წალენჯიხის მუნიციპალიტეტში პირველკლასელთა უფასო კვების პროგრამა ამოქმედდება, - ინფორმაციას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გია ხარჩილავა სოციალურ ქსელში ავრცელებს.
"დიდებული ამბავი უნდა გამცნოთ. პირველად საქართველოში, წალენჯიხაში, განხორციელდება პირველკლასელთა კვების პროგრამა...“ - ამბობს ხარჩილავა.
მერის თქმით, ბაღებში ბავშვები უზრუნველყოფილნი არიან კვებით, მაგრამ შემდეგ ეტაპზე, როდესაც ბავშვი ბაღს ამთავრებს და პირველ კლასში შედის, კვებით უზრუნველყოფის პროგრამა არ მოქმედებს.
"ძალიან ხშირად მშობელს არ აქვს შესაძლებლობა, ყოველდღიურად დაუფინანსოს ბავშვს ის 3 - 4 ლარი, რომელიც სკოლის პერიოდში ყოფნის დროს, კვებისთვის აუცილებლად სჭირდება, ანუ ბაღში შეჩვეული ორგანიზმი, სკოლაში უკვე გარანტირებული კვების გარეშე რჩება. რაც ბუნებრივია შეფარეხებს მის როგორც გონებრივ, ისე ძვლოვან - ხრტილოვან განვითარებას, მისი ზრდის პროცესს…“
ხარჩილავას თქმით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტმა საქართველოს მასშტაბით მიიღო უპრეცენდენტო გადაწყვეტილება, რომელიც პირველკლასელების კვებით უზრუნველყოფას ეხება. პროგრამაში ჩართვისთვის პირველკლასელის მშობელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები: განცხადება, პირველკლასელის დაბადების მოწმობა, ცნობა სკოლიდან.
ბავშვებს დაურიგდებათ საბანკო ბარათები, რომლის გამოყენებას შეძლებენ კვების ობიექტებსა და მარკეტებში პროდუქტის შესაძენად.
კვების დღიური თანხა შეადგენს საშუალოდ 4 ლარს.
ბარათს გააჩნია შეზღუდვები. მფლობელს არ შეეძლება ბანკომატიდან თანხის გამოტანა და ასევე ბარათს არ ექნება ონლაინ გამოყენების ფუნქცია.
შეგახსენებთ, რომ სკოლაში უფასო კვების პროგრამა ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო, როგორც "ნაციონალური მოძრაობის“, ისე "ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამაში.
კარგია, ეგეც რაღაცაა, მაგრამ თუ პირველკლასელთა კვების პროგრამას აანონსებთ, მინიმუმ სრულფასოვანი საუზმე და სადილი უნდა შედიოდეს მასში, მაგრამ ეს 4 ლარში ვერ ჩაჯდება ცხადია. დიდი-დიდი ბავშვმა ამ თანხით პურ-ფუნთუშეულის ნაწარმის და კევის შეძენა შეძლოს. ამიტომ ნუ დააბრეხვებთ ხოლმე რაღაცეებს ასე გაბუქებულად, თითქოს ხალხზე ზრუნვით გიცხელდებათ თავები! ბოლო-ბოლო ჭყონია-ხაზარაძეს მაინც გაეღოთ ხარჯი ნორმალური და სრულფასოვანი საკვებით უზრუნველყოფისთვის, განა რამდენი პირველკლასელია მაგ რაიონში?! გარდა ამისა მეორე და შემდეგმა კლასელებმა რა დააშავეს?! რა უკვე ფორმირებულია მათი ძვალ-სახსროვანი სისტამა ან მათ მშობლებს უკვე აქვთ ყოველდღიური 3-4 ლარი?! ვაი, ვაი რა პოპულისტები ხართ!
ნამდვილად მისასალმებელია წალენჯიხის მუნიციპალიტეტში პირველკლასელთა უფასო კვების პროგრამის ამოქმედება.
ალბათ არსებული ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით ხდება ამ პროგრამის დაფინანსება.
საინტერესოა თუ რამდენი პირველკლასელია ამ მუნიციპალიტეტში, რომელიც შედგება ორი ქალაქისა (წალენჯიხა და ჯვარი) და 14 ადმინისტრაციული ერთეულისაგან (სოფლისაგან) მოსახლეობის საერთო რაოდენობით 26 158 ადამიანი.
იმედია, რომ ეს პროგრამა გაამართლებს ანუ პირველკლასელებისათვის ყოველდღიური უფასო კვება ყოველ ჯერზე იქნება ახალი პროდუქტებისაგან დამზადებული, სათანადოდ კალორიული, უსაფრთხო, გემრიელი და მრავალფეროვანი რაციონით.
კარგი იქნება თუ ამ წამოწყებას ქვეყნის სხვა მუნიციპალიტეტებიც მიბაძავენ.