სპეციალური საგამოძიებო სამსახური თბილისში შსს-ს თანამშრომლის მკვლელობის საქმეზე ინფორმაციას ავრცელებს.
უწყების ცნობით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის ა. შ. -ს განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა/შენახვისა და ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლითა და 236-ე მუხლის მე-3, მე-4 ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით მიმდინარეობს.
ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 2023 წლის 8 იანვარს, დაახლოებით 01:00 საათზე, ქ. თბილისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების განკარგულებაში მყოფი თანამშრომლის - გ. მ.-ს საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდნენ თავად გ.მ. და მისი მეგობრები: შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი - ა. შ. და დ. ლ. არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი გ.მ. იქცეოდა არაადეკვატურად, საუბრობდა გაუცნობიერებელად და სტუმრების მიმართ გახდა აგრესიული, რა დროსაც გ. მ.-მ მის ხელთ არსებული ცეცხლსასროლი იარაღიდან ა. შ.-ს მისამართით რამდენიმე გასროლა განახორციელა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ა. შ. ადგილზე გარდაიცვალა.
ბრალდებული დაკავებული იქნა ადგილზე გამოძახებული შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ.
ვინაიდან ბრალდებული გ.მ. დანაშაულის ჩადენის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების განკარგულებაში იმყოფებოდა, საქმე გამოსაძიებლად სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
საქმეზე ჩატარებული იქნა გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. კერძოდ, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი; ამოღებული იქნა გამოძიებისთვის საინტერესო სხვადასხვა ნივთები, მათ შორის: დანაშაულის იარაღი, ვაზნები, მასრები, ტანსაცმელი, მობილური ტელეფონები, პირადი ნივთები და სხვა; აღებული იქნა ბიოლოგიური მასალის და სხვადასხვა სახის საკვლევი ნიმუშები;
ამოღებულ საგნებზე დაინიშნა კომპლექსური ექსპერტიზა, ხოლო გარდაცვლილის გვამზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.
გამოიკითხა შემთხვევის შემსწრე და საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირები;
გამოძიებისთვის საინტერესო ლოკაციებზე ჩატარდა დათვალიერება და მიმდინარეობს საქმისთვის მნიშვნელოვანი ვიდეოკამერების შესწავლა;
სპეციალური საგამოძიებო სამსახური ინტენსიურ რეჟიმში ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედებას სრულყოფილი გამოძიების უზრუნველსაყოფად.