დღეს სრულიად საქართველო შეძრა თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში დატრიალებულმა ტრაგედიამ. ლიფტის შახტაში ჩავარდნის შედეგად ახალგაზრედა ცოლ-ქმარი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ლიფტი გამოიძახეს, თუმცა, კარი ისე გაიხსნა, რომ ლიფტის კაბინა იმ სართულზე არ იყო. მამაკაცი შახტაში ჩავარდა, მის დახმარებას მეუღლე ცდილობდა, რა დროსაც ლიფტი დაიძრა და ორივე გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, რომ უბედური შემთხვევა მათი მცირეწლოვანი შვილის და ასევე გარდაცვლილის მამიდის თვალწინ მოხდა. სწორედ მათ მიმართეს მომხდარის შემდეგ დასახმარებლად მეზობელს. ცნობილი ხდება, რომ ოჯახი ახალი წლის აღსანიშნავად სტურად მიდიოდა, რა დროსაც ტრაგედია მოხდა. ახალგაზრდა ცოლ-ქმრის ცხედრები პროზექტურაშია გადასვენებული.
გარდაცვლილები წლამდე ასაკის ცოლ-ქმარი 36 წლის სარქისოვი არმენი და 32 წლის ვოსკანიანი არმინე არიან.
ისნის რაიონის გამგებლის, ნიკა ელისაშვილის განცხადებით, კორპუსის მოსახლეობას, სადაც რამდენიმე საათის წინ, უბედურ შემთხვევას ცოლ-ქმრის სიცოცხლე ემსხვერპლა, ლიფტის გაუმართაობასთან დაკავშირებით გამგეობისთვის მიმართული არ ჰქონია.
ელისაშვილის განმარტებითვე, კორპუსის „ამხანაგობისგან“გამგეობაში ბოლო განცხადება 2021 წელს არის შესული, სადაც ლიფტი არც კი არის ნახსენები.
"პირველ რიგში, გარდაცვლილების ოჯახის წევრებს მინდა მივუსამძიმრო, საშინელი ტრაგედია დატრიალდა, სიტყვებით ამის გადმოეცემა ძალიან რთულია. რაც შეეხება თვითონ სიტუაციას, როგორ მოხდა ამ ადამიანების გარდაცვალება, ამაზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ და ვერ გეტყვით, შეცდომაში რომ არ შეგიყვანოთ.
რამდენიმე ვერსიაზე მიდის საუბარი და მსჯელობა. სამწუხაროდ, ბოლო ინფორმაციით, პირველი სართულის შახტიდან მოხდა ორივე გარდაცვლილის ამოსვენება.
ლიფტთან დაკავშირებით, „ამხანაგობას“, მოსახლეობას მომართვიანობა არ ჰქონია, ბოლო მომართვა 2021 წელს ფიქსირდება, იმ მომართვიანობაში სამწუხაროდ, ლიფტი არსად არ არის ნახსენები. იმ მომართვიანობის, რაც გამგეობაში შემოვიდა, ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილებულია, სხვა დამატებითი ახალი საკითხი და დეტალი არ შემოსულა, არც ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ლიფტი შესაძლებელი იყო, ავარიულ მდგომარეობაში ყოფილიყო“, - განაცხადა ნიკა ელისაშვილმა.
რაც შეეხება ადგილობრივების მოსაზრებებს, როგორც მათ “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, ცოლ-ქმრის გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, მოძველებულმა ლიფტმა გამოიწვია.
მათი თქმით, წყვილი კორპუსში საცხოვრებლად სულ 3 წლის გადასული იყო. მათ მცირეწლოვანი შვილი დარჩათ.
"ლიფტის კარი როცა გაიხსნა, სავარაუდოდ, არ იყო მოსული. როგორც ამბობენ, შახტაში ჯერ კაცი ჩავარდა, რომლის დახმარებასაც ქალი ცდილობდა. ამასობაში კი, ორივე მათგანი ლიფტმა ჩაიტანა. ლიფტი იყო თუ არა მწყობრიდან გამოსული ვერ გეტყვით, გვერდით კორპუსში ვცხოვრობ, მაგრამ 50 წლის ბინებია, მოძველებულია მათ შორის ლიფტებიც”, - აცხადებს ადგილობრივი.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
ნახეთ ასევე: