"ვივამედის" გენერალური დირექტორი ნინო ნადირაძემ აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ერთადერთი, რაც საყურადღებოა, არის წონა.
ამის შესახებ ნადირაძემ "იმედის" ეთერში ისაუბრა.
როგორც ნადირაძე აცხადებს, მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებს მასთან საკვების ის კალორაჟი არ მიაქვთ, რაც მისი გამოჯანმრთელებისთვის არის საჭირო.
"კატასტროფული ნიშნავს, როდესაც პაციენტს კრიტიკული მონაცემები აქვს - ლაბორატორიული, ინსტრუმენტული და ა.შ. ჩვენ არც კრიტიკული, არც სუბკრიტიკული არ გვაქვს. ერთადერთი, რაც ყურადსაღებია, ეს არის წონა, მაგრამ ჩვენ ამ წონას ვერასდროს დავიჭერთ, რადგან ელემენტარული ჩვენი ხვეწნა-მუდარაც, რომ თუნდაც საჭმლის ის კალორაჟი, რაც არის საჭირო მისი ჯანმრთელობისთვის, რომ მოიტანონ ოჯახის წევრებმა, ის კალორაჟიც კი არ მოაქვთ. გაბრაზებული ვარ",- განაცხადა ნადირაძემ.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილისთვის მიტანილი საკვები არის "ძალიან მწირი", რომელიც არ შეიძლება მიიტანო, როდესაც "ადამიანი ასე ცუდად იკვებება."
"მისთვის საჭიროა, რაც შეიძლება მრავალფეროვანი საკვები - კარგი სუნით, კარგი გემოთი. მაღაზიის მზა საკვები არ უნდა მოიტანო ამ დროს, ხომ? მე ნამდვილად ვიცი, როცა მასთან გემრიელი საკვები მოუტანიათ, მას მიურთმევია გემრიელად. დავიწუწუნებ... არ მჩვევია წუწუნი, მაგრამ...არ შეიძლება, როცა იცი, რომ მეტწილად კვებაზეა დამოკიდებული მისი გამოჯანმრთელება. 1000 კალორია მაინც მოიტანე. 500 - 600 - 700 კალორიის შესაბამისი საკვებით, რა თქმა უნდა, წონაში კლება იქნება და ამას ჩვენ ვერსად გავექცევით", - განაცხადა ნადირაძემ.
ნადირაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი მიღებულ საკვებს ითვისებს და "ეგებ რამე გემრიელი მოიტანონ".
კითხვაზე, "ოჯახი ხელს არ გიწყობთ?", "ვივამედის" დირექტორი პასუხობს:
"არავის ხელს არ დავადებ, ენდოკრინოლოგი ითხოვს, მკურნალი ექიმი ითხოვს, რომ ცოტა მრავალფეროვანი საკვები მოიტანონ, მადის აღმძვრელი სუნებით, კარგი",- განაცხადა ნადირაძემ და დასძინა, რომ ამ დროს "მაღაზიის ცივი საკვები მოაქვთ".
ნადირაძის თქმით, ვერ იტყვის, რომ "დედას არ უნდა შვილმა კარგად ჭამოს", უბრალოდ, ფაქტზე საუბრობს.
ასევე იხილეთ: