ავტორი:

რატომ არის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია  გადამწყვეტი კვლევა და ვის აქვს შეზღუდვა მის ჩატარებაზე? - ინტერვიუ ექიმ-რადიოლოგ ზურაბ სირაძესთან

რატომ არის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია  გადამწყვეტი კვლევა და ვის აქვს შეზღუდვა მის ჩატარებაზე? - ინტერვიუ ექიმ-რადიოლოგ ზურაბ სირაძესთან

მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRT) ხშირად გადამწყვეტია სხვადასხვა დაავადების გამოვლენასა და მათი განვითარების პრევენციისთვის. MRT კვლევით შესაძლებელია დაავადების დროული დიაგნოსტირება და შესაბამისი მკურნალობის ჩატარება, რაც პაციენტებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

როგორც „ჯეო ჰოსპიტალსის“ თბილისის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის ექიმი-რადიოლოგი ზურაბ სირაძე განმარტავს, SIEMENS-ის მიერ წარმოებული თანამედროვე გერმანული 3 Tesla სიმძლავრის ტომოგრაფი MAGNETOM Lumina, რომლითაც კლინიკამ პაციენტების მომსახურება ახლახან დაიწყო, ექიმს უფრო დეტალურ სურათს აძლევს.

საინტერესოა, რა თავისებურებები ახასიათებს MRT-ს, რა შემთხვევაში ინიშნება ის და ვისთვის არ არის რეკომენდებული? ამის შესახებ დეტალურად გვესაუბრა ექიმი-რადიოლოგი ზურაბ სირაძე, რომელსაც MRT კვლევებში 32-წლიანი გამოცდილება აქვს:

რით არის გამორჩეული SIEMENS-ის წარმოების MRT დანადგარი და „ჯეო ჰოსპიტალსის“ თბილისის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის რადიოლოგიური დეპარტამენტი?

მაღალი კვალიფიკაციის რადიოლოგთა ჯგუფი, უახლესი სამედიცინო აპარატურა და კომფორტული გარემო საშუალებას იძლევა, პაციენტს უმოკლეს ვადაში მივაწოდოთ მაღალი ხარისხის კვლევის შედეგები, რაც მომსახურების სისწრაფითაც გამოგვარჩევს.

არსებული 3 Tesla სიმძლავრის MAGNETOM Lumina დანადგარს ულტრათანამედროვე პროგრამული უზრუნველყოფა აქვს, დეტალური კვლევის საშუალებას იძლევა. ასევე, ის გათვლილია ჭარბწონიან პაციენტებზე, შემცირებულია კვლევის ხანგრძლივობა და თანმხლები ხმაური, რაც უფრო კომფორტულ გარემოს ქმნის.

რა შემთხვევაში ინიშნება მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია?

MRT კვლევა პრიორიტეტულია ნევროლოგიური პროფილის პაციენტებისთვის, ასევე, მაღალი ინფორმაციულობით გამოირჩევა სომატური პროფილის პათოლოგიებისა და სახსრების კვლევისას.

საინტერესოა, ვისთვის არ არის რეკომენდებული MRT კვლევის ჩატარება?

MRT კვლევა არ არის რეკომენდებული ისეთი პაციენტებისთვის, რომელთაც ორგანიზმში აქვთ რაიმე მეტალის იმპლანტი, განსაკუთრებით სისხლძარღვებზე და გულზე ჩატარებული აქვთ ქირურგიული ოპერაცია, პროთეზირებული აქვთ სახსარი და სხვა.

რაც შეეხება ორსულებს, მაგნიტო-რეზონანსულ ტომოგრაფიაზე გარკვეული შეზღუდვაა პირველ ტრიმესტრში, შემდეგ აღარ, თუმცაღა, როდესაც სასიცოცხლო ჩვენებაზეა საუბარი, ექიმი გადაწყვეტილებას ინდივიდუალურად იღებს.

რა სიხშირით შეიძლება აღნიშნული კვლევის ჩატარება და აქვს თუ არა მას რაიმე უარყოფითი მხარე? მაგალითად, დასხივება...

კვლევის ჩატარების სიხშირესთან დაკავშირებით შეზღუდვა არ არსებობს, რადგან მას არ ახასიათებს არანაირი დასხივება იმის გამო, რომ არ არის დაკავშირებული იონიზაციასთან. MRT პაციენტისთვის აბსოლუტურად უვნებელი კვლევაა.

რა განსხვავებაა მაგნიტო-რეზონანსულ ტომოგრაფიასა და კომპიუტერულ ტომოგრაფიას შორის?

გარკვეული დაავადებების შემთხვევაში, კომპიუტერული ტომოგრაფიით არ არის შესაძლებელი იმ დაზიანების აღმოჩენა, რომელსაც MRT-ს მეშვეობით ვიპოვით.

ზოგიერთ სიტუაციაში კი კომპიუტერული ტომოგრაფია უფრო მარტივი გასაკეთებელია, რადგან შედარებით ხანმოკლე პროცესია, თუმცა ზოგადად, MRT უფრო ინფორმაციული კვლევაა.

მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია პაციენტებისთვის გარკვეულ დისკომფორტთან არის დაკავშირებული. რა მექანიზმებით ცდილობს „ჯეო ჰოსპიტალსის“ გუნდი აღნიშნული დისკომფორტის შემსუბუქებას?

MRT კვლევის ჩატარებას საშუალოდ 20-25 წუთი სჭირდება. პაციენტისთვის აღნიშნული ხანგრძლივობა და ხმაური ხშირად დამაბრკოლებელი ფაქტორია, თუმცა დღეს არსებობს ისეთი დამხმარე საშუალებები, მაგალითად, ყურსასმენები, რომლითაც კვლევის ჩატარება სასიამოვნო მუსიკალური ფონის თანხლებით არის შესაძლებელი, რაც პროცესს უფრო კომფორტულს ხდის. დანადგარს ასევე მოჰყვება სხვადასხვა აქსესუარი, რაც მას აღნიშნულ პროცესს კიდევ უფრო შეუმსუბუქებს. რიგ შემთხვევებში, MRT ანესთეზიითაც კეთდება, როცა პატარა ბავშვებთან ან რთულ პაციენტებთან გვაქვს საქმე.

აღსანიშნავია, რომ „ჯეო ჰოსპიტალსის“ თბილისის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში მოქმედებს სპეციალური აქცია, რომლის ფარგლებშიც ერთი სისტემის სტანდარტული ბირთვულ მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიული კვლევის მიღება 295 ლარად არის შესაძლებელი.

განსაკუთრებული შეთავაზება მოქმედებს დევნილებისთვისა და სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირთათვის: ერთი სისტემის სტანდარტული ბირთვულ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიული კვლევა 450 ლარის ნაცვლად 250 ლარია. დამატებითი დეტალების შესახებ ინფორმაციის მისაღებად მისწერეთ „ჯეო ჰოსპიტალსის“ ფეისბუქ გვერდს ან შეამოწმეთ ვებგვერდი.