ქართველი მოკრივე გიორგი ყუშიტაშვილი, რომელიც რუსეთის ნაკრებიდან სამართალდამცავებთან კონფლიქტის გამო წამოვიდა, ოლიმპიადაზე მონაწილეობის მიღებას საქართველოს სახელით აპირებს.
გიორგი ყუშიტაშვილი 1995 წლის 17 ნოემბერს, გორში დაიბადა. 3 წლამდე ყუშიტაშვილები საქართველოში ცხოვრობდნენ, შემდეგ რუსეთში, კერძოდ კი ბურიატიაში გადავიდნენ.
"90-იანები რთული პერიოდი, გაჭირვება იყო. ადამიანებს, როგორც შეეძლოთ, ისე შოულობდნენ ფულს. ბევრი ქართველი მიდიოდა რუსეთში და სხვადასხვა რეგიონში სახლდებოდა. ჩვენი ოჯახიდან ჯერ მამა წავიდა. 2 წელიწადში კი ჩვენც გადავედით. მამა თავიდან ხეზე მუშაობდა, შემდეგ მესაქონლეობას მიჰყო ხელი. ახლა კარგად აქვს საქმე. 2500-მდე სული ჰყავს და საკმაოდ მსხვილი ფერმერია", - ამბობს მოკრივე.
გიორგი სპორტს ბაბუამ აზიარა - 6-7 წლის ასაკში ის კრივის სექციაზე ჩაწერა, თუმცა, როგორც თავად ყუშიტაშვილი ამბობს, ის კალათბურთით და ჭიდაობით უფრო იყო გატაცებული. მეტიც, თავდაპირველად, ჭიდაობაზე და კრივზე თანაბრად აქტიურად დადიოდა, ბოლოს მწვრთნელმა ულტიმატუმი წაუყენა - ან კრივი, ან ჭიდაობაო და გიორგიმაც კრივი აირჩია.
აღსანიშნავია, რომ გიორგის უფროსი ძმაც კრივით იყო გატაცებული, თუმცა თითები დაიზიანა და სპორტისთვის თავის დანებება მოუწია.
სკოლის პერიოდს ყუშიტაშვილი შემდეგნაირად იხსენებს:
"რთული ბავშვი ვიყავი, დედას ხშირად იბარებდნენ სკოლაში. არც ვსწავლობდი. ორი საგანი მიყვარდა მარტო - მათემატიკა და ფიზკულტურა. სხვა სკოლაში სცადეს ჩემი გადაყვანა, მაგრამ არცერთი არ მიღებდა.”
გიორგის უფროსი ძმა ილია უბედურ შემთხვევას შეეწირა. "ის მანქანას რეცხავდა, როცა დენმა დაარტყა და ადგილზე გარდაიცვალა. მამამ ის საქართველოში გადაასვენა და მის სახელზე ეკლესიაც ააშენა", - ამბობს გიორგი.
2020 წლის 1 - ელ თებერვალს გიორგი, მეგობართან ერთად, ბარში იმყოფებოდა, საიდანაც ისინი ტაქსით სხვა უბანში წავიდნენ და ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში შევიდნენ, სადაც, პოლიციის მტკიცებით, თითქოს ნარკოტიკის ასაღებად მივიდნენ...
“ვიდექი ლიფტთან და დავინახე, რომ "როსგვარდიელები" მორბოდნენ, ისინი ვერ მხედავდნენ... დავუძახე მეგობარს, რომ მალე წამოსულიყო, არ ვიცოდი, რა ხდებოდა. პოლიციელებმა ჩემს წინ ჩაირბინეს და ჩემს მეგობარს მივარდნენ, სილა გააწნეს და აგრესიულ ქმედებებზე გადავიდნენ. მივედი და ვცადე სიტუაციის განმუხტვა, თუმცა ერთ-ერთმა იარაღი მომიშვირა და მითხრა, რომ ხელები მაღლა ამეწია. გავშეშდი და ხელები ავწიე, თუმცა ერთ-ერთმა ჯაჯგური დამიწყო. ვიგრძენი, რომ საფრთხე ახლოვდებოდა და უნდა მემოქმედა, ერთი-ორი მოვარტყი და ის დაეცა. ვიფიქრე, რომ მეორესაც მივცხებდი და გავიქცეოდით, თუმცა ამ მეორემ მეგობარს იარაღი დაუმიზნა და მეც გავჩერდი. დანარჩენი პოლიციელებიც მოვიდნენ და ხელბორკილი დამადეს, შემდეგ კი ცემა დამიწყეს. ვიჯექი და ისე მირტყამდა ერთ-ერთი. ვეუბნებოდი, გამიხსენით ხელები და ყველა მოდით, მარტო გეჩხუბებით - მეთქი, მაგრამ არ მისმენდნენ. საბოლოოდ, შიდაპატიმრობით გავთავისუფლდი.
მოსამართლემ თქვა, - თუ გინდათ გავუშვა, მხოლოდ მწვრთნელთან სახლში უნდა მოიხადოს შიდა პატიმრობაო. 2- ოთახიან ბინაში ვცხოვრობდი მწვრთნელთან და ვვარჯიშობდი იქვე. ზუსტად ამ პერიოდში შევიცნე კრივი.
ამ ამბის შემდეგ მამამ მკითხა, - ნარკომანი ხარო? - ვუპასუხე, იყო ადრე რაღაც შემთხვევები, მაგრამ ახლა აღარ, სუფთა ვარ-მეთქი, დამიჯერა", - ყვება გიორგი.
თავად ყუშიტაშვილი ამ ინციდენტის მადლობელია, რადგან მიიჩნევს, რომ ღმერთმა განსაცდელი მოუვლინა და რთული გზით ატარა, რომელიც ღირსეულად დაძლია.
მიუხედავად იმისა, რომ გიორგიმ პირობითი პატიმრობა მოიხადა, რუსეთის კრივის ნაკრებში მის აღდგენას არ ჩქარობდნენ. პარალელურად კი არაერთ ტურნირზე გამოდიოდა და უმაღლეს შედეგებს აჩვენებდა.
"დრო გადიოდა, რუსეთის ჩემპიონებთან სხვადასხვა ტურნირებზე ვიმარჯვებდი, მაგრამ ნაკრებში არ მიწვევდნენ. საბოლოოდ, ფედერაციას და ოლიმპიურ კომიტეტს შევუთანხმდი, რომ გავეთავისუფლებინე და უფლება მოეცათ, რომ საქართველოს სახელით შემძლებოდა ასპარეზობა.
წამოვედი საქართველოში. მოვხვდი ეგრევე შეკრებაზე, წავედით რუმინეთში და ტურნირი მოვიგე, შემდეგ ევროპის ჩემპიონატი იწყებოდა. ჩემი მწვრთნელიც ჩამოვიდა და ის მეხმარებოდა, ევროპის ჩემპიონატი მოვიგეთ".
ყუშიტაშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოში ბევრი ამბიციური, სულიერად მტკიცე სპორტსმენები არიან. თუმცა არსებობს პრობლემები, რომელიც შედეგებს აფერხებს, ასევე სირთულეებია დაფინანსების საკითხშიც. რუსეთის ნაკრებში შეკრება სამი კვირა გრძელდება, საქართველოში კი -12 დღე. ამ 12 დღეში სპორტსმენებმა სწორი დატვირთვა და ფორმის გაუმჯობესება უნდა მოასწრონ. ყუშიტაშვილი აღნიშნავს, რომ ბორჯომში, სადაც შეკრება მიმდინარეობდა, საჭიდაო დარბაზში ვარჯიშობდნენ, სადაც კრივის რინგიც კი არ დგას.
"8-9 თვეა, რაც საქართველოს ნაკრებში ვარ. ხელფასი დღემდე არ მაქვს. 33 წელიწადი საქართველოს ევროპის ჩემპიონი არ ჰყოლია, ჩავედი, გავხდი ჩემპიონი (2022 წლის ევროპის ჩემპიონატზე, ოქროს მედალი კიდევ 2-მა ქართველმა საჰილ ალახვერდოვმა და არიუშ გომციანმა მოიპოვეს), მაგრამ ხელფასი არ მაქვს. თუმცა 150-დოლარიანი პენსია დამენიშნა, რომელიც ცხოვრების ბოლომდე მექნება", - ამბობს მოკრივე.
"ქართველებს კრივში ერთი ოლიმპიური ჩემპიონიც არ გვყავს. ჩემი ოცნებაა, რომ პირველი გავხდე. ეს ჩემი ოცნებაა. დღესვე შემიძლია ამერიკაში წასვლა და პროფესიონალ კრივში ასპარეზობა. ასე დღევანდელთან შედარებით უამრავ ფულს გამოვიმუშავებ, მაგრამ, მინდა, რომ ოლიმპიადა მოვიგო. მინდა, ეს საქართველოს და იმ ხალხის გამო გავაკეთო, ვისაც ჩემი სჯერა და მთელი ეს პერიოდი გვერდში მიდგანან“.
ყუშიტაშვილი ხშირად რუსეთში მიემგზავრება და რუსეთის კრივის ნაკრებთან ვარჯიშობს, მისი მწვრთნელები და სპარინგ-პარტნიორები იქ იმყოფებიან. მოკრივე აღნიშნავს, რომ რუსეთისთვისაც სურს სიკეთის გაკეთება, რადგან იქ გაიზარდა, იქ ისწავლა კრივი...
ცნობისთვის, შემდეგი ოლიმპიადა პარიზში, 2024 წელს ჩატარდება.