ავტორი:

სიცილიაზე "კოზა ნოსტრას" ყველაზე მოუხელთებელი ბოსი დააკავეს - რა უმძიმეს დანაშაულებში ედება ბრალი მატეო მესინა დენაროს და როგორ დაიგეგმა სპეცოპერაცია?

სიცილიაზე "კოზა ნოსტრას" ყველაზე მოუხელთებელი ბოსი დააკავეს - რა უმძიმეს დანაშაულებში ედება ბრალი  მატეო მესინა დენაროს და როგორ დაიგეგმა სპეცოპერაცია?

სიცილიაზე, მაფიის ყველაზე მოუხელთებელი ბოსი, მატეო მესინა დენარო, 30-წლიანი დევნის შემდეგ, დააპატიმრეს. მესინა დენარო სიცილიური "კოზა ნოსტრას“ ბოსია და პოლიცია მასზე 1993 წლიდან ნადირობდა. მესინა დენარო, მაფიის უმაღლეს ავტორიტეტებს შორის იყო რიგით მესამე და ბოლო მაფიოზი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ახერხებდა პატიმრობის თავიდან აცილებას.

60 წლის ძებნილი, სიცილიის დედაქალაქ პალერმოში, კერძო საავადმყოფოში დააკავეს. იტალიური საინფორმაციო სააგენტოების თქმით, მაფიის ბოსს სიმსივნე აწუხებს, რის გამოც ის კლინიკას რეგულარულად სტუმრობდა. ეს პოლიციამ იცოდა და ოპერაციის წინა ღამით, მათ კლინიკაში ოფიცრები შეგზავნეს, რათა სხვა პაციენტების უსაფრთხოებაზე ეზრუნათ. დაკავების შემდეგ, პოლიციამ, მესინა დენარო საიდუმლო ადგილას გადაიყვანა.

მაფიოზის დაკავებას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონიც გამოეხმაურა. მან მადლობა გადაუხადა სამართალდამცავებს და სპეცოპერაცია მთავრობის "დიდ გამარჯვებად“ აღიარა.

1992 წელს, ანტიმაფიის პროკურორების, ჯოვანი ფალკონესა და პაოლო ბორსელინოს მკვლელობებში მონაწილეობისთვის, მესინა დენაროს დაუსწრებლად მიესაჯა სამუდამო პატიმრობა. მას სამუდამო პატიმრობა ემუქრება ასევე ფლორენციაში, რომსა და მილანში მოწყობილ აფეთქებებში მონაწილეობისთვის, რამაც 1993 წელს 10 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

როგორც ირკვევა, მან 1993 წელს, 12 წლის ბიჭუნას გატაცების ორგანიზებაშიც მიიღო მონაწილეობა, რათა ბიჭის მამას პროკურორებისთვის მაფიის საწინააღმდეგო სამხილები არ გადაეცა. 12 წლის ბიჭი 2 წლის განმავლობაში ჰყავდათ მაფიოზებს ტყვეობაში, ვიდრე საბოლოოდ არ დაახრჩეს და მისი სხეული მჟავით არ დაშალეს.

მაფიის ბოსების ბოსი სალვატორე "ტოტო“ რიინას დაკავებიდან 30 წლის შემდეგ მოახერხა პოლიციამ მესინას დაჭერა.

"ეს ისტორიული მნიშვნელობის მოვლენაა“, - განაცხადა ჯან კარლო კასელმა, რომელიც "ტოტოს“ დაკავების დროს პროკურორი გახლდათ. მიუხედავად ამ წარმატებისა, კასელი გაფრთხილებასაც იძლევა და ამბობს, რომ ბოსების დაკარგვის მიუხედავად, სიფრთხილეა საჭირო, რადგან "კოზა ნოსტრას“ გადაჯგუფება და გადარჩენა ეხერხება.

წყარო: theguardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა