ავტორი:

უკვე ცნობილია ჩარლზ III-ისა და დედოფალ კამილას კორონაციის ოფიციალური გეგმა - როდის ჩატარდება და რატომ არ დადებენ ერთგულების ფიცს მეფის წინაშე სამეფო ჰერცოგები?

უკვე ცნობილია ჩარლზ III-ისა და დედოფალ კამილას კორონაციის ოფიციალური გეგმა - როდის ჩატარდება და რატომ არ დადებენ ერთგულების ფიცს მეფის წინაშე სამეფო ჰერცოგები?

ბუკინგემის სასახლემ გაავრცელა მეფე ჩარლზ III-ისა და დედოფალ კამილას კორონაციის ოფიციალური გეგმა. ცერემონია 6 მაისს დაიწყება და 8-მდე გაგრძელდება, კორონაციას მსოფლიო ვარსკვლავების კონცერტი გააფორმებს, რომელიც 7 მაისს გაიმართება.

ცერემონიის გეგმა ასეთია:

  • 6 მაისი: კორონაციის მსახურება ვესტმინსტერის სააბატოში, კორონაციის მსვლელობა და მეფე-დედოფლის ბუკინგემის სასახლის აივანზე გამოჩენა;
  • 7 მაისი: კონცერტი და ლაითშოუ უინძორის ციხესიმაგრეში; ქუჩის წვეულებები;
  • 8 მაისი: დამატებითი არდადეგები, Big Help Out-ის დახმარებით, დიდი ბრიტანეთის მოსახლეობა ადგილობრივად ჩაატარებს საქველმოქმედო ღონისძიებებს;
წმინდა ედუარდის გვირგვინი, რომლითაც მოხდება მეფე ჩარლზის კორონაცია, ისევე, როგორც ეს დედამისის შემთხვევაში მოხდა

კორონაციის ცერემონიას კენტერბერის არქიეპისკოპოსი ჩაატარებს. ჩარლზი და კამილა მსვლელობით ჩავლენ ბუკინგემის სასახლიდან ვესტმინსტერის სააბატოში და წირვის შემდეგ სასახლეში უფრო დიდი საზეიმო მსვლელობით დაბრუნდებიან, სამეფო ოჯახის სხვა წევრებთან ერთად, რასაც კორონაციის პროცესია ეწოდება.

ის, თუ რომელი შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას კორონაციის ცერემონიის ფარგლებში გასამართ კონცერტში, ჯერ კიდევ უცნობია.

კორონაციის ცერემონია ვესტმინსტერის საბატოში ტრადიციულად სავსე იქნება რელიგიური სიმბოლოებით და ასევე გვპირდებიან, რომ ეს იქნება მეტად სანახაობრივი ღონისძიება. ყველა დეტალი ჯერ ცნობილი არ არის, მაგრამ როგორც ამბობენ, ცერემონია იქნება უფრო მოკლე და მოკრძალებული, ვიდრე ეს ელისაბედ მეორის მეფედ კურთხევის შემთხვევაში იყო 1953 წელს. ასევე გახდა ცნობილი, რომ ჩარლზ მესამის გადაწყვეტილებით, ცერემონიიდან ამოიღეს რამდენიმე ტრადიციული მომენტი, მაგალითად, ერთგულების ფიცის დადება, რომლის დროსაც მონარქისთვის ერთგულება უნდა შეეფიცა სამეფო ოჯახის წევრ ყველა მამაკაცს, ანუ ყველა სამეფო ჰერცოგს... ეს არ შეეხება მეფის უფროს ვაჟს, უელსის პრინც უილიამს, რომელმაც მეფეს ერთგულება "სულითა და ხორცით" უნდა შეჰფიცოს.

ელისაბედ მეორის კორონაციას ესწრებოდა 8000 ადამიანი, ამჯერად, სავარაუდოდ, სტუმრების რაოდენობა ოთხჯერ ნაკლები იქნება. ასევე, ამბობენ, რომ ელისაბედის მეფედ კურთხევასთან შედარებით, გაცილებით ნაკლები იქნება ჩარლზის კორონაციისთვის გაწეული ხარჯი.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა