5 იანვარს კრემლმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა პუტინმა გაითვალისწინა რუსეთის პატრიარქ კირილეს მოწოდება და თავდაცვის მინისტრ შოიგუს დაავალა, აამოქმედოს "ცეცხლის შეწყვეტა ბრძოლის მთელ ხაზზე", რაც 36 საათის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს (6 იანვრის დღის 12 საათიდან 7 იანვრის შუაღამემდე).
კრემლის თანახმად, პუტინმა უკრაინულ მხარეს მოუწოდა "გამოაცხადონ ცეცხლის შეწყვეტა და მართლმადიდებელ ქრისტიანებს საშუალება მისცენ, დაესწრონ მსახურებას შობის ღამით და შობის დღეს".
ამის საპასუხოდ კიევი აცხადებს, რომ "დროებითი ზავის" დამყარება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი თავის ძალებს გაიყვანს უკრაინიდან.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინის მიერ გამოცხადებული ე.წ. ზავი შეაფასა რუსეთის მცდელობად, შეაჩეროს უკრაინის აღმოსავლეთში თავდაცვის ძალების წინსვლა. 5 იანვარს, ღამით, უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვისას ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთს სურს შობა გამოიყენოს დონბასში უკრაინელი მებრძოლების დროებით შესაჩერებლად და მათ პოზიციებთან ახლოს მიიყვანოს საბრძოლო ტექნიკა და მობილიზებული პირები. ზელენსკის განცხადებით, მსოფლიოში ყველამ იცის, რომ კრემლი დროებით შესვენებას იყენებს ომის ახალი ძალით გასაგრძელებლად.
5 იანვარს ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ნედ პრაისმა ცინიზმი უწოდა რუსეთის პრეზიდენტ პუტინის მიერ გამოცხადებულ "საშობაო ზავს“. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, რუსეთს რეალურად რომ უნდოდეს მშვიდობა, საკუთარ ჯარს გაიყვანდა სუვერენული უკრაინის ტერიტორიიდან. აშშ-ის ეს პოზიცია გაიმეორა თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა პეტ რაიდერმაც. მან პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ რუსეთის მიერ გამოცხადებული ზავისადმი სკეპტიციზმის საფუძველია რუსული პროპაგანდის და დეზინფორმაციის გრძელი სია და მისი უმოწყალო თავდასხმები უკრაინის ქალაქებსა და მშვიდობიან მოსახლეობაზე. უფრო ადრე, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ პუტინის "საშობაო ზავი“ დასვენების მცდელობაა. ბაიდენმა ხაზი გაუსვა იმას, რომ რუსეთი 25 დეკემბერს და ახალ წელს ბომბავდა საავადმყოფოებს, საბავშვო ბაღებს და ტაძრებს.
ცნობისთვის, უკრაინული წყაროების თანახმად, რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინის ტერიტორიაზე 60 - მდე მართლმადიდებლური ტაძარი დაინგრა ან დაზიანდა.
პოლიტოლოგი გიორგი გობრონიძე პუტინის ამ განცხადებას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს და ამბობს, რომ ეს იგივეა, რომ სერიულმა მკვლელმა იმარხულოს.
"რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია დღეს არის ჩვეულებრივად რუსეთის სახელმწიფოს დანამატი, არაფერი სხვა. ის პირდაპირ არის დამოკიდებული სახელმწიფოზე და წარმოადგენს ამ პოლიტიკური მმართველი ორგანიზმის ერთ-ერთ ორგანულ ნაწილს. შესაბამისად, ეს მოქმედებაც, სიმბოლური ჟესტია და ზოგადად, ომების ისტორიას თუ გადავხედავთ, მსგავს დღესასწაულებზე როგორც წესი, ხდება ხოლმე ცეცხლის შეწყვეტა. მეორეა, რამდენად შესრულდება ის. კია ეს ჰუმანური აქტი, მაგრამ არაფერ სამშვიდობო იმედს არ იძლევა. პირველი მსოფლიო ომის დროს ერთმანეთთან დაპირისპირებული ჯარისკაცები ფეხბურთს თამაშობდნენ და შობას ერთად სვამდნენ ჩაის, იყო ასეთი მომენტები ისტორიაში. აქედან გამომდინარე, რაიმე დიდი მნიშვნელობის მინიჭება ამ კონკრეტული ფაქტისთვის, მგონია, გადაჭარბებულია.
სამხედრო ტაქტიკური თვალსაზრისით, ამ შესვენებას, ცხადია, ორივე მხარე გამოიყენებს. მეორეს მხრივ, ეს არის ერთგვარი ჟესტი, რომ პუტინი ვითომ რაღაცეებს პატივს სცემს, სინამდვილეში, როგორც გითხარით, ასეთი მომენტები ომების ისტორიას ახასიათებს და ეს ბევრს არაფერს ნიშნავს. ადამიანმა, რომელმაც ჩაიდინა უამრავი ომის დანაშაული და ერთი დღით გადაწყვიტა ცეცხლის შეწყვეტა, დიდი არაფერი შეღავათია. კარგი, შობა დღეს არ წაიღებს სიცოცხლეებს, მაგრამ მანამდე ხომ წაიღო ასეულ-ათასობით სიცოცხლე, ბავშვები ხომ ხოცა, საავადმყოფოები დაბომბა... მანამდე დახოცა და ის შობის მერეც დახოცავს და ის ერთი დღე რა გააკეთა, ამას არ აქვს დიდი მნიშვნელობა. პუტინი ცდილობს, რომ მისი მომხრეების თვალში მაინც რაღაც დოზით სახე შეინარჩუნოს, როგორც ჰუმანურმა ლიდერმა, მაგრამ საბოლოო ჯამში, ის არაა არც ჰუმანური და არც ლიდერი, პუტინი არის ჩვეულებრივი ომის დამნაშავე. ეს ე.წ. საშობაო ზავი როგორი რაღაცაა, იცით? სერიული მკვლელი მარხულობს - დაახლოებით ასეთი რაღაც წარმოიდგინეთ. დღეს ხორცს რომ არ ჭამს, არაფერს ცვლის იმაში, რომ სერიული მკვლელია.ზუსტად ესაა მისი საქციელი - სერიული მკვლელი მარხულობს.
ომის დროს ნებისმიერი პაუზა ორივე მხარეს აძლევს საშუალებას, რომ ძალები გადაანაწილოს, ეს ჩვეულებრივი ამბავია, აქაც განსაკუთრებული არაფერი შეიცვლება. კი, მხარეები ეცდებიან, რომ დაიკავონ უკეთესი პოზიციები, რაც, ფაქტობრივად, ყოველდღიური ჩვეულებრივი რუტინაა.“
გიორგი გობრონიძე უკრაინა-რუსეთის შანსებზეც საუბრობს და ამბობს, რომ პოლიტიკურად ომი რუსეთმა უკვე წააგო, პოლიტიკური მიზნების დიდი ნაწილი ვერ შეასრულა. მისი თქმით, ისიც ფაქტია, რუსეთ-უკრაინის ომი ჯერ არ მთავრდება, აქედან გამომდინარე, რომელიმე მხარეზე ფსონის დადებას პოლიტოლოგი არასწორად მიიჩნევს.
"შანსებზე რა ვთქვათ, ამ მიმართულებითაც სერიოზული გარღვევა არც ერთი მხრიდან არ ყოფილა. კი, რუსულ ნაწილებში მსხვერპლი ძალიან დიდია, არ ვიცით, რამდენია უკრაინულში, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ ეს ომი ჯერ არ მთავრდება. აქედან გამომდინარე, ფსონი დავდოთ რომელიმე მხარეზე, ან შანსებზე ვილაპარაკოთ, არაა სწორი, ჯერ უნდა დავაკვირდეთ პრობლემის დინამიკას.
პოლიტიკურ მიზნებზე თუ ვსაუბრობთ, რუსეთმა ეს ომი უკვე წააგო იმიტომ, რომ 80% პოლიტიკური მიზნებისა არა თუ არ შესრულდა, არამედ, პირიქით შესრულდა (იმავე ნატოს გაფართოების საკითხები რომ წარმოვიდგინოთ), ამ ნაწილში რუსეთი უკვე დამარცხდა. რუსეთი აღარ არის გლობალური პოლიტიკური მოთამაშე, ეს გადადის საერთაშორისო პოლიტიკის პერიფერიებზე და, შესაბამისად, ვინ მოიგებს, ვინ წააგებს, ფეხბურთის მატჩი არაა, ასე რომ ვუყუროთ. აქ უკვე ლაპარაკია იმაზე, რამდენად დიდ ზიანს მიაყენებს უკრაინას და ეს დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე:
1. რამდენს გაუძლებს უკრაინა და სანამდე ეყოფა რესურსები რუსეთს (ჩვენ არ ვიცით, კიდევ რამხელა რესურსი აქვს). მოძველებულია თუ ახალია ტექნიკა, მას ბევრი აქვს, საბოლოო ჯამში, ეს ნაგავი რუსეთს არ აკლია და არც ადამიანური რესურსი აკლია.
2. რამდენს დაეხმარება დასავლეთი უკრაინას. დასავლეთმა უკვე იმხელა ინვესტიცია ჩადო ამ ომში, რომ უკან დახევა ამ თანხების ტყუილად გადაყრა იქნება. შესაბამისად, დასავლეთიც არ დაიხევს უკან, რაც იმას ნიშნავს, რომ, პრაქტიკულად, პუტინმა მობილიზაციით ხელი მოაწერა იმას, რომ ამ ომს შეეწირება არა ათეულათასობით, არამედ ასეულათასობით და ჯამში მილიონობით ადამიანი. აი, ეს გააკეთა პუტინმა. მას შეუძლია ძალიან ბევრი ადამიანი დახოცოს და იცის, ამაზე პასუხს არ მოსთხოვენ ქვეყნის შიგნით. ჩვენ ახლა ვუყურებთ კლასიკურ ჰუმანიტარულ კატასტროფას ყველასთვის...“
იხილეთ ასევე:
კირილე ჩვეულებრივი ფარისეველი, პირფერია!!!
ეგ ისეა პატრიარქი, როგორც მე რომის პაპი!!!
ადამიანების ხოცვა არ შეიძლებაო მაგის თქმას ვერ უბედავს პუტინს?
რუსის სიტყვის მხოლოდ ყეყეჩებს სჯერათ.