ავტორი:

"ამ კორპუსიდან  ბოლო მომართვა 2021 წელს ფიქსირდება, თუმცა იქ ლიფტის გაუმართაობა ნახსენები არ არის" - ისნის რაიონის გამგებელი ვაზისუბანში მომხდარ ტრაგედიაზე

"ამ კორპუსიდან  ბოლო მომართვა 2021 წელს ფიქსირდება, თუმცა იქ ლიფტის გაუმართაობა ნახსენები არ არის" - ისნის რაიონის გამგებელი ვაზისუბანში მომხდარ ტრაგედიაზე

ისნის რაიონის გამგებლის, ნიკა ელისაშვილის განცხადებით, კორპუსის მოსახლეობას, სადაც რამდენიმე საათის წინ, უბედურ შემთხვევას ცოლ-ქმრის სიცოცხლე ემსხვერპლა, ლიფტის გაუმართაობასთან დაკავშირებით გამგეობისთვის მიმართული არ ჰქონია.

ელისაშვილის განმარტებითვე, კორპუსის „ამხანაგობისგან“გამგეობაში ბოლო განცხადება 2021 წელს არის შესული, სადაც ლიფტი არც კი არის ნახსენები.

„პირველ რიგში, გარდაცვლილების ოჯახის წევრებს მინდა მივუსამძიმრო, საშინელი ტრაგედია დატრიალდა, სიტყვებით ამის გადმოეცემა ძალიან რთულია. რაც შეეხება თვითონ სიტუაციას, როგორ მოხდა ამ ადამიანების გარდაცვალება, ამაზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ და ვერ გეტყვით, შეცდომაში რომ არ შეგიყვანოთ.

რამდენიმე ვერსიაზე მიდის საუბარი და მსჯელობა. სამწუხაროდ, ბოლო ინფორმაციით, პირველი სართულის შახტიდან მოხდა ორივე გარდაცვლილის ამოსვენება.

ლიფტთან დაკავშირებით, „ამხანაგობას“, მოსახლეობას მომართვიანობა არ ჰქონია, ბოლო მომართვა 2021 წელს ფიქსირდება, იმ მომართვიანობაში სამწუხაროდ, ლიფტი არსად არ არის ნახსენები. იმ მომართვიანობის, რაც გამგეობაში შემოვიდა, ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილებულია, სხვა დამატებითი ახალი საკითხი და დეტალი არ შემოსულა, არც ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ლიფტი შესაძლებელი იყო, ავარიულ მდგომარეობაში ყოფილიყო“, - განაცხადა ნიკა ელისაშვილმა.

ცნობისთვის, თბილისში უბედურ შემთხვევას ორი ადამიანის - ცოლ-ქმრის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ლიფტი გამოიძახეს, თუმცა, კარი ისე გაიხსნა, რომ ლიფტის კაბინა იმ სართულზე არ იყო. მამაკაცი შახტაში ჩავარდა, მის დახმარებას მეუღლე ცდილობდა, რა დროსაც ლიფტი დაიძრა და ორივე გარდაიცვალა.