ეს ლამაზი ქართველი გოგონა ამერიკაში დაიბადა. 4 თვის იყო, საქართველოში, ბებია-ბაბუასთან რომ ჩამოიყვანეს და 6 წლამდე აქ იზრდებოდა, მერე კი ისევ ამერიკაში მოუხდა დაბრუნება, სადაც მიზანდასახულად, ნაბიჯ-ნაბიჯ წარმატების მისაღწევად შრომობდა და 17 წლისამ უკვე ბროდვეის აგენტების ყურადღება მიიქცია. გვინდა გაგაცნოთ მარიამ მჭედლიშვილი, რომელიც დიდი ალბათობით, მალე კიდევ უფრო მეტად გვასახელებს...
- ბავშვობის ძალიან ლამაზი წლები საქართველოში გავატარე, მერე კი დავბრუნდი უკან, ამერიკაში. ახლა 17 წლის ვარ და მხოლოდ სწავლაზე გახლავართ ორიენტირებული. თუმცა, იმდენად მიყვარს საქართველო, რომ ყოველ ზაფხულს, არდადეგებზე მანდ ჩამოსვლას ვცდილობ, რათა მოვესიყვარულო ბებია-ბაბუებს, ნათესავებს, ახლობლებს, მეგობრებს. ქუთაისში ვცხოვრობდი 6 წლამდე და შესაბამისად, იქაურობაც ძალიან მიყვარს. არდადეგების ნაწილს თბილისსა და ბათუმში ვატარებ. ძალიან მომწონს საქართველოში ყოფნა, იქაური გარემო, ურთიერთობები. საქართველოშია ჩემი სახლი...
- ანუ საქართველოში მეგობრები გყავს. მათთან ურთიერთობას ახერხებ?
- რა თქმა უნდა, სოციალური ქსელის წყალობით ვურთიერთობთ. თითოეული მათგანი ძალიან მიყვარს. იცით, საქართველოში სულ სხვანაირი მეგობრობა იციან, ამერიკაში კი ასე არ არის. შესაძლოა ამის მიზეზი ისიცაა, რომ ქართველ ბავშვებს 12 წელი უწევთ კლასელებთან ყოფნა და წლების მანძილზე მათი ურთიერთობა ღრმავდება, აქ კი ასე არ არის. ამერიკის განათლების სისტემა განსხვავებულია: სანამ სკოლას დაამთავრებ, სამჯერ გიწევს გარემოცვის შეცვლა და ურთიერთობები ირღვევა. პირველიდან მეოთხე კლასის ჩათვლით სწავლობ დაწყებით სკოლაში, მერე გამოცდას აბარებ რომელიმე საშუალო სკოლაში, სადაც მეხუთიდან მერვე კლასამდე სწავლობ და შემდეგ, მეცხრე-მეთორმეტე კლასში სულ სხვა ადამიანებთან ერთად გიწევს კლასში ჯდომა.
- ახლა რომელ კლასში ხარ?
- მეთორმეტეში გახლავართ. ვსწავლობ LaGuardia High School-ში, რომელიც გახლავთ როგორც ძალზე ცნობილი სასწავლებელი ხელოვნების მიმართულებით. ლაგუარდიაში, გარდა იმისა, რომ ხელოვნების ამა თუ იმ მიმართულებით ძალიან ნიჭიერი უნდა იყო, მოსწავლეს უნდა ჰქონდეს მაღალი შეფასება ყველა საგანში. სხვათა შორის, ეს სკოლა დამთავრებული აქვთ: ჯენიფერ ენისტონს, რობერტ დე ნიროს, ლაიზა მინელის და სხვა ძალიან ცნობილ ადამიანებს. აქ მაღალ დონეზე ისწავლება ცეკვა, სიმღერა, სამსახიობო ოსტატობა. გვაქვს ტექნიკური თეატრი, სადაც ბავშვებს სცენის განათებას, დიზაინს ასწავლიან. ნიუ-იორკში ყველა მშობლის ოცნებაა, მისი შვილი ამ სკოლაში მოხვდეს.
- თუ სწორად მივხვდი, ამ სკოლაში სწავლობენ ის ადამიანები, რომლებსაც გადაწყვეტილი აქვთ, მომავალში კარიერა ხელოვნების სფეროში აიწყოთ?
- კი, ასეა. სკოლას პირდაპირი კავშირი აქვს ბროდვეის შოუებთან, ტელევიზიებთან. ყოველწლიურად 4000 აპლიკანტი ჰყავს და მხოლოდ 800 ბავშვს იღებენ. მერვე კლასის დამთავრების შემდეგ, როცა ბედი ლაგუარდიაში ვცადე, მეც ჩავაბარე გამოცდა და გამიმართლა, 800 რჩეულს შორის მოვხვდი ვოკალური მუსიკის მიმართულებით. გამოცდისას 3 სიმღერა შევასრულე და მერე თეორიული მასალის ჩაბარებაც მომიხდა.
- ამ სკოლაში, შენ გარდა, სხვა ქართველიც სწავლობს?
- იყო ერთი ქართველი, მაგრამ მან სწავლა უკვე დაასრულა და ახლა მხოლოდ ერთი ქართველი გახლავართ ამ სკოლის კედლებში. სხვათა შორის, აქ ყველა აკადემიურ საგანს ვსწავლობთ: ინგლისური, მათემატიკა, მეცნიერება, ბიოლოგია და ა.შ. თუ ამ საგნებში კარგი ნიშნები არ გაქვს, სკოლიდან გაგიშვებენ, რადგან იციან, რომ მარტო ხელოვნება არ არის ყველაფერი. გააგრძლეთ კითხვა