1 - ლ იანვარს, დაახლოებით ღამის 12 საათზე, მესტიის რაიონის ეცერის თემის სოფელ ჭელირში სისხლიანი გარჩევა მოხდა - კონფლიქტი ორ გვარს შორის სიტყვიერი დაპირისპირებით დაიწყო, რასაც ორმხრივი სროლა მოჰყვა. სროლის შედეგად გარდაცვალნენ გიორგი პაკელიანი და გურამ აფრასიძე, დაჭრილია ერთი - მოკლული გიორგი პაკელიანის ძმა, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.
შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს, თუმცა დაჭრილი ახალგაზრდების გადარჩენა ვერ მოხერხდა. ერთ-ერთი გარდაცვლილი - 28 წლის გიორგი პაკელიანი, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი მორიგეობიდან ახალი დაბრუნებული იყო, როცა უბანში მოქეიფე მეზობლებს შეუერთდა. როგორც თანასოფლელები ამბობენ, პირველმა აფრასიძეებმა დაიწყეს სროლა.
შსს იუწყება, რომ გვარებს შორის მომხდარი სასტიკი ანგარიშსწორების საქმეზე სს საქმე 109-ე მუხლითაა აღძრული (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში).
სამართალდამცველებს ამ დროისთვის 2 პირი ჰყავს დაკავებული.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მესტიაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით 2 პირი დააკავეს. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულნი არიან: 1952 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.ა. და 1997 წელს დაბადებული გ.ც. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
"ყოფილა ჩხუბი, მაგრამ იქ არ ვიყავი და არ შევსწრებივარ. მე რომ ჩავედი, ჩემს უმცროს ბიჭს, რომელიც დაჭრილია, გიორგი კალთაში ეწვინა და სასწრაფო დახმარებას ითხოვდა," - განაცხადა "რუსთავი 2" - თან მოკლულ გიორგი პაკელიანის დედამ. მისი თქმით, მის შვილებს გურამ აფრასიძის მამამ ესროლა, რომელიც დაკავებულია.
ambebi.ge ჭელირის მკვიდრს ესაუბრა, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა:
"დაპირისპირება გვარებს შორის არსებულ ძველ უთანხმოებას უკავშირდება - პაკელიანებსა და აფრასიძეებს შორის კონფლიქტი წლების წინ დაიწყო, რის გამოც პაკელიანები კახეთში, ლაგოდეხის რაიონშიც კი გადავიდნენ საცხოვრებლად. სამწუხაროდ, მათ იქაც უბედურება დაატყდათ თავს - მოკლეს ოჯახის მამა როლანდ პაკელიანი, რომელიც საოცრად კარგი ადამიანი და მხატვარი იყო. როგორც ამბობენ, ის ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა. რამდენიმე წელია, რაც პაკელიანები ეცერში დაბრუნდნენ, თითქოს შერიგდნენ კიდეც გვარები, მაგრამ როგორც ჩანს, მათ წყენა მაინც ჰქონდათ გულში, ძველი უთანხმოება გაიხსენეს და ჩხუბიც დაიწყო. გიორგი პაკელიანი, სოფელ ნაკრაში მესაზღვრედ მუშაობდა, იმ საღამოს მორიგეობიდან დაბრუნდა. აფრასიძეები უბანში აღნიშნავდნენ ახალ წელს, ყველანი ნასვამები იყვნენ, გიორგი - ნაკლებად, სამსახურში იყო და მეგობარს წამოუყვანია ნაკრადან. ჩხუბი და მკვლელობაც ქუჩაში, უბანში მოხდა. როგორც ამბობენ, მათ ისევ გაუხსენებიათ ძველი წყენა და დაიწყეს ჩხუბი, რასაც ეს უბედურება მოჰყვა. კიდევ კარგი, გიორგის ძმა მაინც გადარჩა, ის მსუბუქად დაიჭრა.
პაკელიანები და აფრასიძეები კარის მეზობლები იყვნენ... აწ გარდაცვლილ აფრასიძეს ცუდი სიმთვრალე ჰქონია და ყველა დათრობაზე ერთმანეთზე ჰქონიათ აგრესია. ეს უბედურება ღამით მოხდა, დაახლოებით 12 საათზე, ინფორმაცია ხალხში არაა გასული, არავის დაუნახავს ვინ ვის ესროლა, თუმცა ამბობენ, რომ პირველი გასროლა აფრასიძეების მხრიდან იყო. ორივე ბიჭი ცეცხლსასროლი იარაღითაა დაღუპული.
პოლიციელებმა დააკავეს გარდაცვლილის მამა - თენგო აფრასიძე, რომელიც ავტომატით ხელში ნახეს მეზობლებმა, მეორე დაკავებული კი გოგა ცინდელიანია, ვინც გიორგი პაკელიანი ნაკრადან შინ წამოიყვანა“, - გვიყვება წყარო.
ტრადიჩიები... ქართველობას გვართმევნ...
აი ასეთ გონებაშეზღუდულ ქცევას, ტრადიცია რომ ჰქვია, იმიტომ ვართ კაი ადგილას. რა უთანხმოება უნდა ჰქონდეს ორ ადამიანს ისეთი, ათწლეულები, მთელი გვარებით რომ გადაეკიდნონ ერთმანეთს ?! რა ვერ გაარკვიეს ტყუან-მართალი?!
მივეჩვიეთ ქართველები ერთმანეთის მიმართ შუღლს, ბოროტებას, არ დანდობას, გაუტანლობას... დაერთმანეთის მკვლელობასაც...
მკვლელობები, ავარიები, ნარკოტიკები... რამდენი დავრჩით ქართველები, რომლებიცქღთველობას გააგრძელება, გაამრავლებს!
მერაბ კოსტავას ადრე დაწერილი სიტყვებია:
დადგება დრო ქართველი ქართველს ხელის ცეცებით დაუწყებს ძებნასო...
ღმერთო იხსენ საქართველო!