როგორ შენდებოდა სამების საკათედრო ტაძარი

როგორ შენდებოდა სამების საკათედრო ტაძარი

საქართველოში ბოლო 30 წლის განმავლობაში ბევრი მშვენიერი ტაძარი აშენდა, მაგრამ წმინდა სამების საკათედრო ტაძარი, თავისი არქიტექტურით, მასშტაბითა და სიმბოლური დატვირთვით, მართლაც განსაკუთრებულია. აღსანიშნავია ისიც, რომ უკანასკნელი 8 საუკუნის განმავლობაში საქართველოში სხვა საკათედრო ტაძარი არ აშენებულა. ქრისტესშობის 2000 და საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის 1500 წლისთავთან დაკავშირებით, გრანდიოზული ტაძრის აშენების იდეა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია II-ს ეკუთვნის.

1995 წლის 23 ნოემბერს, გიორგობას, ელიას მთაზე წმინდა სამების ტაძრის საძირკვლის გაჭრა დაიწყო - მას შემდეგ ზუსტად 15 წელი გავიდა. მშენებლობის ფონდის პრესსამსახურში გასაოცარი სიზუსტითა და გულმოდგინებით არის შემონახული მშენებლობის მიმდინარეობის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა, აღწერილია მშენებლობის ყველა ეტაპი და ის სირთულეები, რომლებიც თავად მშენებლებს გადახდათ თავს.

ენძელა მაჭავარიანი, სამების ფონდის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი:

- 1988 წელს, როცა საკათედრო ტაძრის მშენებლობის პროექტზე კონკურსი გამოცხადდა, სტუდენტი ვიყავი და გაზეთ "თბილისის" რედაქციაში გავდიოდი სტაჟირებას. "როგორ ტაძარს ველით" - ამ რუბრიკით, გაზეთში ტაძრის პროექტები განიხილებოდა. ამ თემამ დამაინტერესა და როცა 1995 წელს, მშენებლობაზე მივედი, აღმოვაჩინე, რომ ყველა სტატია შენახული მქონდა. როგორც იცით, კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდა. მეორე ტური 1990 წლის 29 სექტემბერს დასრულდა. კომისიამ, რომელშიც გადამწყვეტი ხმა კათოლიკოს-პატრიარქს ეკუთვნოდა, უპირატესობა არჩილ მინდიაშვილის პროექტს მიანიჭა. კარგად მახსოვს მისი გაბრწყინებული სახე. ის მაშინ ძალიან ახალგაზრდა იყო. მუხლებზე დადგა და პატრიარქს, მადლობის სათქმელად, ისე მიუახლოვდა... თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ 1991-93 წლის მოვლენებმა ეს კარგი წამოწყებაც შეაფერხა, შემდეგ კი, როცა ქვეყანაში ვითარება შეიცვალა, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებითა და კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, მშენებლობის ფონდი შეიქმნა. ფონდის საპატიო თავმჯდომარეები - თავად უწმინდესი და საქართველოს იმდროინდელი პრეზიდენტი, ედუარდ შევარდნაძე იყვნენ.

1995 წლის ზაფხულში ფონდის თავმჯდომარედ ირაკლი ანდრიაძე აირჩიეს. ამ დროისთვის გაზეთ "ქართველი ერის" მთავარი რედაქტორი ვიყავი და როცა მსოფლიოს პატრიარქი, მისი უწმინდესობა ბართოლომეოსი საქართველოში ჩამობრძანდა, ქუთაისში მოსალოცად წასულ დელეგაციას მეც ვახლდი. იქ კიდევ უფრო კარგად გავაცნობიერე ამ ტაძრის მშენებლობის მნიშვნელობა და როცა შემომთავაზეს, საზოგადოებასთან ურთიერთობის კუთხით მემუშავა, ამ წინადადებას სიხარულით დავთანხმდი. 1995 წლის 29 ოქტომბერს, თბილისობის დღესასწაულზე, მისმა უწმინდესობამ ადგილი აკურთხა, ხოლო გიორგობას - 23 ნოემბერს საძირკვლის გაჭრა დაიწყო; 1996 წლის 3 მარტი გახლავთ დღე, როცა საძირკველში პირველად ჩაისხა ბეტონი. სხვათა შორის, საძირკველში მრავალი სიწმინდე და ძვირფასი ნივთი, მათ შორის - ქეთევან ბაგრატიონის საგვარეულო ბეჭედი, ქვებზე დაწერილი მორწმუნეთა გვარ-სახელები და სავედრებლები იქნა ჩატანებული.

ამ დიდებული მშენებლობის დაწყებას ბევრი სკეპტიკურად შეხვდა და ბევრი ცნობილი ადამიანი მშენებლობის მესვეურებს საყვედურობდა, - რა დროს ამოდენა ტაძრის მშენებლობაა, როცა ხალხს ლუკმაპური ენატრებაო?!. ანდა - რა საჭიროა ამხელა ტაძარი, ის ხომ მრევლით არასოდეს გაივსებაო... ჩვენი მიზანი, ტაძრის მშენებლობის მატიანის შექმნასთან ერთად ისიც იყო, რომ საზოგადოების ცნობიერება ამ დიდებული იდეის განხორციელებისთვის მოგვემზადებინა. გვჯეროდა, რომ პატრიარქის ლოცვას უფალი შეისმენდა. გვახსოვს და ასახულიც გვაქვს ტაძრის საძირკველში, ღია ცის ქვეშ გადახდილი წირვა-ლოცვები და პარაკლისები. საბედნიეროდ, ამ განწყობილებას ბატონი ედუარდ შევარდნაძეც იზიარებდა. სწორედ მან უწოდა სამებას საუკუნის მშენებლობა და მისი უშუალო თხოვნით ჩაება მშენებლობის პროცესში უდიდესი ქველმოქმედი - ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც სამების ტაძრის ასაგებად დიდი თანხა გაიღო. მწირი შესაძლებლობების მიუხედავად, მშენებლებს სახელმწიფოც მხარში ედგა. "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის თანადგომის წყალობით მოგვარდა ტერიტორიიდან საშუალო სკოლის გადატანის, რადიოანძის დაშლის საკითხები და კიდევ სხვა პრობლემები, რომლებიც წლების განმავლობაში ტვირთად აწვა მშენებლობის ფონდს... საქმე ცარიელი ხელებითა და ენთუზიაზმით დავიწყეთ, ბევრი ადამიანი რამდენიმე წელი ისე ვშრომობდით, გასამრჯელოზე არც გვიფიქრია.

1998 წელს საკათედრო ტაძრის სამხრეთით, წმინდა ილია თეზბიტელის სახელობის ხის პატარა ეკლესია აიგო, სადაც დიდი ტაძრისთვის ლოცულობდნენ, მაგრამ 1999 წლის 2 მარტს, გამთენიისას, ხის ეკლესია გაურკვეველ ვითარებაში დაიწვა. მოგვიანებით იმ ადგილას ახალი ქვის ეკლესია აშენდა. როგორც ამბობენ, აქ ადრეც ყოფილა პატარა სალოცავი. მშენებლობა უბრალო შემოწირულობებით დაიწყო, მაგრამ 5 წლის განმავლობაში მუშაობა ფაქტობრივად, შეჩერებული გახლდათ. ქველმოქმედი ბიძინა ივანიშვილი ტაძრის მშენებლობის საქმეში 2000 წლიდან ჩაერთო და მისი ფინანსური მხარდაჭერით, გრანდიოზული ტაძარი აიგო. დღეს წმინდა სამების კომპლექსში 9 ტაძარი ფუნქციონირებს: ხარების, მთავარანგელოზის, წმინდა იოანე ნათლისმცემლის, წმინდა ნინოს, წმინდა ანდრია პირველწოდებულის, წმინდა ნიკოლოზის, ყოველთა წმინდანთა სახელობის, თორმეტი მოციქულის და წმინდა გიორგის სახელობის. სამების ეზოში აღმართულია წმინდა ილია თეზბიტელის სახელობის ტაძარიც და იქვეა წყალკურთხევის აუზი. 2003 წლის 6 დეკემბერს წმინდა სამების საკათედრო ტაძარზე ჯვარი აღიმართა.

ენძელა მაჭავარიანი:

- უმშვენიერესი ჯვარი, რომლის სიმაღლე 7 მეტრს აღემატება, რუსთავში დამზადდა. ღვთის მადლით მოსილი, მოოქრული ჯვარი სპეციალურად დამზადებული ურიკით შემოაბრძანეს. პატრიარქმა პარაკლისი გადაიხადა და ათასობით მსურველი ჯვარს ემთხვია. მორწმუნეები ჯვრის აღმართვას თვალს ადევნებდნენ. ამ დროს ქარმა დაუბერა და, - სანამ ხალხი არ დაიშლება, ჯვარს ვერ აღვმართავთო, - თქვა მშენებლობის ხელმძღვანელმა ირაკლი ანდრიაძემ. უწმინდესმა მრევლი ტაძარში იხმო და ბრძანა, - გულით ვილოცოთ, რათა ქარი ჩადგესო. ტაძარი ხალხით გაივსო. მალე მართლაც, ჩვენ თვალწინ სასწაული მოხდა - ძლიერი ქარი ჩადგა, უფალმა ხალხის ლოცვა შეისმინა, ჯვარი თითქოს ანგელოზებმა ააფრინესო, ისეთი სიზუსტით ჩაჯდა ნიშნულში, ტაძრის გუმბათზე... მოკლედ, საოცარი სანახაობა იყო. ამ დროს მრევლი გალობდა. ის წუთები არასდროს დამავიწყდება. ყველა ადამიანის შემოწირულობა სპეციალურ წიგნებშია ასახული. ვისაც საშუალება არ ჰქონდა, მოდიოდა და ითხოვდა - დაესაქმებინათ, რათა ამ გზით მაინც შეეტანა თავისი წვლილი. ბევრმა ოქროს ნივთი შესწირა ტაძარს, მაგრამ ყველაზე ამაღელვებელი იყო ის ფაქტი, რომ შესაწირავის ყულაბაში ქალის ქორწინების ბეჭედი აღმოვაჩინეთ. მან არც კი თქვა, ვინ იყო, მშენებლობას ისე შესწირა საქორწინო ბეჭედი.

2004 წლის 23 ნოემბერს ანუ გიორგობას ტაძარი ეკურთხა. 21 ნოემბერს, დილის 7 საათიდან, სამების ტაძარში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მორწმუნეები ჩამოვიდნენ. საქართველოს სამოციქულო ეკლესიის 9 ეპარქიის წინამძღვარმა სამების კომპლექსში განთავსებული 9 ტაძარი აკურთხა და ამის შემდეგ მღვდელმთავრებმა საზეიმო წირვა აღავლინეს.

ქართულ ხუროთმოძღვრულ ძეგლთაგან წმინდა სამების საკათედრო ტაძარი ყველაზე მასშტაბურია. იგი ძირითადად, ორი - მიწისზედა და მიწისქვეშა - ნაწილისგან შედგება. ტაძრის საერთო სიმაღლე 101 მ, სიგრძე - 70,450 მ, სიგანე კი 64,68 მ გახლავთ. ჯვარი 7,5 მეტრის სიმაღლისაა. ლავრის მიწისქვეშა ნაწილში ორი სართულია. წმინდა სამების საკათედრო ტაძარს X-XI საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ნორმები უდევს საფუძვლად. ტაძარი ჯვრულ მოხაზულობაში ჩასმული ტრიკონქია, რვა ბურჯზე დაყრდნობილი გუმბათით. ტაძარში მოხვედრა შესაძლებელია სამი მხრიდან - დასავლეთიდან, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან. მთავარი კარიბჭე დასავლეთ მკლავშია, რომელსაც გარედან ვრცელი გალერეა აკრავს. იქვეა სამრეკლო - წმინდა სამების საკათედრო ტაძრის სამრეკლო 3-სართულიან შენობას წარმოადგენს. მისი სიგრძე 20 მ, სიგანე - 8 მ, ხოლო სიმაღლე 29,5 მ გახლავთ. 2001 წელს სამრეკლოს მესამე, ღია სართულზე 9 მომცრო ზარი დამონტაჟდა, ხოლო 8-ტონიანი "დედოზარი" გუმბათში ჩამოიკიდა. ზარზე ერთ-ერთმა გერმანულმა ფირმამ იმუშავა, მისი გარე მხარე კი არჩილ მინდიაშვილისა და გია ჯაფარიძის მიერაა შესრულებული. ქართველებმა გერმანელებს ზარების ესკიზები და ყველა საჭირო პარამეტრი მიაწოდეს, მათ შორის - მისი ხმოვანების სპეციალური სანოტო ჩანაწერი, რომელიც კომპოზიტორმა ნოდარ მამისაშვილმა შექმნა. 2002 წლიდან სამრეკლოში წმინდა სამების ლავრის მამებმა დაიდეს ბინა.

ენძელა მაჭავარიანი:

- ტაძრის მშენებლობის დროს ყველა დეტალი პატრიარქთან თანხმდებოდა, თუნდაც - ჯვრის ფორმა, სიმაღლე. მისი უწმინდესობა დღეში რამდენჯერმე ამოდიოდა, ხშირად მუშებისთვის სადილი მოჰქონდა. პატრიარქის ნათელი თვალი და კეთილი გული სულ თან ახლდა მშენებლობას, ყველაფერს ხელით ეხებოდა. სხვათა შორის, სწორედ პატრიარქის ხელითაა შესრულებული სამების მთავარი ხატი და მის მიერ დაწერილი კიდევ რამდენიმე ხატი ამშვენებს ჩვენს ტაძარს. აქვე ფუნქციონირებს მამათა მონასტერი. სამონასტრო კომპლექსის ტერიტორია 13 ჰექტარზეა გაშლილი. ეზოში უნიკალური ჯიშის დეკორატიული ხეებია დარგული, რომლებიც პატრიარქის შერჩევითა და ბიძინა ივანიშვილის შეკვეთით, უცხოეთიდან ჩამოიტანეს. საპატრიარქო რეზიდენციის მშენებლობაც იგეგმება. კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. ამჟამად მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის მოხატვა მიმდინარეობს. მთავარი მხატვარი, კათოლიკოს-პატრიარქის ხელდასხმით, ბატონი ამირან გოგლიძეა. შეუძლებელია, ამ ფრესკებმა ადამიანი აღტაცებაში არ მოიყვანოს.

წმინდა სამების საკათედრო ტაძრის ცენტრში ახალგაზრდა სტუდენტების ნამუშევარი დგას - კათოლიკოს-პატრიარქის ტახტი-სავარძელი, რომელიც ეროვნული ორნამენტებითაა მოჩუქურთმებული. ქართული ორნამენტები და შტრიხები უდიდესი სიფაქიზით ამოუკვეთავთ ახალგაზრდა ოსტატებს. ტახტის წინ ფიანდაზად გაშლილი გობელენი კი მხატვრული ქსოვილების კათედრის ასპირანტების ხელითაა მოქსოვილი.

სამწუხაროდ, ტაძრის მშენებლობის პერიოდში 2 ადამიანი დაიღუპა, ხოლო მას შემდეგ, რაც გუმბათზე ჯვარი აღმართეს, თბილისში, გოლეთიანების სახლში საშინელი ტრაგედია დატრიალდა: დავით გოლეთიანმა ოჯახის წევრები ამოხოცა. ამ უბედურების შესახებ თავის დროზე ბევრი რამ დაიწერა. ხალხმა ეს ტრაგედია ჯვრის აღმართვას დაუკავშირა და ითქვა, რომ ამ პროცესში დავით გოლეთიანიც მონაწილეობდა, რაც სინამდვილეს არ შეეფერება.

ენძელა მაჭავარიანი:

- ეს უბედურება უმართებულოდ დაუკავშირეს სამების ტაძარში ჯვრის აღმართვას. ამ პიროვნების ვინაობა ტრაგედიის შემდეგ გახდა ჩვენთვის ცნობილი. როგორც გავარკვიეთ, მას ჯვართან შეხებაც არ ჰქონია. ჯვარი რუსთავში ს/ს "სარინში" დამზადდა. ათასჯერ მაინც განვაცხადეთ, რომ ამ პიროვნებას იმ ტერიტორიაზეც კი არ გაუვლია. ჯვარი საპატრიარქოს გალვანურ საამქროში მოოქროვდა და რამდენადაც გამოვიკვლიე, იმ საამქროში დავით გოლეთიანს მხოლოდ ელექტროჩამრთველი შეუკეთებია... რაც ითქვა, სიცრუეა. არ ვიცი, ვის რაში დასჭირდა ამ ტყუილის გავრცელება. ჯვრის აღმართვაში მონაწილე ყველა ადამიანის ვინაობა აღწერილია ჩვენს არქივში. წიგნი გამოვეცით. ბევრი რამ ვერ მოხვდა ამ წიგნში, მაგრამ აქ უამრავი შრომაა ჩადებული. პირველი ეტაპი დასრულდა და იმდენი მასალა გვაქვს, რომ რამდენიმე ტომი შეიძლება გაკეთდეს. კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი, უფლის სასწაულის იმედი გვაქვს და გვჯერა, ყველა სურვილი ასრულდება.

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"