ამერიკელი სენატორები - ლინდსი გრეჰემი, რიჩარდ ბლუმენტალი და შელდონ უაიტჰაუსი, როგორც აშშ-ს, ასევე გერმანიას მოუწოდებენ, უკრაინაში ტანკები გაგზავნონ.
ლინდსი გრეჰემის ოფისის ინფორმაციით, ლინდსი გრეჰემი, რიჩარდ ბლუმენტალი და შელდონ უაიტჰაუსი უკრაინას სტუმრობდნენ და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და მთავრობის სხვა წარმომადგენლებს შეხვდნენ.
„ჩვენ სამივეს, ერთ რესპუბლიკელსა და ორ დემოკრატს ერთი და იგივე მიზანი გვაქვს - უკრაინამ უკრაინიდან რუსები განდევნოს. ამ მიზნის მისაღწევად უკრაინელ სამხედროებს ტანკები სჭირდებათ. დავიღალე შოუებით იმასთან დაკავშირებით, ვინ აპირებს ტანკების გაგზავნას და როდის აპირებს მათ გაგზავნას. პუტინი ცდილობს, იარაღის ძალით გადაწეროს ევროპის რუკა. მსოფლიო წესრიგი საფრთხის ქვეშ დგას”,- აღნიშნულია სენატორი გრეჰემის განცხადებაში.
მისი თქმით, ტანკები საჭიროა იმისთვის, რომ პუტინი უკრაინაში დამარცხდეს.
„გერმანელებს: გაგზავნეთ ტანკები უკრაინაში, რადგან მათ ის სჭირდებათ! უკრაინაში პუტინის დამარცხება თქვენს ეროვნულ ინტერესებშია. ბაიდენის ადმინისტრაციას: გაგზავნეთ ამერიკული ტანკები, რათა სხვებმა მიბაძონ ჩვენს მაგალითს“, - აცხადებს ამერიკელი სენატორი.
შეგახსენებთ, გუშინ გერმანიაში „რამშტაინის“ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე უკრაინისთვის ტანკების გადაცემაზე ვერ შეთანხმდნენ.