1990-იანი წლები მოდის ინდუსტრიისთვის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პერიოდი იყო, "ოქროს თაობის" სუპერმოდელების პერიოდი. ტატიანა პატიცი კი ამ თაობის ყველაზე იდუმალი მოდელი იყო. ის 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია მისმა სამოდელო სააგენტომ გაავრცელა. გარდაცვალების მიზეზი არ დაუსახელებიათ.
ტატიანამ პოპულარობა 1990-იან წლებში მოიპოვა და ათწლეულის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოდელი იყო.
1998 წელს Vogue-სთან ინტერვიუში მან წარმატების საიდუმლოზე ისაუბრა. სუპერმოდელის თქმით, წარმატების მიზეზი ისაა, რომ სხვებს არ ჰგავს. ის 1966 წელს ჰამბურგში დაიბადა. დედა ესტონელი ჰყავდა, მამა კი გერმანელი.
მალე ოჯახი საცხოვრებლად შვედეთში გადავიდა, სადაც 17 წლის ასაკში სილამაზის კონკურსში მიიღო მონაწილეობა და მესამე ადგილზე გავიდა 1988 წელს ტატიანა ცნობილმა ფოტოგრაფმა, პიტერ ლინდბერგმა გადაიღო და მათი თანამშრომლობა აღმოჩნდა ის, რამაც ულამაზეს გოგონას სამოდელო ბიზნესში კარი გაუღო.
1990 წელს გადაღებულ ლეგენდარულ ფოტოზე სინდი კროუფორდთან, ნაომი კემპბელთან, ლინდა ევანგელისტასთან და კრისტი ტარლინგტონთან ერთად ტატიანა პატიციც იყო.
ის მუშაობდა Chanel-ის, Calvin Klein-ისა და Versace-ს კამპანიებზე.
მას არ იზიდავდა ხმაურიან ქალაქებში ცხოვრება, პარიზსა და ნიუ იორკს ამჯობინა, რომ კალიფორნიაში შეეძინა რანჩო და მშვიდ გარემოში, ბუნებასთან ახლოს ეცხოვრა. დაინტერესებული იყო გარემოსდაცვითი საკითხებით.
"მე აღფრთოვანებული ვარ მისით, რადგან არასოდეს დაუკარგავს საკუთარი თავი, დარჩა ის, ვინც სინამდვილეში იყო. შეუძლებელია მისით არ აღფრთოვანდე", - წერს თავის წიგნში ფოტოგრაფი პიტერ ლინდბერგი. ტატიანა დიდი დროის განმავლობაში მისი მუზა იყო.
ბოლოს პოდიუმზე 2019 წელს გამოჩნდა Etro-ს შოუზე, მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში. სუპერმოდელს 19 წლის ვაჟი დარჩა.