ავტორი:

მესტიაში ორი ადამიანის მკვლელობისთვის ორი პირი დააკავეს - რას აცხადებს ერთ-ერთი მოკლულის დედა

მესტიაში ორი ადამიანის მკვლელობისთვის ორი პირი დააკავეს - რას აცხადებს ერთ-ერთი მოკლულის დედა

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეცერში გვიან ღამით მკვლელობა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ორი ადამიანი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დანაშაულზე 2 პირი დააკავეს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მესტიაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით 2 პირი დააკავეს. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულნი არიან: 1952 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.ა. და 1997 წელს დაბადებული გ.ც. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 1 იანვარს, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეცერში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, რამდენიმე პირს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალნენ 1989 წელს დაბადებული გ.ა. და 1993 წელს დაბადებული გ.პ., ხოლო 1998 წელს დაბადებულმა რ.პ.-მ ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული ორივე პირი ცხელ კვალზე დააკავეს. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს." - ნათქვამია უწყების მიერ გავრცეებულ განცხადებაში.

როგორც "კურიერთან" ერთ-ერთი მოკლულის, გიორგი პაკელიანის დედა ამბობს, ტრაგედია გვარებს შორის ადრე არსებულ დაპირისპირებას უკავშირდება.

"ყოფილა ჩხუბი მაგრამ იქ არ ვიყავი და არ შევსწრებივარ. მე რომ ჩავედი ჩემს უმცროს ბიჭს, რომელიც დაჭრილია, გიორგი კალთაში ეწვინა და სასწრაფო დახმარებას ითხოვდა," - აცხადებს გარდაცვლილის დედა.