ცნობილმა ქართველი მსახიობმა ხათუნა იოსელიანმა 79 წლის იუბილე ამერიკაში აღნიშნა. ცნობილია, რომ ის იქ უკვე 16 წელიწადია, ცხოვრობს. მსახიობის იუბილეს რესტორანში მეგობრები და საახლობლო წრე დაესწრო. სტუმართა შორის იყო მისი ახლო მეგობარი, მსახიობი ცუცა კაპანაძე. ისინი აშშ-ში წლების წინ ერთად წავიდნენ.
AMBEBI.GE-ს ცუცა კაპანაძეს დაუკავშირდა, რომელიც მისთვის ჩვეული იუმორით გაგვესაუბრა:
- კი, ხათუნას იუბილე აღვნიშნეთ. გაისად 80 წლის ხდება, საერთოდ ჩვენს ასაკს არცერთი ვმალავთ, რადგანაც ორივე თხის რქები ვართ... მოკლედ, მომავალ წელს მისი დაბადების დღე უფრო გრანდიოზული იქნება. ახლა 30 კაცამდე ვიყავით, მხოლოდ ხათუნას მეგობრები, ქართველები, ვინც აქ არიან, უმეტესად თეატრის ხალხი, მსახიობები. ადრე აქ რესტორანში რომ მივდიოდი, რაღაც ცეკვა არ მინდოდა, მაგრამ ხათუნას დაბადების დღეზე რომ იტყვიან,
რესტორანი თავზე დავიმხე. რამდენი ენერგია გქონიაო, მითხრეს. რამდენი ენერგია დავხარჯე და კიდევ ვერ დავიღალე-მეთქი, ვუთხარი... საერთოდ, როდესაც ადამიანი შენგან კარგ განწყობას, დადებით ემოციებს, გამხნევებას ელოდება, არასდროს ვღალატობ. ჩემს საფიქრალს, თუნდაც პრობლემას გვერდით გადავდებ ხოლმე და სხვაზე ვზრუნავ.
- ეს თქვენი ერთგვარი უნარია, რითაც ადამიანებს უყვარხართ... როგორ არის ქალბატონი ხათუნა?
- კარგად არის, ჯანზეა, უნდა რომ სპექტაკლი ითამაშოს, იქნებ ვითამაშოთ, ძალიან მინდა. იმ დღეს თავის დაბადების დღეზე მეკითხება - რამდენი წელი გავიდა, რაც აქ ვართო? არ მითხრა, რომ დაგავიწყდა-მეთქი. არა, არ დამავიწყდა, შენ მინდა, რომ მითხრაო? 16 წელი გავიდა და მე-17 დაიწყო, სექტემბერში 17 გახდება-მეთქი. რას ლაპარაკობ, მერე რას ვშვრებითო? მერე, ამერიკა როგორც ჩამოსვლით გავახარეთ, ისე წასვლით გავახაროთო.
დავასვენოთ ეს ქვეყანა მე და შენ-მეთქი, - ვუპასუხე. ასეთი სიმართლე და ასე ღიმილით არავის უთქვამს. როგორც კი წახვალ, მეც მოგყვებიო. ჰოდა, გაამზადე ჩემოდნები-მეთქი. ბევრი ვიცინეთ... იმ ანეკდოტისა არ იყოს, მარო ჩაალაგე ჩემოდნები და ჰაიდა, აქედანო. ზამთრისა თუ ზაფხულისაო? ორივენცაო. მოკლედ, ეგრეა... ასე რომ, კარგად ვიმხიარულეთ. ყველანი ძალიან გვიყვარხართ და თქვენი საშუალებითაც ვულოცავ მას იუბილეს. მხნეობას, ჯანმრთელობას ვუსურვებ.