1968 წელს გადაღებული ლეგენდარული ფილმის, "რომეო და ჯულიეტას" ვარსკვლავები, ოლივია ჰასი და ლეონარდ უაითინგი Paramount Pictures-ს უჩივიან და 500 მილიონ დოლარს მოითხოვენ. მსახიობების თქმით, მიზეზი ისაა, რომ ისინი არასრულწლოვნები იყვნენ, როცა "შიშველ სცენაში" გადაიღეს.
ფრანკო ძეფირელის ფილმის გადაღებების დროს ოლივია ჰასი 15-ის, ხოლო ლეონარდ უაითინგი 16 წლის იყო. მსახიობებმა სარჩელი სანტა-მონიკას უმაღლეს სასამართლოში შეიტანეს.
ამჟამად ისინი 71 და 72 წლის არიან. მსახიობები Paramount Pictures-ს სექსუალურ ექსპლუატაციაში და მოზარდობის ასაკში მათი შიშველი კადრების გავრცელებაში ადანაშაულებენ.
მათივე თქმით, კინოსურათის გადაღებისას რეჟისორმა მათ უთხრა, რომ ფილმში სიშიშვლე არ იქნებოდა და მათ ხორცისფერ საცვლებს ჩააცმევდნენ, მაგრამ მოგვიანებით, აზრი შეიცვალა. გადაღების ბოლო დღეს ძეფირელი ამბობდა, რომ "ფილმი ჩავარდებოდა" თუ მსახიობები შიშვლები არ იქნებოდნენ.
"ოსკარის" 4 ნომინაციაზე წარდგენილი ფილმის მსახიობების მენეჯერი, ტონი მარინოცი ამბობს: "ისინი ენდობოდნენ ფრანკოს. ფრანკო მათი მეგობარი იყო და გულწრფელად რომ ვთქვათ, რა უნდა გაეკეთებინათ 16 წლისებს?!"
მსახიობების თქმით, ფილმის გამოსვლიდან 55 წლის განმავლობაში მათ ფსიქიკური ტანჯვა და ემოციური სტრესი განიცადეს და ამის გამო არაერთი სამუშაო შესაძლებლობა დაკარგეს.
წყარო: mirror
მოამზადა: ანა სიბოშვილმა