"ეჭვი გეპარებოდათ კვარაში?" - ასე ეხმაურება გავლენიანი იტალიური გამოცემა "La Gazzetta dello Sport-ი" ხვიჩა კვარაცხელიას შთამბეჭდავ მორიგ შოუს მოედანზე, რომლის წყალობითაც "იუვენტუსი" გამანადგურებელი ანგარიშით დამარცხდა.
"ნაპოლის ჯადოსნურ ღამეს, ქართველმა 76 დღის შემდეგ, გოლი გაიტანა და გააჩუმა ყველა ის კრიტიკოსი, ვინც წუწუნებდა და არ სჯეროდა, რომ ჩემპიონატის სტარტზე წარმატებულ თამაშს გააგრძელებდა.. გოლი და საგოლე პასი წუხელ, 9 გოლი და 11 საგოლე პასი სეზონში: დაწყნარდით, კვარაცხელია ზრუნავს", - წერს გამოცემა ქართველზე, რომელმაც გუშინ უმაღლესი შეფასება მიიღო და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
პირველი ტაიმის შემდეგ კი, როდესაც კვარაცხელიას გოლით "ნაპოლი" დაწინაურდა, გამოცემის გვერდზე პოსტერი გამოჩნდა, წარწერით: "ნეაპოლი დაფრინავს, კვარა 2-0-: "დიეგო მარადონა" აფეთქდა".
ხვიჩა კვარაცხელიას პერფორმანსს უცხოელი გულშემატკივრებიც ეხმაურებიან და ქართველის მიმართ საოცარ კომენტარებს არ იშურებენ:
"ეს კვარაცხელიას კლინიკაა. ის უბრალოდ შეუდარებელია და მისი ყურება საოცარია"
"საუკეთესო მარცხენა გარემარბი მსოფლიოში ხვიჩაა"
"ნაპოლის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო საღამოა და ეს კვარაცხელიას დამსახურებაა"
"გთხოვთ, ხვიჩა კვარაცხელია მანჩესტერ იუნაიტედში მომიყვანეთ"
"ყოველთვის გაოცებული ვრჩები იმ ფაქტის გახსენებით, რომ კვარაცხელია ნაპოლიმდე საქართველოს ჩემპიონატში თამაშობდა"
მატჩის მიმდინარეობისას განსაკუთრებული მუხტი იგრძნობოდა სტადიონზე მყოფი ქართველებისგან, რომლებიც ნეაპოლში სპეციალურად ხვიჩას საგულშემატკივროდ ჩავიდნენ. მათ შორის იყვნენ "ოცნების" ლიდერები, ასევე უამრავი ცნობილი ქართველი და შეიძლება ითქვას, რომ გუშინ ნეაპოლი ნამდვილად გახდა ქართველების ქალაქი.
"თბილისი - ნაპოლი ჩარტერული რეისები უნდა დავნიშნოთ!Boeing 777-ით (და ერთ შვიდიანზე საქართველოს დროშა გადავაკრათ) !Forza Kvara!" - წერს მედიცინის დოქტორი ზვიად კირტავა.
უნდა აღინიშნოს, ტრავმის შემდეგ კვარაცხელიას მოედანზე დაბრუნებისა და 2 რთული მატჩის შემდეგ, მის მიმართ უარყოფითი შეფასებები კრიტიკოსებმა არ დაიშურეს, თუმცა გუშინდელი მატჩის შემდეგ ამ შეფასებების უკან წაღება მოუწევთ.
"ეს ჟესტი კრიტიკოსებს ეძღვნებოდა, აწი გაჩუმდითო" - დაწერა ჟურნალისტმა მერაბ მეტრეველმა.
შეიძლება ითქვას, რომ კალანდობის ღამე ორმაგად ჯადოსნური გახადა კვარაცხელიას გოლმა. თითქმის ყველა ქართველის გუშინდელი პოსტი სწორედ "მეკვლე კვარას" ეკუთვნოდა:
ექსპერტი გია ხუხაშვილი: "მეკვლე გინდათ კალანდობას?!...რა ჯობია კვარას ნდობას!"
ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი: "კვარაცხელიას ბენეფისი იყო ნეაპოლში დღეს - ის დაბრუნდა, დაბრუნდა ნამდვილი კვარა და თანაც, გოლით და 2 საგოლე გადაცემით. და ეს ყველაფერი მოახერხა "იუვენტუსთან", სერია A-ს მე-18 ტურში, ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან, რომელსაც ბოლო 8 თამაშში გოლი არ ჰქონდა მიღებული. ნაპოლიმ 5:1 მოიგო. სადაც სამართალია, ოსიმენის პირველი გოლიც კვარას დამსახურებაა, მაგრამ ის სტატისტიკაში საგოლედ არ ითვლება. კვარაცხელიამდე იუვესთვის გოლი ლევან მჭედლიძესაც აქვს გატანალი".
ლევან ბერძენიშვილი: - "ხვიჩა კვარაცხელია – საქართველოს მეკვლე!".
ნათია ფანჯიკიძე, ფსიქოლოგი: "ულამაზესია ეს ბაღანა. ეს ნაპერწკლებიანი, ანთებული თვალები ლაპარაკობენ მის გარდაუვალ დიდ მომავალზე. მთელი ვნებით თამაშშია. ადრე რონალდინიოს ვარსკვლავებიანი, მოცინარი თვალები მახარებდა, მიუხედავად იმისა, ფეხბურთის მაყურებელი ზოგადად არ ვარ. იმას სიხარული ეტყობოდა, არა ტანჯვა, არა "სამუშაოს ტვირთი", არა დაძაბული მიზანი, არამედ, ცეკვა, კუნტრუში, ტკბობა, ხოდა ვუყურებდი სამბას გაკვეთილებივით".
ნახეთ ასევე: