ავტორი:

"25 უდანაშაულო ადამიანის მოკვლას ჭადრაკის ფიგურების მოცილებად აღიქვამს და დანაშაულის გრძნობაც არ აწუხებს" - ირანი პრინც ჰარის სამხედრო დანაშაულის ჩადენაში სდებს ბრალს

"25 უდანაშაულო ადამიანის მოკვლას ჭადრაკის ფიგურების მოცილებად აღიქვამს და დანაშაულის გრძნობაც არ აწუხებს" - ირანი პრინც ჰარის სამხედრო დანაშაულის ჩადენაში სდებს ბრალს

ირანის ხელისუფლება პრინც ჰარის სამხედრო დანაშაულის ჩადენაში სდებს ბრალს. საქმე ეხება ჰარის მემუარებს, სადაც ჰარი წერს, რომ ავღანეთში "თალიბანის" 25 მებრძოლი მოკლა.

ირანის მთავრობაში მიიჩნევენ, რომ ამით ბრიტანელმა პრინცმა ომის დანაშაული ჩაიდინა. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ წიგნიდან ამონარიდები დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებაზე თავდასხმისთვის გამოიყენა.

"ბრიტანულ რეჟიმს, რომლის სამეფო ოჯახის წევრიც 25 უდანაშაულო ადამიანის მოკვლას ჭადრაკის ფიგურების მოცილებად აღიქვამს და დანაშაულის გრძნობაც არ აწუხებს და ასევე იმ ადამიანებს, რომლებიც ამ ომის დანაშაულზე თვალს ხუჭავენ, არანაირი უფლება აქვთ, რომ სხვებს ადამიანების უფლებებზე ლექციები უკითხონ“, - წერს ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო "ტვიტერზე."

  • აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა ავღანეთში ბრიტანული ძალების ყოფილი მეთაური, პოლკოვნიკი რიჩარდ კემპი და თქვა, რომ ირანს არავის გაკრიტიკების უფლება არ აქვს, თუმცა ჰარიმ, იმის გამო, რომ ირანს ბრიტანეთზე თავდასხმის საბაბი მისცა, პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.

გარდა ამისა, ბრიტანეთში მიიჩნევენ, რომ ჰარის მემუარებს ირანში თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის, ალირეზა აკბარის სიკვდილით დასჯის გასამართლებლად იყენებენ. აკბარი ბრიტანეთის მოქალაქე იყო და მას ირანში, ჯაშუშობის ბრალდებით, სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანეს.

ირანის რეჟიმი თავიანთი ხალხის მიმართ სასტიკად მოპყრობასა და მსოფლიოს გარშემო უდანაშაულო მოქალაქეების მკვლელობაშია დამნაშავეა. ისიც კრიმინალური ქმედებაა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომში რუსეთს უჭერენ მხარს. ჰარიზე თავდასხმა იმას ამტკიცებს, რომ ისინი ალირეზა აკბარის სიკვდილით დასჯის გადაწყვეტილების გამართლებას ცდილობენ. მაგრამ ამავე დროს, ჰარიმ პასუხისმგებლობაც უნდა აიღოს იმისთვის, რომ მსოფლიოს უძლიერეს ტერორისტულ მთავრობას ბრიტანეთზე თავდასხმის მიზეზი მისცა, - ამბობს რიჩარდ კემპი.

ცნობისთვის, პრინცი ჰარი თავის წიგნში, "Spare", წერს, რომ 2008-2012 წლებში, ავღანეთში მსახურობისას, "თალიბანის" 25 მებრძოლი მოკლა. ჰარი ამგვარი ინფორმაციის გასაჯაროებისთვის ბრიტანულმა მედიამაც გააკრიტიკა, თუმცა როგორც პრინცმა განმარტა, ასე იმიტომ მოიქცა, რომ სურდა ვეტერანებს თავი უკეთ ეგრძნოთ, არ გასჭირვებოდათ თავიანთი გამოცდილების გაზიარება და თვითმკვლელობის ფაქტები, რომელიც მათ შორის ასე მოხშირებულია, შეემცირებინა.

წყარო: thesun

მოამზადა: ანა სიბოშვილმა