ავტორი:

"სამშობიაროშივე მივხვდი, რომ ნივთებს ხედავდა... თავიდანვე უდიდესი ინტერესი გამოავლინა სამყაროს შეცნობის" - გაიცანით 3 წლის ვუნდერკინდი, რომლის ვიდეოებს მილიონობით ნახვა აქვს

"სამშობიაროშივე მივხვდი, რომ ნივთებს ხედავდა... თავიდანვე უდიდესი ინტერესი გამოავლინა სამყაროს შეცნობის" - გაიცანით 3 წლის ვუნდერკინდი, რომლის ვიდეოებს მილიონობით ნახვა აქვს

პატარა ვუნდერკინდს გუროს, გურამ მელქაძეს სოციალურ ქსელში კარგად იცნობენ. მისი ფენომენალური ნიჭით ირგვლივ ყველა გაოცებულია. ბავშვის ვიდეოებს ბიჭუნას დედა ლიკა მამაგეიშვილი სოციალურ ქსელში მუდმივად ტვირთავს.

3 წლის და 5 თვის გურომ სრულყოფილად იცის ქართული, ინგლისური, რუსული ანბანი, ყველა ბგერას ცნობს, ქართულად სრულფასოვნად კითხულობს დამარცვლის გარეშე. კითხულობს ინგლისურადაც. არც ისე მცირე ცოდნას ფლობს გეოგრაფიაში, იცის კონტინენტები, კუნძულები, ქვეყნების დასახელება, ქვეყნებს თავის დროშებით ასხვავებს, გლობუსი მისთვის უცხო ნივთი სულაც არ არის, ციფრებს 10.000-მდე თავისუფლად „ეთამაშება“, ქუჩაში ნებისმიერი მანქანის ნომერს იმახსოვრებს, ასევე ტელეფონის ნომრებს და კიდევ ბევრი რამ იცის. ოღონდ, ამას სპეციალურად არავინ ასწავლის, თვითონ ითხოვს, კითხვებს სვამს და ყოველ კითხვაზე მიღებულ პასუხს მაშინვე იმახსოვრებს.

ბიჭუნა ამჟამად მშობლებთან ერთად გერმანიაში იმყოფება. ჩვენ გუროს დედას ლიკა მამაგეიშვილს ბერლინში დავუკავშირდით.

- საოცარი გონების ბიჭუნა გყავთ. ყოველი მისი ახალი ვიდეო მნახველებს გვაოცებს. პირველად როდის შენიშნეთ, რომ სხვებისგან თავისი უნიკალური მეხსიერებით გამოირჩეოდა?

- 6 თვისა გამიცივდა, სურდო ჰქონდა და მირჩიეს ქუთაისში კვალიფიციური პედიატრი შორენა ცხელიშვილი. საუკეთესო ექიმიაო. წავიყვანე. ქალბატონმა შორენამ ჩვეულებრივად გასინჯა, როგორც სინჯავენ პედიატრები, მერე ხელში აიტაცა, მომიბრუნდა და მითხრა, გილოცავთ, ეს ბავშვი გენიოსია! ვიფიქრე, ზრდილობისთვის მეუბნებოდა და დიდი მადლობა, უფროსი შვილებიც ნიჭიერები მყავს-მეთქი. დაიმახსოვრეთ, ჩემი სიტყვა, გენიოსია. ... ამის მერე გამახსენდა, რომ ერთადერთი, რასაც სამშობიაროშივე მივხვდი, გურო ნივთებს ხედავდა, არადა, მაგ დროს ასე არ ხდება ხოლმე. ამას მერეც, სახლში რომ გამოვიყვანეთ, ვატყობდი. ნივთების დანახვაზე გარკვეული ემოცია ჰქონდა, ასეთი მართლა იშვიათია.

ვიდეო, რომელსაც მილიონი ნახვა აქვს:

- მაგალითად?

- დეტალურად აკვირდებოდა ოთახში საწოლის თავს და სხვადასხვა ნივთებს. აღმოვაჩინე, რომ აქვს ფოტოგრაფიული მეხსიერება. მხედველობითი მეხსიერება... 4 თვისამ პირველი სიტყვა - მამა თქვა.

- 6 თვის მერე რა შენიშნეთ ახალი?

- 9 თვის ასაკში ასაწყობი პირამიდა ვუყიდეთ. წამიერად ააწყო, მაშინ როცა 3-5 წლის ბავშვებსაც უჭირთ. ამის მერე მართლა დავფიქრდი, რომ ჩვეულებრივი ბავშვი არ არის... წლისამ დაიწყო სრულფასოვნად ლაპარაკი, წლიდანვე ინგლისური ანბანი თავიდან ბოლომდე იცოდა, წლისა და ერთი კვირისამ გაიარა. ლაპარაკი რომ დაიწყო, მისი პირველი სიტყვები იყო, - ეს რა არის? ამა თუ იმ ნივთზე განუწყვეტლივ მეკითხებოდა.

გურამ მელქაძე მშობლებთან ერთად

- ე.ი. იგებდა, იმახსოვრებდა და მყისიერად იმეორებდა, ხომ?

- კი. მამა პლანეტებს ათვლევინებდა, ისე მოეწონა, რომ თამაშ-თამაშით არაერთი პლანეტის სახელი გაიმეორა და იქვე დაიმახსოვრა. უდიდესი ინტერესი გამოავლინა თავიდანვე სამყაროს შეცნობის... გარეთ რომ ვასეირნებდი, ყველა მანქანის ნომრებს, სახლების ნომრებს თავისით იმახსოვრებდა და გზასაც, რომელ ბილიკს სად გავყავართ. ყველაფერს ყურადღებით აკვირდებოდა და აკვირდება... მაღაზიიდან ისე არ გამოვა, თუ არ ნახავს პროდუქტის ვადას, ფასებს, ყველაფერს წაიკითხავს.

- ხასიათით როგორი ბიჭია?

- კეთილი, თბილი, უკეთილშობილესი ადამიანი, უზღვავი სითბოს მატარებელი. ბავშვები დავზარდეთ, გარეშემო რამდენი ბავშვთან გვქონია ურთიერთობა, მეც თავად პედაგოგი ვარ, დაწყებითებიდან ბავშვებს ვამზადებ, რამდენს გამოუვლია ჩემს ხელში, მაგრამ ეს არის განსაკუთრებული სითბოს მქონე. ახლა ისე განიცდის საქართველოდან შორს რომ ვართ, გული უჩუყდება და ახალი ვიდეოს ჩაწერაზე პროტესტს მიცხადებს. ქუთაისში როცა დავბრუნდებით, ვიდეო მაშინ ჩავიწეროთო. ძალიან პატრიოტია. დღეს წიგნის ყდაზე დაწერა - საქართველო მომენატრე...

- თქვენს ოჯახზე გვიამბეთ. გყავთ ვინმე ასეთი განსაკუთრებული ნიჭის მქონე?

- მე და ჩემი მეუღლე - გოგა, ორივე საკმაოდ განათლებული და ქუთაისში ცნობილი ოჯახებიდან ვართ. განათლება და ცოდნა ჩვენთან ყოველთვის დაფასებული იყო და დღემდე ასეა. ამასთან, მაღალ ხარისხშია აყვანილი ადამიანობა, სიყვარული და სამშობლოს სიყვარული - ეს ყველაფერი ჩვენი მთავარი ღირებულებები. შვილებიც ასე არიან... მე და ჩემი მეუღლე ორივე მე-3 სკოლელები ვართ. პარალელური კლასელები ვიყავით და ბავშვობიდან გვიყვარს ერთმანეთი და ასე მოვდივართ. გვყავს სამი შვილი. გურო ჩვენი მესამე შვილია.

გურამ მელქაძე მშობლებთან და დებთან ერთად

- ანუ გუროს ჰყავს უფროსი დედმამიშვილები?

- კი, სტუდენტი უფროსი დები. მარიამ მელქაძე 23 წლის არის, სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობს თბილისში, ჩაირიცხა 50%-იანი გრანტით, მეხუთე კურსზეა, ნინი მელქაძე ჯავახიშვილის უნივერსიტეტში სამართალზე სწავლობს, 70%-იანი გრანტით ჩაირიცხა. ნინის მე-2 საშუალო სკოლა ოქროს მედალზე აქვს დამთავრებული. ამას იმიტომ ვამბობ, რომ უფროსი შვილებიც ნიჭიერი, გონებით და ბეჯითობით არიან გამორჩეული, მაგრამ გურო, ფაქტია, სულ სხვა ვინმეა. ძალიან მეგობრული ოჯახი გვაქვს და ეს იწვევს ოჯახში სრულ ჰარმონიას. შვილებისთვის, როგორც დედას მიმიცია შენიშვნა, მაგრამ როცა მომისმენია მათი არგუმენტირებული პასუხი, შევსულვართ მათთან შეთანხმებაში, ალბათ მისთვის ასე ჯობია-თქო. კონფლიქტამდე არასდროს მივსულვართ.

- ახლა გერმანიაში იმყოფებით...

- ევროპაში ახლა პირველად არ ვართ, ხშირად ჩამოვდივართ. ჩვენი აქ მიმოსვლა იმას უკავშირდება, რომ 2 სტუდენტი შვილი გვყავს. მოგეხსენებათ, დღეს საქართველოში ისე არ არის საქმე, რომ 2 სტუდენტი მარტივად შეინახო და კიდევ ოჯახს წარუძღვე, ეს მხოლოდ ხელფასით რთულია. ამიტომ, ვიდრე ახალგაზრდები ვართ, ვცდილობთ, ცხოვრებას ფეხი ავუწყოთ. ბავშვებს გვერდით დავუდგეთ. ბავშვობიდან გვიყვარს გამოწვევა ცხოვრებაში. მოდუნებული ყოფნა არ გვიყვარს. ბერლინი ჩემი მეუღლისთვის მართლა მეორე მშობლიური ქალაქია. კარგად იცნობს. სამშობლო არ დაგვიტოვებია, ამ ეტაპზე ოჯახის მდგომარეობამ მოიტანა ჩვენი აქ ყოფნა... 1 თვის ჩამოსულები ვარ და წარმოიდგინეთ, გურომ გერმანულში უკვე უამრავი სიტყვა ისწავლა. გუშინ მეტროში გერმანელებმა ფოტოები გადაუღეს, გაჩერებების ციფერბლატზე რაც აწერია, ყველაფერს კითხულობს გერმანულად. ხალხი გაკვირვებული უყურებდა. არავის უსწავლებია, ასე თავისით ბევრ რამეს ამბობს.

- ვუნდერკინდია...

- ლოლიტა ექიმმა რომ შეამოწმა, სრული შოკი მიიღო, იქვე სხვა ექიმებმაც და მის საბუთებს ქალბატონმა ლოლიტამ დააწერა, ვუნდერკინდი, რომლის გონებრივი შესაძლებლობა 100%-ით აღემატება ჩვეულებრივი ბავშვის გონებრივ მონაცემებს.

- ამა თუ იმ ტელეშოუს არ მოუმართავს თქვენთვის, რომ ბავშვმა მონაწილეობა მიიღოს გადაცემაში?

- კი, როგორ არა, გვეხვეწებოდნენ კიდეც, მაგრამ უარს ამბობს, ტელევიზორში არ მინდაო. ძალას ვერ დავატან, მიმაჩნია, რომ ეს უკვე უხეში ჩარევაა. აი, ახლა ვეუბნები უამრავი ახალი რამ იცის, მოდი, ვიდეო ჩავიწეროთ-თქო, მაგრამ არ მთანხმდება, ქუთაისში რომ წავალთ, მერეო. ხომ ვამბობ, ვერ ვაიძულებ. აქამდე, რაც არის ჩაწერილი, მხოლოდ მისი ნება-სურვილით. ზოგჯერ თვითონ მეხვეწებოდა, გადამიღეო. ზოგჯერ კი, როცა რაღაც ახალს აღმოვაჩენ და ვთხოვ, დედა, გადაგიღებ-თქო, არაფრით მიშვებს. პრინციპულია და პატარა შემდგარი ადამიანი მგონია. პატარა კაცს ვეძახი.

ისე, ყველას ჰქონია, რომ წყნარია. არადა, ცელქია, უზღვავი ენერგია აქვს, სულ მოძრაობაში. ზოგი მწერს, რატომ ასწავლით ამდენსო. ჩვენით არაფერს ვასწავლით, ეს ხომ დაუშვებელია და შეუძლებელიც, დასვა და ასე პატარას ასწავლო. ეს ყველაფერი კარგად ვიცი, როგორც პედაგოგმა. ამ ყველაფერს თავისით ითხოვს, ისმენს და იმახსოვრებს. აქ რომ ჩამოვედით, ტაქსით ვისარგებლეთ, სულ არ მიმიქცევია ყურადღება, რა ნომერი იყო, ამას დაუნახავს და დაუმახსოვრებია. ასე იცის ქუთაისში ყველა ახლობლის მანქანის ნომერი, მობილურის ნომრები. ერთი წლის იყო, რომ მკითხა, ეს სახლი ვინ ააშენა, სადაც ვცხოვრობთ? ეს ნოხი ვინ მაჩუქა? ეს კარადა საიდან გვაქვსო? ყველა წამლის სახელწოდება იცის, რაც საჭიროების შემთხვევაში, მისთვის მიმიცია. ინგლისურში ch sh ასოთშეთანხმება, რა ასოებსაც გვაძლევს, ეს მისთვის არავის უსწავლებია. რაღაცები მგონია, რომ თანდაყოლილად აქვს... მოკლედ, ასეთი ბიჭია ჩვენი გურო...