომ კეზერაშვილზე მოერგოთ ანტიოლიგარქიული კანონი და ისე დაეწერათ ეს კანონმდებლობა პარლამენტში. ახლა სხვა სივრცეში გადმოვიდნენ, სადაც არაფორმალურ მმართველობაზე საუბრობენ. როდესაც მთავარი არაფორმალური მმართველი, არაანგარიშვალდებული პირი აბსოლუტურად დაცლილია პასუხისმგებლობისგან საზოგადოების წინაშე და ბიძინა ივანიშვილი სახელმწიფოს მართავს, ეს ადამიანები საუბრობენ დათო კეზერაშვილის არაფორმალურ მმართველობაზე, რომელიც საერთოდ არ ერეოდა პარტიის შიდა საქმეებში, მართვაზე, დაკომპლექტებაში, თუნდაც საკრებულოების, სიების, თუნდაც იმ ნაწილში, როდესაც თანამშრომლობა იყო. უფრო მეტიც, როდესაც კობა ნაყოფიაზე არის საუბარი, კობა ნაყოფიას გადაყენებას თუ გაგდებას ითხოვდნენო, თვითონ კობა ნაყოფია ამბობს, ამ კაცთან დავდივარ, ვხვდები, საქმიანი საუბრები გვაქვსო. შეეკითხეთ, თუ გნებავთ მანქანაზეც ჰკითხეთ“,-განაცხადა ცისკარიშვილმა.

ცნობისთვის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს, რომ "საჩუქრების” წამოძახება გარდა იმისა, რომ მდაბიო საქციელია, უამრავი ტყუილით, სპეკულაციით და ცილისწამებითაა სავსე. ნიკა მელია განმარტავს, რა ვითარებაში მოხდა მისთვის "მეორადი ავტომობილის" შეთავაზება, რომელიც კეზერაშვილმა გაგზავნა.

"დამატებითი ავტომობილის არანაირი საჭიროება არ გვქონდა, როდესაც ერთ დღეს, ჩემთვის მიულოდნელად პეტრე ცისკარიშვილმა და ზურაბ მელიქიშვილმა მითხრეს, რომ პარტიის ავტოფარეხში იდგა მეორადი ავტომობილი, რომელიც გამოგზავნა დავით კეზერაშვილმა. ცხადია არ მითხოვია, თავად გადაწყვიტა თავისი სურვილით და მოგვიანებით სატელეფონო საუბრისასაც ასეც აღნიშნა.

მას შემდეგ, რაც დავინახე დავით კეზერაშვილისგან მცდელობა ჩარეულიყო შიდა პარტიულ პროცესებში, რამდენჯერმე (2022 წლის ივნისის თვიდან) ვცადეთ ამ ავტომობილის მისთვის დაბრუნება.

ბოლოს, ამ თვენახევრის წინაც ვთხოვე ბაჩო დოლიძეს გადაეცა კეზერაშვილის ოჯახის წევრისთვის, დიმა ჩიქოვანისთვის, რომელმაც არ ჩაიბარა ეს ავტომობილი და იგი დღემდე დგას პარტიის ავტოფარეხში“, - განაცხადა მელიამ.

ასევე იხილეთ: