საქართველოში უკრაინის საელჩო არ გამორიცხავს უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციის შესაძლებლობას, "თუ მათ საფრთხე დაემუქრებათ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენისა და რუსების მასიურად შემოდინების შემთხვევაში“.
"პირდაპირი საჰაერო კომუნიკაციის აღდგენის და უსაფრთხოების რეალური რისკების ზრდის შემთხვევაში, საელჩო არ გამორიცხავს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან დაკავშირების შესაძლებლობას, რათა განვიხილოთ საქართველოს ტერიტორიიდან უკრაინის მოქალაქეების მასობრივ ევაკუაციაში დახმარების საკითხი“, - განაცხადა საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა უკრაინულ გამოცემა "ევროპეისკაია პრავდა“-სთან ინტერვიუში.
მისი თქმით, "რუსების ანომალიური შემოდინების გამო“, საქართველოში უსაფრთხოდ ყოფნის საფრთხის მნიშვნელოვანი ზრდის ფონზე, საელჩო ყველანაირად უწყობს ხელს უკრაინის მოქალაქეების უკრაინაში დაბრუნებას.
"ახლა ჩვენ განვიხილავთ სპეციალური ევაკუაციის მარშრუტების მოწყობის შესაძლებლობას უკრაინის მოსახლეობის ყველაზე დაუცველი სეგმენტებისთვის, რომლებსაც ნამდვილად არ აქვთ დაბრუნების საშუალება. ამავდროულად, ყველაზე ოპტიმალურად მიგვაჩნია სახმელეთო ტრანსპორტი“, - აღნიშნა კასიანოვმა.