ავტორი:

"ნდობით სარგებლობა ცოდვად მიმაჩნია... მეგობარმა ბანკში თბილისის ბინა ჩამადებინა, რომელიც კინაღამ დავკარგე" - ცნობილი მსახიობის ბათუმური ცხოვრება, ერთი წელი როლის გარეშე და მუშაობა ფილმზე

"ნდობით სარგებლობა ცოდვად მიმაჩნია... მეგობარმა ბანკში თბილისის ბინა ჩამადებინა, რომელიც კინაღამ დავკარგე" - ცნობილი მსახიობის ბათუმური ცხოვრება, ერთი წელი როლის გარეშე და მუშაობა ფილმზე

"დოკუმენტური ფილმი დავიწყე, "დიდაჭარა" ანუ დიდი წიგნი, დედა წიგნი, მთავარი წიგნი. დედა მთავრობასაც ნიშნავს. დედამიწა, დედაბოძი, დიდაჭარა ე.ი. მთავარი დიდი წიგნი, დედა განათლება. ფილმზე მუშაობა რომ დავიწყე, რაღაცებს ჩავუღრმავდი, ამასთან აჭარულმა ტოპონიმებმა იმასაც მიმახვედრა, რომ ეს დაუსრულებელი რამ არის და გადავწყვიტე, თითო ტოპონიმზე ცალე „წიგნი“ გადავიღო. ერთი ტოპონიმი უდიდეს ცოდნას იძლევა, პირდაპირ არტეფაქტია. სამი წელია, ვმუშაობ და უკვე ბევრი რამ მაქვს გადაღებული. ხიხანი, დიდაჭარა, აჭარის წყალი“ - გვეუბნება მსახიობი, პარლამენტის ყოფილი წევრი ზურაბ ცინცქილაძე, რომელსაც ინტერვიუსთვის ნაახალწლევს ბათუმში დავუკავშირდით...

- რასაც ტოპონიმებზე ვამბობ, ამ ყველაფერს მეცნიერული ცოდნა ამყარებს, რადგანაც მეცნიერების მოსაზრებებს ვეყრდნობი... 2023 წელი დადგა. ეს რიცხვები რომ შევკრიბოთ, ჯამში 7-ია. ჰოდა, შვიდობის წელი დადგა. აქედან მოდის აჭრა-გურიაში ეს სიტყვა. მშვიდობას აქეთ არ ამბობენ. 7-ც ხომ სამოთხის ნიშანია? ასე რომ, შვიდობის წელი დაიწყო. ვფიქრობ, რომ ეს წელი შვიდობას მოიტანს და ყველას შვიდობით ყოფნას ვუსურვებ.

ნუ დაარღვევენ ამას - ეს იქნება ჩემი თხოვნა და მოწოდება. სხვანაირად არ შეიძლება. ახალი წლის რა ტრადიცია გაქვთო, მკითხეთ. ტრადიცია ლათინური სიტყვაა და წესს, წესრიგს ნიშნავს. რატომღაც ტრადიცია ჩაენაცვლა სიტყვას წესი. იმ სწავლებით, რასაც მე მივყვები, ბუნებრივი დღესასწაული 25 დეკემბერსაა. ბუნება ბნელზე ამ დღეს იმარჯვებს... ყველაზე გრძელი ღამეები უკვე დაითრგუნა, დღემ მატება დაიწყო და დაიბადა იესო. ამიტომ მეც შევეცადე, ბუნებრივად, სიხარულით შევხვედროდი, დღის შობას, მომატებას! ბნელზე ნათლის გამარჯვებას. ეს დღე კი აღვნიშნე იმ მზის ენერგიით, რომელიც ღვინოშია და რომელიც მერე იესომ გვითხრა, - ეს ჩემი სისხლიაო. ყველას მივულოცე და ყველას მივახარე შობის დღესასწაული.

- როგორც ვიცი, ცნობილი თამადა ხართ...

- სადაც მივდივარ, არავის ვაცლი, მე მინდა სხვებს ცოდნა გავუზიარო, იმიტომ კი არა, რომ თამადა ვიყო და სუფრაზე პირველობა მსურს. ჩემი უმთავრესი მიზანი საკუთარი გამოცდილების და ცოდნის გაზიარებაა. ჩემი მეუღლე მეუბნება, ამ ლექციებს თავი დაანებეო, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, ეს ლექციები მოსწონთ. პირველი სადღეგრძელო გახლავთ, რაც ოდითგან გვაქვს და რაც განუყოფელია, ღმერთს დიდება ჩვენ შვიდობა. მერე ამის განმარტებას ვიწყებ. დიდი ძველად 9-ს ერქვა. ე.ი. ღმერთი ციფრებით 9-ა და ჩვენ - 7. ღმერთის სასუფეველი მეცხრე ცაა, ჩვენი სულის სასუფეველი მეშვიდემდე ადის. ამ სადღეგრძელოში ამის თქმა და ცოდნა მნიშვნელოვანია. ამ სურვილში ეს ჰარმონიაა ჩაქსოვილი, რასაც მონადიმეებს ვუსურვებ.

- თამადის თემას თუ გავაგრძელებთ, ისიც ვიცი, რომ თქვენს ქორწილში გურამ საღარაძე იყო თამადა...

- კი, ჩვენი ახლობელი, კარგი პედაგოგი, სამაგალითო ადამიანი იყო... მქონდა პატივი, მას ჩემთვის მეტყველების კულტურა ესწავლებინა... თეოლოგიას, ქართულ ენას კი ზვიად გამსახურდია მასწავლიდა... მას ჩუმად, ხატია ხაინდრავასთან სახლში ვხვდებოდით. იქ ვიკრიბებოდით და საოცარ საუბრებს ვისმენდით. სიტყვისა და ყოველი ასო-ბგერის ფასი მან შეგვაგრძნობინა. მეცნიერის ალეკო ცინცაძის კვლევებით ვიცი, რომ ყოველ სიტყვას თავისი ციფრული მნიშვნელობა აქვს. სკოლებში დავდივარ ხოლმე და გული მწყდება, ქართული ანბანი არსად არაა გაკრული. არადა, სრულყოფილად უნდა იყოს თვალსაჩინო ადგილზე თავისი რიგითი და რიცხვითი მნიშვნელობით წარმოჩენილი.

- რა არის ახლა თქვენთვის მთავარი?

- ჩემს მეუღლეს ვეუბნები, რომ ახლა უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ვიყოთ ჯანმრთელად. ჯანმრთელობა სხეულის სიმაგრეს კი არ გულისხმობს, ჯანი სპარსული სიტყვაა და სულს ნიშნავს, ანუ სულის სიმრთელე, სულმრთელობაა საჭირო. როცა სული მრთელი გაქვს და გული თბილი, მხოლოდ ასეთ გულში იბადება სიცოცხლე.

- ე.ი. ბათუმი თქვენი სამკვიდროა, ხომ?

- 25 დეკემბერს, როცა ნათელმა სიბნელე დაამარცხა, მას მერე ბათუმში მზეა და 23 გრადუსი სითბო. არ არსებობს, 25 დეკემბრიდან პატარა ზაფხული აქ არ დაიწყოს. თბილი, ბუნებრივი დღესასწაულია და ამიტომ. ბათუმი ჩემთვის ძალის მომცემია, სამკვიდროა. თუ ვარ და რაც ვარ, აჭარით, ამ მხარით ვარ. როცა ვხვდები, რომ სულიერების მხრივ რაღაც მაკლდება, აქ, ამ მიწაზე ფეხს რომ დავადგამ, აჭარის მთებში რომ გავალ და აჭარის წყალს შევუყვები, ისევ ვძლიერდები. ამას ვგრძნობ როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად.

- თბილისსა და ბათუმს შორის ცხოვრება არ არის რთული? მით უფრო, რომ შვილები და შვილიშვილები თბილისში არიან... და კიდევ ერთი საოცარი ამბავიც გაქვთ - თქვენს ჯვრისწერაზე მეჯვარე თქვენი შვილიშვილი იყო...

- კი, ასე იყო... ახლა გზას და გვირაბებს რომ აკეთებენ, ჩვენზე მეტად ეს არავის უხარია, გაიზრდება ჩემი სამკვიდრო და კავშირიც ამ ორ ქალაქს შორის გამარტივდება... მყავს ორი ქალიშვილი და 4 შვილიშვილი. რეზი და ლიზი უფროსი ქალიშვილის შვილები გახლავთ, უმცროსები არიან, მერაბი და მარიამი. ერთი „პარტია“ მეგრელები, წულეისკირები არიან, მერე - კალანდაძეები. ახლა "ვმუშაობ" - ერთი სვანს გაჰყვეს, მეორემ კახელი შეირთოს და ასე მთელი საქართველო ერთ ოჯახში უნდა მოვიცვა, რა თქმა უნდა, თუ თვითონაც დამეთანხმებიან.

- ამ ეტაპზე სამსახურებრივად სად ხართ?

- არსად ვიღებ ბიუჯეტიდან ხელფასს. შარშან ოზურგეთის თეატრში ნოდარ დუმბაძე განვასახიერე. ბათუმის თეატრს გვერდს გავუვლიდი, რომლის სიახლოვეს ვცხოვრობ და ერთი საათის სავალზე მანქანით ოზურგეთში მივდიოდი... ბათუმის თეატრში არ მაქვს როლები, ალბათ, არ არის ჩემი სარგო როლი...

ზურაბ ცინცქალაძე მეუღლესთან, თამარ დათუაშვილთან ერთად

- ადამიანებში ყოველთვის გიმართლებთ და ადვილად ენდობით?

- ადამიანების ნდობამ ბევრი სიავე დამმართა, მაგრამ ყოველთვის ვენდობი. ნდობით სარგებლობა ცოდვად მიმაჩნია. ღმერთს ვეხვეწები, ადამიანებისადმი უნდობლობას ნუ გამიჩენს. უნდობლად ცხოვრება საშინელებაა. მეუბნებიან, - კაცო, შენ იმას როგორ ენდე? ასეთი სისულელე როგორ გააკეთე. მე მეკითხებით? წადით და იმას ჰკითხეთ. შეიძლება კაცს ჰკითხო, სიკეთე რატომ გააკეთა? სამწუხაროდ, ისეთი დროა, სიკეთე რომ გააკეთო, ზოგჯერ უკვირთ.

- გული ბევრჯერ დამწყვეტიაო.... ყველაზე დიდი გულის წყვეტა რას გამოუწვევია?

- "რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქნმების,“ -ეს „ვეფხისტყაოსანია“, რომელიც ზედმიწევნით ვიცი... და თუ ამ ფრაზას გავყვებით, მართლაც ასეა. მყავს გვერდით ის ქალი, ვინც პირველ დანახვისთანავე შემიყვარდა. დღესაც მიყვარს და ჩემს გვერდით არის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ღმერთმა ასეთი საჩუქრით დამაჯილდოვა. ჩემი სიყვარული სხვაგან რომ წასულიყო და მე არ შემხვედროდა, შეიძლება ვერ გადამეტანა... საერთოდ, ღმერთის უმადური არ ვარ, მაგრამ მოხდა ასეთი რამ, მეგობარმა, ახლობელმა ბანკში თბილისის ბინა ჩამადებინა, კინაღამ დამეკარგა. კინაღამ რა, სესხი თვითონ ავიღე, რომ თანხა გადამეხადა და ვიხდი. შვილისთვის მჭირდებაო, მითხრა. სიკეთე გავაკეთე. არ გადაიხადა და არც მითხრა. რომ ეთქვა, შეიძლება მაშინვე გადამეხადა და საქმე აქამდე არ მისულიყო. თუმცა ყოველ ჯერზე ამბობს - ეს რა დამემართაო, მაგრამ არაფერი, ვართ ასე.

- სიზმრებში პასუხს ბევრ რამეზე ვიღებო - ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობთ. ეს როგორ ხდება?

- მთავარი არის სწავლებაში ადამიანს კითხვა გაუჩინო. ტვინს უნდა ჰკითხო და ისიც ჩაირთვება. შეეკითხები და შთაგონებითი ცოდნით პასუხი გეძლევა. თუ კითხვა გაგიჩნდა, აუცილებლად მოგეცემა პასუხი. ამის არაერთი მაგალითი მაქვს. ერთი ასეთი ამბავიც მოხდა. ზოგი ამბობს რომ სასაწულიაო. მე სასწაულად არ აღვიქვამ, რადგანაც მწამს მკვდრეთით ცოცხლად აღდგომის... ნათლად მახსოვს ხილულად, როგორ ცოცხლად ჩამიჯდა ბებიაჩემი მანქანაში, რომელიც 20 წლის გარდაცვლილი იყო, მე მას ვხედავდი. მაშინ ცოტა კი შემეშინდა, მაგრამ მერე გავაცნობიერე, რომ ეს იყო ჩვეულებრივი ამბავი.

- რა მოხდა?

- გონება საჭესთან გაითიშა, რადგან მოულოდნელად ჩამეძინა. ბებიას სული სახიერად გვერდით დამიჯდა. სულს სხეული შეესხა და მანქანიდან რომ გადადიოდა, კარი გააღო, კარგად იყავი ბებიაო, მშვიდობით გევლოსო. გადავიდა, კარი დაკეტა და იმ დროს გამეღვიძა, მოვედი კიდეც ამქვეყნად. ეს ყველაფერი მანქანის მსვლელობის დროს მოხდა, საჭესთან რომ ვიჯექი.

- საოცარია... როგორია 2023 წლისთვის თქვენი სურვილები?

- ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტი უნდა იყოს დემოგრაფიის საკითხი, ამ საკითხებზე ბევრი უნდა ვიფიქროთ. ამასთან, მაქვს გარკვეული წინადადებებიც, თუ როგორ შეიძლება ჩემი ეთნოსი, სამკვიდრო გაიზარდოს. ეს დასაფიქრებელი და საგანგაშო საკითხიცაა. მინდა, ღმერთმა შვიდობით გამყოფოთ თქვენც და მთელი ჩვენი ქვეყანა.