საგარეჯოში უდიდესი ტრაგედია დატრიალდა მას შემდეგ, რაც საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან სროლა ატყდა. შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამართალდამცველი. ასევე დაჭრილია რამდენიმე პირი, მათგან ერთი კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადმოიყვანა. მისი მდგომარება მძიმეა. როგორც გაირკვა, პირი, რომელმაც სროლა ატეხა, ყოფილი სამხედრო ნოდარ ათუაშვილი იყო. მან, გავრცელებული ინფორმაციით, სპეცოპერაციის დაწყებამდე თავი მოიკლა.
49 წლის ათუაშვილი თავდაცვის სამინისტროში 2006-2021 წლებში მუშაობდა, ნამყოფია ავღანეთის მისიაშიც.
"თავდაცვის სამინისტროში 2006 წლიდან მუშაობდა. ოპერატიული ინფორმაციით, რომელიც დაგვიდასტურეს, 2021 წელს დატოვა სამხედრო სამსახური. ავღანეთის მისიაშიც ნამყოფია. რა მოხდა, არავინ იცის“, - განუცხადა ჟურნალისტებს დანაშაულის ადგილას ჩასულმა შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ათუაშვილს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და შესაბამის მკურნალობასაც გადიოდა.
49 წლის მამაკაცი მეუღლესთან გაშორებული იყო და მასთან შვილი სტუმრად მიდიოდა ხოლმე. მისი მეზობლები AMBEBI.GE-ს უყვებიან, რომ ათუაშვილი სოფელ მანავიდან იყო და საგარეჯოში ქირით ცხოვრობდა.
"ნოდარ ათუაშვილი სოფელ მანავიდანაა, აქ ქირით ცხოვრობდა. ის მეუღლესთან გაშორებული იყო და მამას შვილი დროდადრო სტუმრობდა. ნოდარი ავღანეთში მსახურობდა, როგორც ჩანს, ომში ფსიქიკა დაუზიანდა. წუხელ, როცა ეს ამბავი დაატრიალა, არ ვიცით მთვრალი იყო, თუ ფხიზელი. ჩვენი კორპუსი კლინკა "ჯეო ჰოსპიტალის" მახლობლადაა, ამბობენ, თითქოს სასწრაფო დახმარების სირენებმა გააღიზიანაო.
თავდაპირველად აივნიდან რაღაცეების გადმოყრა დაუწყია, მერე ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი უსვრია. მეზობლებს ეგონათ, ბავშვები პიროტექნიკას აფეთქებდნენ ეზოში, მაგრამ მერე ავტომატის ხმა და ადამიანების ყვირილი რომ გავიგეთ, მივხვდით, ცუდად იყო საქმე. ნოდარმა კორპუსის წინა მხარეს დაიწყო სროლა, იქ მდგარი ორი ბიჭი დაჭრა, მერე უკანა მხარეს გავარდნილა და მეორე აივნიდან უსვრია. ამ დროს დაჭრა მაღაზია "იოლის" გამყიდველიც. იმისთანა კარგი ბიჭები დახოცა, 18-20 წლისები იქნებოდნენ, ყველაზე უფროსი 32-ისა.
ვინც დაჭრილების დასახმარებლად ჩავიდა, იმ ხალხსაც დაუშინა ავტომატი. ამ დროს მოკლა პოლიციელი და მერე თავიც მოიკლა, საშინელი რამ დატრიალდა, აქამდე შოკიდან ვერ გამოვსულვართ. მთელი საგარეჯო შეძრულია", - გვიყვებიან ადგილობრივები.
მანავში ჰყვებიან, რომ მას შემდეგ, რაც ნოდარ ათუაშვილი სოფლიდან წავიდა, მასთან ურთიერთობა არ ჰქონიათ.
"სახლში სანადირო დანებს აკეთებდა, ისიც ვიცი, რომ "მაკაროვი" ჰქონდა გაფორმებული. რაც საგარეჯოში წავიდა, კონტაქტი არ გვქონია. ავღანეთშიც არის ნამყოფი. სულ ჯარში იყო და იარაღი რომ ჰქონოდა სახლში, არც გამიკვირდებოდა. დედამისი მცხეთის მონასტერშია მონაზვნად", - ამბობენ მანაველები.