ავტორი:

"რატომ არის სასაცილო "ბატონების" რიტუალის არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად გამოცხადება? მათ კონვენციაში ეს რიტუალი ჯდება" - რას წერს ვახუშტი მენაბდე

"რატომ არის სასაცილო "ბატონების" რიტუალის არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად გამოცხადება? მათ კონვენციაში ეს რიტუალი ჯდება" - რას წერს ვახუშტი მენაბდე

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე სოციალურ ქსელში ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება, რომელიც "ბატონების" რიტუალისთვის არამატერიალური ძეგლის სტატუსის მინიჭებას მოჰყვა.

როგორც ის წერს, ამაში სასაცილო არაფერია, რადგან არსებობს კონვენცია არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, რომლის განმარტებაში მარტივად ჯდება ეს რიტუალი.

"რატომ არის სასაცილო “ბატონებთან“ დაკავშირებული რიტუალური ქმედებების არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად გამოცხადება? არსებობს კონვენცია არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, რომლის განმარტებაში მარტივად ჯდება ეს რიტუალი, ჩვენი ქვეყნის კანონი ასევე. გამოცხადების შემდეგ ეს ტრადიცია მოექცევა დაცვის ფარგლებში, რაც გულისხმობ იმას, რომ სახელმწიფო იღებს ვალდებულებას შესწავლაზე, მოძიებაზე, შენახვაზე. რიტუალი წარმართობის დროინდელია და დღემდე პრაქტიკული გამოყენება აქვს.

ის ფასდაუდებელი წყაროა კულტურის, ანთროპოლოგიური, რელიგიის კვლევებისთვის. რატომ არის ეს არასერიოზული? იმიტომ რომ “ბნელი ქართველი ხალხი” დღემდე კიდებს წითელ ფარდებს ოთახში, დღემდე უმღერიან ბავშვებს და დღემდე ცდილობენ მათზე განსაკუთრებულ ზრუნვას? კულტურული უპირატესობის გრძნობა გიჩნდებათ და ეგ გსიამოვნებთ? უსაფუძვლოა ეგ გრძნობა. საჭიროა პატივი ვცეთ ადამიანთა შემოქმედებას, იმას, რომ ეს კონრეტული ჯგუფების იდენტობის ნაწილია. სერიოზულად თუ აღვიქვამთ ერთმანეთს და სასაცილოდ არ ავიგდებთ, არ დავამცირებთ იქნებ უკეთესი ქვეყნის აშენება შევძლოთ" - წერს მენაბდე.

ცნობისთვის, ბატონების" რიტუალებს, მცხეთურ ღვეზელს და აპოხტის ხინკალს არამატერიალური ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ამის შესახებ ბრძანება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ აზნაურაშვილმა 2022 წლის 30 დეკემბერს გამოსცა.

ბრძანების მიხედვით, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შემდეგ ობიექტებს:

  • ა) "ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“;
  • ბ) "გელათის მეცნიერებათა აკადემიის ტრადიცია“;
  • გ) "რთველის ტრადიცია საქართველოში“;
  • დ) "მცხეთური ღვეზელის დამზადების ტრადიცია და მისი კულტურული კონტექსტი“;
  • ე) "მესხური სამზარეულო - აპოხტის, წიბოსა და აპოხტის ხინკლის დამზადებისა და გამოყენების ტრადიცია“;
  • ვ) "ინფექციურ დაავადება "ბატონებთან“ დაკავშირებული რიტუალური ქმედებები, სიმღერა და წესჩვეულებები საქართველოში“.

ამავე ბრძანებით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციამ ერთი თვის ვადაში უნდა ასახოს აღნიშნული ობიექტების მონაცემები საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინტერნეტგვერდზე.

ამ დროისთვის, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს 60-ზე მეტი ტრადიცია, გამოცდილება და სანახაობა ატარებს.