"ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირება სულ უფრო ღრმავდება. 28-29 იანვარს "ნაციონალური მოძრაობის" მომხრეებმა უნდა აირჩიონ ახალი თავმჯდომარე - ნიკანორ (ნიკა) მელია ან ლევან ხაბეიშვილი. მოგეხსენებათ, წინასაარჩევნო პროცესისას დაპირისპირებაში ჩაერთო ფარული ჩანაწერები, რომელთა გავრცელებაში მელიამ პირდაპირ დაადანაშაულა ვანო მერაბიშვილი, კეზერაშვილზე კი თქვა, პარტიის კონტროლი სურსო. ხაბეიშვილის ჯგუფის წარმომადგენლმა ლევან ბეჟაშვილმა კი განაცხადა:
"პირველად როდესაც ახსენა კეზერაშვილის ოლიგარქობა და ფარული ინტერესების არსებობა პარტიაში, ჩვენთვის მართლაც შოკი იყო, რადგან ეს თანამშრომლობა, გარკვეული ურთიერთობა, მათ შორის მეგობრული ურთიერთობაც, ნიკა მელიასგან მოდიოდა დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით. რამდენიმე არჩევნების განმავლობაში მას პირადად ეხმარებოდნენ, პირადად მიუღია საჩუქრებიც, ძვირად ღირებული ავტომობილი, რომლითაც ის დადის და ასე შემდეგ. მიუღებელი იყო საერთოდ ის პოზიცია, რომ ვეკითხებოდით, რატომ დაიწყე ეს თემა, რა აქტუალური იყო ქართული პოლიტიკისთვის ან პარტიული საქმიანობისთვის, არასდროს არ ყოფილა განცხადება, მინიშნებაც კი, რომ რაღაც ფარული ზეგავლენის მოპოვებას ცდილობს, ვიღაცის გადაყენებას ან ვიღაცის დანიშვნას, ან ვიღაცის სიაში ჩასმას".
"ვწუხვარ და მეუხერხულება კიდეც ამ თემაზე, რომ ვწერ სტატუსს, მაშინ როცა უზარმაზარი გამოწვევევის წინაშე დგას პარტიაც და ქვეყანაც, მაგრამ პროპაგანდა ასე მუშაობს - დღეს ბევრი ამ თემაზე წერს და სატელევიზიო ეთერებსაც უთმობენ და მე ვალდებული ვარ პირველ რიგში ენმ მხარდამჭერებს ვუთხრა სიმართლე. ავტომობილზე ვწერ მეგობრებო, იმ ავტომობილზე, რითაც პარტიის თავმჯდომარე რამდენიმე თვის განმავლობაში გადაადგილდებოდა.
ციხიდან გამოსვლის შემდეგ მეგობრებმა ჩათვალეს, რომ მჭირდებოდა დაცვა და შესაბამისად დამატებითი ავტომობილი. დაცვას გადავეცი ოჯახის საკუთრებაში მყოფი. მე კი ვსარგებლობდი პარტიის ავტომობილით (Mazerati), რომელიც პარტიას კობა ნაყოფიას თხოვნით, ათხოვა ბატონმა ზაზა ოქუაშვილმა. მახსოვს ამ ნათხოვარმა ავტომობილმაც დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. არც ის იყო ჩემი.
დამატებითი ავტომობილის არანაირი საჭიროება არ გვქონდა, როდესაც ერთ დღეს, ჩემთვის მიულოდნელად პეტრე ცისკარიშვილმა და ზურაბ მელიქიშვილმა მითხრეს, რომ პარტიის ავტოფარეხში იდგა მეორადი ავტომობილი, რომელიც გამოგზავნა დავით კეზერაშვილმა. ცხადია არ მითხოვია, თავად გადაწყვიტა თავისი სურვილით და მოგვიანებით სატელეფონო საუბრისასაც ასეც აღნიშნა.
მას შემდეგ რაც, დავინახე დავით კეზერაშვილისგან მცდელობა ჩარეულიყო შიდა პარტიულ პროცესებში, რამდენჯერმე (2022 წლის ივნისის თვიდან) ვცადეთ ამ ავტომობილის მისთვის დაბრუნება.
ბოლოს, ამ თვენახევრის წინაც ვთხოვე ბაჩო დოლიძეს გადაეცა კეზერაშვილის ოჯახის წევრისთვის, დიმა ჩიქოვანისთვის, რომელმაც არ ჩაიბარა ეს ავტომობილი და და იგი დღემდე დგას პარტიის ავტოფარეხში.
აი, ასე იყო ეს ამბავი და არა ისე, როგორც ფუთავენ და ავრცელებენ მერაბიშვილი/კეზერაშვილის მხარდამჭერი კოლეგები.
ბატონებო, კეზერაშვილის "ნაჩუქარი“ ავტომობილი პარტიის ავტოფარეხშია.
David Kezerashvili დარჩა რამე, რაც კიდევ შეიძლება იკადრო/თ?", - წერს მელია.
"მე, ჩემს მეგობრებს და ჩემს თანამებრძოლებს გვქონდა კონკრეტული პრეტენზიები პარტიის ჯერ კიდევ მოქმედ თავმჯდომარესთან, რომელიც უკავშირდებოდა საქმიან პრეტენზიებს - რატომ ასეირნებდა ასი ათასობით ადამიანს რუსთაველზე და რატომ არ მოქმედებდა 2022 წელს, რატომ დახურა "ნაციონალური მოძრაობის" რაიონული ოფისები, დაახლოებით, 50 და უფრო მეტი, რატომ შეწყვიტა ხალხთან და პარტიასთან კომუნიკაცია, რომ დააანონსა "ცხელი შემოდგომა", სად წავიდა ეს "ცხელი შემოდგომა"?! საქმიანი პრეტენზიები გვქონდა მასთან, მას პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა ეგრძნო, სკამს არ უნდა ჩაჰბღაუჭებოდა.
მან და მისმა გუნდმა დაიწყო ბრალდებები, ტალახის სროლა, რომ ფარდას ახდიან, რომ სისხლიანი ცხრა წელი, ლამის ბანერები გამიკრეს "ქოცებივით" - ჩემს უკან დგას "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები და ჩემს უკან დგანან ადამიანები, ვისაც უნდა ამ ქვეყნის ბედის შეცვლა და რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ ბრძოლა. უთხრას "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს, კობა ნაყოფია რატომ ხვდება დავით კეზერაშვილს თუ მის გადადგომას ითხოვდა, აუხსნას ეს საზოგადოებას. არ შეიძლება რამე წამოაკივლო და მერე პასუხი არ გასცე - უკაცრავად, მოუყევით ხალხს. მე არ შევხვედრივარ არავის და არ მქონია ასეთი განცხადებები, რაც ნიკამ თქვა, ამიტომ აუხსნას. ასევე, რატომ იყო ის წინააღმდეგი მიხეილ სააკაშვილის პრემიერობის 2020 წელს, ესეც უთხრას "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს, რომ ებღაუჭება სკამს, რომელი პარტიაც არის მიხეილ სააკაშვილის. როცა მიხეილ სააკაშვილის პარტიაში ებღაუჭები, ჩაჭიდებული ხარ სკამს, ხალხი იმსახურებს უთხრა, თუ რატომ იყავი მიხეილ სააკაშვილის პრემიერობის წინააღმდეგი.
რაც შეეხება მანქანის ჩუქებას, ფუფუნების საგნებს და ძვირადღირებულ ავტომობილებს, არ ვიცი. ეს აწუხებს მას, ეგ არ არის ჩემი საქმე და არც მაინტერესებს, თავად გასცეს პასუხი საზოგადოებას. ნიკა მელიამ თავად თქვა, რომ ის თანამშრომლობდა დავით კეზერაშვილთან. არავის არაფერი არ უთქვამს, ვიდრე თავად არ დაიწყეს საუბარი. ჭორაობა შეუყვარდა ამ ბოლო დროს ჩემდა სამწუხაროდ და თავად რომ იწყებს ჭორაობას ამაზე, თავად ჰქონდეს პასუხი, მე რატომ მთხოვთ მის ჭორაობებზე პასუხს", - განაცხადა ხაბეიშვილმა.
კომენტარი გააკეთა პეტრე ცისკარიშვილმაც:
"აბსოლუტურად არ ვაპირებ ამ ამბავზე ჭორაობას, წარსულის გახსენებას. დილას ვიღაცამ გაიღვიძა და ავტოფარეხში მანქანა დახვდა, ამ ზღაპრებზე, ტყუილებზე, ჭორებზე საერთოდ არანაირ კომენტარს არ გავაკეთებ. არავის არ გაუღვიძია და დილას ავტოფარეხში მანქანა თავისით არ გასჩენია. ამით ეს საკითხი ამოიწურა. პოსტი, რომელიც ნიკა მელიამ გამოაქვეყნა, თვითონვე გასცა პასუხი, რომ დაბრუნება უნდოდა და უთხრეს, კარგად იყავი შენც და შენი მანქანაცო“. წაიკითხით სრულად