პრინცი ჰარი სტივენ კოლბერტის The Late Night Show-ს ესტუმრა და თავისი ავტობიოგრაფიული წიგნის. Spare-ის შესახებ ისაუბრა.
ჰარი მიიჩნევს, რომ ბრიტანული პრესა მის წიგნს ძირს უთხრის. სასექსის ჰერცოგის თქმით, მედიაში გამოქვეყნებული ამონარიდი წიგნიდან, სადაც პრინცი ავღანეთში ყოფნისას "თალიბანის" 25 მებრძოლის მოკვლის შესახებ საუბრობს, მედიამ ისე გააშუქა, რომ თითქოს პრინცი ამაყობს მათი მოკვლით. ყოველივეს ჰარიმ "საშიში ტყუილი" უწოდა.
ჰარიმ სიტყვების კონტექსტიდან ამოგლეჯვისთვის პრესა დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მედიის ამგვარმა ქმედებამ მისი ოჯახი საფრთხეში ჩააგდო.
" 25 თალიბის მოკვლა - ეს არც კმაყოფილების განცდას მანიჭებს და არც მარცხვენს. მე რომ გამეგო, ასეთ საკითხზე ვინმეს ტრაბახი, გავბრაზდებოდი, მაგრამ ეს ტყუილია.
რადგან წიგნი უკვე გამოიცა, ხალხს შეუძლია წაიკითხოს და კონტექსტში იხილოს ეს ყველაფერი. სამწუხაროა, რომ მედიას შეუძლია უვნებლად გამოძვრეს ამ სიტუაციიდან.
მათ იცოდნენ კონტექსტი, მთელი მონაკვეთი ჰქონდათ წაკითხული, მაგრამ დაანაწევრეს და თქვეს, "აი, როგორ ტრაბახობს ის აქ“.
როცა გახურებულ ბრძოლაში და დამაბნეველ სიტუაციაში მოვხვდი, მათზე, როგორც 25 ადამიანზე არ ვფიქრობდი. ადამიანებს ვერ მოკლავ, თუ მათ ადამიანებად აღიქვამ.
სიმართლე რომ ვთქვა, ადამიანს ვერც კი ავნებ, თუ ადამიანად აღიქვამ. ისინი ჭადრაკის დაფიდან აღებული ფიგურები იყვნენ. ცუდი ბიჭები მანამ უნდა გამოეთიშონ, სანამ კარგ ბიჭებს მოკლავენ", - ამბობს პრინცი ჰარი.
პრინცის თქმით, ამ დეტალის გაჟღერების მიზანი ის იყო, რომ ვეტერანებში სუიციდის შემთხვევების რაოდენობა შეემცირბებინა.
პრინც ჰარის მემუარები წიგნის მაღაზიების თაროებზე 1 დღის წინ გამოჩნდა და ის უკვე ყველაზე სწრაფად გაყიდვადი არამხატვრული ჟანრის წიგნი გახდა დიდ ბრიტანეთში.
წყარო: bbc
მოამზადა: ანა სიბოშვილმა