რუსი მილიარდერი, საფეხბურთო კლუბ "ჩელსის“ ყოფილი მფლობელი, ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი სულ მცირე, 16 იახტისა და გემის მფლობელია. აქამდე ცნობილი იყო, რომ აბრამოვიჩი 6 იახტას ფლობდა, თუმცა ახლახან გამოქვეყნებული დოკუმენტების მიხედვით ირკვევა, რომ მისი ქონება გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე საზოგადოებამ იცის.
დოკუმენტების თანახმად, რუს ოლიგარქს ოფშორულ ტრასტებში 10 ძვირადღირებული იახტა და გემი აქვს.
როგორც "გარდიანი" წერს, საუბარია დაახლოებით, ოთხი მილიარდი დოლარის ღირებულების ქონებაზე, თუმცა ეს არის მხოლოდ ნომინალური ღირებულება და მისი რეალური ფასი შესაძლოა, გაცილებით მეტი იყოს.
აბრამოვიჩის ზოგიერთი იახტა და გემი სანქცირებულია და ბიზნესმენს მათი გამოყენება ამ ეტაპზე არ შეუძლია. მათ შორისაა 1-მილიარდიანი იახტა Eclipse და 450-მილიონიანი გემი Solaris-ი.
The Guardian-ის მიხედვით, გამოვლენილია10 ხომალდი (გემები და იახტები), რომელსაც ფლობს აბრამოვიჩი, თუმცა აქამდე ისინი არ იყო დაკავშირებული ოლიგარქის სახელთან. აბრამოვიჩის წარმომადგენელს აღნიშნულ ინფორმაციებზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.
ექსპერტთა შეფასებით, აღმოჩენილ იახტებს შორის ყველაზე ძვირადღირებული არის Kewpie, რომლის ღირებულება დაახლოებით, 3 მილიონი დოლარია და ამჟამად საფრანგეთში, კუნძულ სენტ-ბრატიზეა გაჩერებული. ამ ადგილისთვის აბრამოვიჩი ნაცნობი სახეა, იქ ფლობს სხვადასხვა ქონებას, რომელიც გასული წლის აპრილში საფრანგეთის ხელისუფლებამ "გაყინა."
დოკუმენტებში საუბარია არა მხოლო იახტებზე, არამედ ოლიგარქის სხვა "დამალულ ქონებაზეც." იახტების გარდა მან ოფშორებში გადამალა კომპანიების აქციები და უძრავი ქონება.
ცნობისთვის, რომან აბრამოვიჩი რუსეთში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია. Forbes-ის მიხედვით, მისი ქონება 6,9 მილიარდ დოლარს შეადგენს.
აბრამოვიჩს სანქციები დაუწესეს ევროკავშირმა, დიდმა ბრიტანეთმა, შვეიცარიამ, კანადამ, ავსტრალიამ და ახალმა ზელანდიამ.