რუსულმა მედიამ გასული წლის სკანდალური ქორწინებები შეაჯამა. სტატიაში ჩვენი ყურადღება ერთმა წყვილმა მიიქცია - 58 წლის ცნობილმა რუსმა ჟურნალისტმა ალექსანდრ გორდონმა მეხუთე ცოლად, 20 წლის სოფია კალანდაძე მოიყვანა. ქორწილი 2022 წლის მაისში შედგა. წყვილმა 2018 წელს გაიცნო ერთმანეთი, მედია ვარაუდობს, რომ მათი ურთიერთობის გამო დაინგრა გორდონის მეოთხე ოჯახი ნოზანინ აბდულვასიევათან, რომელიც 30 წლისაც არ იყო და ქალმა ჟურნალისტს ორი ვაჟი გაუჩინა.
"ჩვენ თავადაც შოკში ვიყავით, მაგრამ სიყვარული ასაკს არ ემორჩილება. ოჯახის ზოგიერთი წევრი დიდხანს ვერ შეეგუა ამ ამბავს, მაგრამ ახლა, მადლობა ღმერთს, ყველაფერი კარგად არის. რაც მთავარია, სოფია ბედნიერია. და თუ ეს მის ცხოვრებას ბედნიერებას მატებს, მაშინ ჩვენ ყველანი მომხრენი ვართ!" - განაცხადა პატარძლის უფროსმა დამ მედიასთან.
ცნობილი ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ობნინსკში დაიბადა, მაგრამ 4 წლის ასაკში დედასთან ერთად დედაქალაქში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც მამინაცვალმა გაზარდა. თეატრალური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ პირველ მეუღლესთან და შვილთან ერთად შტატებში გაემგზავრა, სადაც მალე ადგილობრივი რუსულენოვანი ტელევიზიის წამყვანი გახდა. 1997 წელს სამშობლოში დაბრუნდა. ერთ წელიწადში პოლიტიკით დაინტერესდა და საკუთარი პარტია შექმნა, მაშინ რუსეთის პრეზიდენტობაზე კენჭისყრასაც გეგმავდა, მაგრამ მოგვიანებით გადაიფიქრა და "საზოგადოებრივი ცინიზმის პარტია“ უცნობ ადამიანზე გაყიდა...
2001 წელს მისი პირველი გადაცემა "გორდონი" NTV-ზე გამოჩნდა. მოგვიანებით კი კინოსა და თეატრში, როგორც რეჟისორმა სცადა ბედი და საკმაოდ წარმატებულად... ალექსანდრე გორდონი იქცა ლეგენდად რუსული ტელევიზიისთვის. გამოკითხვების მიხედვით ის დღემდე, ასაკის მიუხედავად ტელევიზიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული წამყვანია.
ჟურნალისტის პირველი ცოლი მარია ვერდნიკოვა (გორდონი) გახლდათ, რომელიც მოსკოვში სწავლისას გაიცნო. ამ ქორწინებიდან გორდონს ერთი ქალიშვილი ანა ჰყავს. ბავშვი 1 წლის იყო, როდესაც ცოლ-ქმარი საცხოვრებლად შტატებში წავიდა, მაგრამ უცხოეთში მათი ოჯახური ცხოვრება დაინგრა. მარია ვერდნიკოვა სამუდამოდ დარჩა შტატებში და ის დღეს პოლიტიკური დამკვირვებელია, რომელიც თანამშრომლობს რუსულენოვან მედიასთან და წერს ისტორიულ რომანებს.
ალექსანდრემ და ნანამ ერთმანეთი ამერიკაში ცხოვრებისას გაიცნეს. ქართველი ჟურნალისტი ნანა კიკნაძე ქმარს დაშორებული იყო და შვილთან, ნიკასთან ერთად ნიუ-იორკში ცხოვრობდა. ალექსანდრეს ის თავდავიწყებით შეუყვარდა. წყვილი ერთად აკეთებდა საკულტო გადაცემას "ნიუ-იორკი, ნიუ-იორკი...“ ისინი შვიდი წელი იყვნენ ერთად და მათ ოჯახურ ცხოვრებას, სკანდალებითა და მშფოთვარე შერიგებებით, მედია მშვიდს ვერ უწოდებდა. მიუხედავად დიდი ხნის ერთობლივი ცხოვრებისა, ნანამ და ალექსანდრემ ურთიერთობა ოფიციალურად არ გააფორმეს.
რუსეთში დაბრუნებული ალექსანდრე შემთხვევით შეხვდა კატია პოდლიპჩუკს, რომელიც მასზე თექვსმეტი წლით უმცროსი იყო. გოგონა მალე მისი ცოლი გახდა. მაშინ ალექსანდრე ოცდათექვსმეტი წლის იყო, ეკატერინე კი - ოცის. ექვსი წლის შემდეგ ეს ქორწინებაც დაიშალა.
გორდონი შემდეგ ცოლს უნივერსიტეტში მუშაობისას შეხვდა, ნინა ტრიგორინა მხოლოდ თვრამეტი წლის იყო. 2011 წლის ზამთარში წყვილმა ოფიციალურად იქორწინა. ორი წლის შემდეგ ოჯახი დაინგრა მას შემდეგ, რაც ნინამ გაიგო, რომ ქმარი კრასნოდარელ ჟურნალისტ ელენა ფაშკოვასთან ღალატობდა. ფაშკოვამ გორდინისგან შვილი გააჩინა, მაგრამ მათ არ უქორწინიათ.
მორიგი განქორწინების შემდეგ, ალექსანდრე გორდონის პირადი ცხოვრება არ გაჩერებულა - ის შეხვდა 26 წლის ნოზანინ აბლდულნასიევას, რომელიც მალე მისი მეოთხე, ოფიციალური ცოლი გახდა. გოგონა მომავალ მეუღლესთან შეხვედრის დროს ჯერ კიდევ სტუდენტი იყო. ნოზანინისა და ალექსანდრეს ქორწილი 2014 წელს შედგა და მალევე წყვილს ორი შვილი შეეძინა, მაგრამ მედიის ინფორმაციით, მათი ქორწინება სოფია კალანდაძემ დაანგრია.
გოგონა 2001 წლის 13 აგვისტოს, მოსკოვში დაიბადა. ჰყავს მამა ვიქტორ კალანდაძე, დედა ოლგა, რომელიც ცნობილი რუსი პიანისტის, ბორის ბერეზოვსკის დაა და სამი უფროსი და.
2020 წელს კალანდაძემ დაამთავრა გნესინის კოლეჯი. ქალი რუსეთის დიდი თეატრის ორკესტრში არფაზე უკრავს. სოფია მრავალი პრესტიჟული რუსული და საერთაშორისო კონკურსის ლაურეატია. მისი პირადი ცხოვრების შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი, ვიდრე მის ცხოვრებაში ალექსანდრე გორდონი გამოჩნდებოდა.
სოფია კალანდაძის ქართული ფესვების შესახებ, რუსულ მედიაში არაფერია ცნობილი. ის გორდონის ცოლების სიაში კიკნაძის მერე, მეორე ქართველ მეუღლედ არის მოხსენიებული. როგორც მისი "ინსტაგრამგვერდიდან" გავარკვიეთ, პუტინის აქტიური მხარდამჭერია და წინასაახალწლოდ უკრაინასთან ომში დაჭრილი რუსი ჯარისკაცები მოინახულა. სოფია კალანდაძე "ინსტაგრამზე" წერს:
"ჩვენმა ორკესტრმა შეაგროვა საახალწლო საჩუქრები დაჭრილი ჯარისკაცებისთვის და ოფიცრებისთვის. რამდენიმე დღის განმავლობაში ყველაფერი შეფუთული იყო, მერე საჩუქრებით დატვირთეს ავტობუსი და წავედით მოსკოვის მახლობლად მდებარე საავადმყოფოებში, სადაც კონცერტები გავმართეთ და საჩუქრები დავარიგეთ. ყველაფერი იდეალურად იყო, აუდიტორია ყველგან საოცარად დაგვხვდა, ყველა გაერთო, სცენაზეც და დარბაზშიც!
კონცერტის შემდეგ ჩვენი ორკესტრის წევრებმა ყველა პალატა მოიარეს. ყველას მიულოცეს და მალე გამოჯანმრთელება უსურვეს.
რა თქმა უნდა, ეს არის ყველაზე მცირე, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენი ბიჭებისთვის! რა უნდა ვთქვა… საოცარი მცველები გვყავს! სულით ძლიერი, საიმედო, კეთილი და მხიარული! მათთან ერთად რუსეთი დაუმარცხებელია!“