2022 წლის აპრილი
თალიბებმა ავღანელ ქალებს გარეთ დაუფარავი სახით გასვლა აუკრძალეს. ეს იყო ქალთა უფლებების ყველაზე მკაცრი შეზღუდვა, რომელიც თალიბანის მთავრობამ დააწესა გასული წლის აგვისტოში ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ.
2022 წლის მაისი
თალიბანის ხელმძღვანელობამ ავღანელ ქალ ტელეწამყვანებს და სხვა ქალებს, რომლებიც ეკრანზე გამოჩნდნენ გადაცემის დროს, სახის დაფარვისკენ მოუწოდა.
2022 წლის ნოემბერი
თალიბანის ლიდერმა ჰაიბათულა ახუნდზადამ ავღანეთის მოსამართლეებს შარიათის კანონის შესაბამისად სასჯელის დაკისრების ბრძანება მისცა. ისეთი დანაშაულებისთვის, როგორიცაა ძარცვა, გატაცება და ამბოხება, დამნაშავეები კიდურების საჯარო ამპუტაციითა და ჩაქოლვით დაისჯებიან.
ამავე პერიოდში ავღანელ ქალებს პარკში სეირნობა აეკრძალათ.
2022 წლის 7 დეკემბერი
ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ თალიბებმა სიკვდილით საჯაროდ პირველი ადამიანი დასაჯეს, ის მკვლელობაში იყო მსჯავრდებული. დასჯა ავღანეთის სამხრეთ-დასავლეთით ფარაჰის პროვინციაში, თალიბანის მაღალი რანგის ლიდერების, მათ შორის სათნოების სამინისტროს ხელმძღვანელის თანდასწრებით მოხდა.
2022 წლის დეკემბერი
თალიბანმა ავღანეთის ქალებს უნივერსიტეტებში სწავლა აუკრძალა. გადაწყვეტილება ვრცელდება როგორც სახელმწიფო, ისე კერძო უნივერსიტეტებზე. უნივერსიტეტების წარმომადგენლებს დაევალათ დაუყონებლივ დააწესონ აკრძალვა და მოხსენება გააკეთონ ამის შესახებ. სასწავლო დაწესებულებებთან კი მუდმივად პატრულირებს სამხედრო მანქანები, რომლებიც აკონტროლებენ, შევა თუ არა შენობაში მდედრობითი სქესის ადამიანი.
2023 წლის იანვარი
ყოფილი ავღანელი ქალი დეპუტატი, მურსალ ნაბიზადა, დაცვის ერთ-ერთ წევრთან ერთად, საკუთარ სახლში მოკლეს, - ინფორმაციას მედიასაშუალებები ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებენ.
ავღანეთი - ქვეყანა, რომელსაც მშვიდობა თითქმის არასოდეს უნახავს და რომელიც 1978 წლის შემდეგ სამოქალაქო ომის პირობებში ცხოვრობს. ცენტრალური აზიის ეს სახელმწიფო ერთ-ერთი უღარიბესია მსოფლიოში.
1978 წელს ქვეყანაში დაიწყო რევოლუცია. პრეზიდენტი მუჰამედ დაუდი საკუთარი ოჯახის წევრებთან ერთად ჩამოახრჩვეს. ხელისუფლებაში მოვიდა ავღანეთის სახალხო-დემოკრატიული კომუნისტური პარტია. 1978 წელს სსრკ-თან გაფორმდა ხელშეკრულება მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ, რასაც კონსერვატორული ისლამური ოპოზიციის წინააღმდეგობა მოჰყვა. სამხედრო დაპირისპირების გაძლიერებას მოჰყვა საბჭოთა ჯარების მიერ ავღანეთის ოკუპაცია 1979-1989 წლებში. უკანასკნელ წლებში ქვეყანა სამოქალაქო ომის ასპარეზად იქცა. ხელისუფლება პერიოდულად სხვადასხვა დაჯგუფებების ხელშია.
ავღანეთი 34 პროვინციისა და 421 რაიონისგან შედგება, მოსახლეობის რაოდენობამ კი 40 მილიონს გადააჭარბა, რომელთა დიდი ნაწილი სოფელში ცხოვრობს.
ხანგრძლივმა ომებმა მთლიანად მოშალა ეკონომიკა, რომლის საფუძველი ტრადიციულად სოფლის მეურნეობა იყო. ამჟამად ქვეყანა საგარეო ფინანსური დახმარებებით არსებობს.
მოძრაობა "თალიბანი“ 1994 წლის ზაფხულში ყანდაარში შეიქმნა, ავღანეთში მიმდინარე სამოქალაქო ომის დროს. თავდაპირველად თალიბანში გაწევრდნენ ომის ვეტერანები, ლტოლვილი პუშტუნები, რომლებმაც რელიგიური განათლება პაკისტანურ მედრესეში მიიღეს და მათ მხარს პაკისტანური სპეცსამსახურები უჭერდნენ. თალიბების იდეოლოგია მოიცავდა ისლამურ ფუნდამენტალიზმს ადგილობრივ პუშტუნურ ჩვეულებებთან ერთად. იმ დროს მათი მიზანი იყო ისლამური ნორმების აღდგენა, აგრეთვე მშვიდობის დაბრუნება ავღანეთში. მოძრაობას ომის ვეტერანი მოჰამედ ომარი მეთაურობდა.
სულ მალე თალიბებმა დაიკავეს ავღანეთის დიდი ნაწილი. 1996 წლის აპრილში ქალაქ ყანდაარში შედგა მუსლიმან თეოლოგთა კრება, სადაც მულა ომარი შერაცხეს "მართლმორწმუნეების მბრძანებლად“ და მოძრაობამ დაიწყო პრეზიდენტ ბურჰანუდინ რაბანის წინააღმდეგ ომი. იმავე წლის სექტემბერში თალიბებმა დაიკავეს ქალაქი ქაბული და ამ დროიდან დაწყებული 2001 წლამდე, ფაქტობრივად, ავღანეთის სახელმწიფოს განაგებდნენ.
მოძრაობა იღებდა მხარდაჭერას პაკისტანიდან, ხოლო 1996 წლიდან დაწყებული თანამშრომლობდა ოსამა ბინ ლადენთან, რომლისგანაც აგრეთვე იღებდა ფინანსურ მხარდაჭერას.
2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული აქტების შემდეგ, რომელსაც შეეწირა დაახლოებით 3 ათასი ადამიანი, თალიბებმა ბინ ლადენის გაცემაზე უარი განაცხადეს. ამასთან დაკავშირებით, 2001 წლის ოქტომბერში ნატოს ჯარისკაცებმა ანტითალიბანურ ძალებთან ერთად ავღანეთში დაიწყეს სამხედრო ოპერაცია, რომლის შედეგად თალიბანის ხელისუფლება ჩამოაგდეს.
თალიბანი მებრძოლები ფართო სპექტრის მებრძოლები არიან, ისინი ძირითადად მოქმედებენ მცირე ჯგუფებად. ერთმანეთთან დაკავშირებული არიან ნათესაური კავშირებით და რელიგიური აღმსარებლობით (მუსლიმი ფუნდამენტალისტები). მათი საბრძოლო მოქმედებები ძირითადად პარტიზანული ხასიათისაა, ხოლო მოქმედების არეალი არის ავღანეთი და პაკისტანი.
თალიბებს საკუთარი საიტი აქვთ, რომელიც პაშტოს, დარის, არაბულ, ურდუს და ინგლისურ ენებზე მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად თალიბების ვებ-გვერდს ავღანეთის ხელისუფლება ბლოკავს, საიტის ადმინისტრატორები, რომლებიც ავღანეთის გარეთ მუშაობენ ამ პრობლემას მალევე უმკვლავდებიან.
თალიბების მმართველობის პრინციპები, ისლამური შარიათის კანონების მკაცრ ინტერპრეტაციაზეა დაფუძნებული.
2021 წლის აგვისტოში, აშშ-ის მიერ თავისი ჯარის გაყვანის მომენტში, ავღანეთში თალიბანის მმართველობა დაბრუნდა - ეს ყველაფერი მსოფლიოსა და ამ რეგიონისთვის გადამწყვეტ დროს მოხდა.
გაეროს უშიშროების საბჭოს წევრების აბსოლუტურმა უმრავლესობამ მოუწოდა ავღანეთის ხელისუფლებას დაუყოვნებლივ გააუქმოს ყველა სადამსჯელო შეზღუდვა გოგონებისა და ქალების მიმართ.
ჰუმანიტარული დახმარების გამწევი ქალები გადამწყვეტ როლს ასრულებენ ავღანეთში მძიმე სიტუაციის მოგვარების დროს. ხშირად ისინი სასიცოცხლო დახმარებას უწევენ ქალებსა და გოგოებს. უშიშროების საბჭომ მოითხოვა, რომ ქაბულის ხელისუფლებამ ხელი არ შეუშალოს ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს და უზრუნველყოს მათ თანამშრომლებთან შეუფერხებელი წვდომა, განურჩევლად სქესისა.
გაეროში ბრიტანეთის ელჩმა ბარბარა ვუდვორდმა განაცხადა, რომ ჰუმანიტარულ ორგანიზაციებში ქალების მუშაობის აკრძალვის შედეგად, ორგანიზაციების 15%-მა შეაჩერა ყველა სამუშაო ავღანეთში, ხოლო 68%-მა მნიშვნელოვნად შეამცირა საქმიანობა. მან დასძინა, რომ ჰუმანიტარული დახმარება ქალების გარეშე შეუძლებელია.
გაეროს ბავშვთა ფონდის პროგნოზით, წელს 13,5 მილიონ ავღანელ ბავშვს დასჭირდება ჰუმანიტარული დახმარება, 875 ათასი ბავშვი მძიმე არასრულფასოვანი კვების ყოველდღიურ რეჟიმში ცხოვრობს.
აღსანიშნავია ისიც, რომ რუსეთმა და ჩინეთმა გაეროს უშიშროების საბჭოს ამ განცხადებას მხარი არ დაუჭირეს.
ავღანეთი კვლავ ძნელად პროგნოზირებად ქვეყანად რჩება, რომელიც დიდი სახელმწიფოების პოლიტიკაშია ჩართული. ის, თუ როგორი იქნება მომავლის ავღანეთი, უცნობია.
ენობრივი და ეთნიკური სიახლოვის გამო ლტოლვილი ავღანელების ძირითადი ნაკადები ირანში, პაკისტანსა და ტაჯიკეთში მიდის.
იძულებით გადაადგილებულ პირთა რიცხვი მუდმივად იზრდება: ყოველწლიურად ამ კატეგორიის მოქალაქეებს საშუალოდ 600 000 ადამიანი უერთდება. ავღანელები, რომლებიც იძულებულნი არიან დატოვონ თავიანთი სახლები და წავიდნენ სხვა პროვინციებში, უმეტეს შემთხვევაში საარსებო წყაროს გარეშე რჩებიან და კრიმინალურ ან ექსტრემისტულ სტრუქტურებს უერთდებიან.
არსებობს თუ არა მომავლის ავღანეთი? შეძლებენ თუ არა თალიბები საყოველთაო შიმშილისა და სიღატაკის აღმოფხვრას? პასუხი, რა თქმა უნდა, არ არსებობს.
იხილეთ ასევე:
ავტორი: ეკა დარჩიაშვილი