ავტორი:

"მაკდონალდს საქართველო" გაფართოებას აგრძელებს - კომპანიამ ქვეყნის მასშტაბით 21-ე რესტორანი რუსთავის გზატკეცილზე გახსნა

"მაკდონალდს საქართველო" გაფართოებას აგრძელებს - კომპანიამ ქვეყნის მასშტაბით 21-ე რესტორანი რუსთავის გზატკეცილზე გახსნა

3 ახალი და ჯამში 21 რესტორანი ქვეყნის მასშტაბით, 26 მილიონი ლარის ინვესტიცია, 24 მილიონ ლარამდე შენატანი ბიუჯეტში, 1500-ზე მეტი დასაქმებული და მილიონობით კმაყოფილი მომხმარებელი, საერთაშორისო ჯილდოები, ინოვაციები, ახალი ერთგული სტუმრები და მაკმენიუს ახალ-ახალი შეთავაზებები – ასეთი იყო „მაკდონალდს საქართველოს“ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული - 2022 წელი, რომელიც კომპანიამ თბილისში მესამე ახალი რესტორანის გახსნით დაასრულა.

რესტორანი, სადაც მხოლოდ გამორჩეული გემო, კომფორტი, ხარისხი, სწრაფი და ინოვაციური მომსახურება, საყვარელი მენიუები და გარემო გხვდება - ასე გამოარჩევენ ერთგული მომხმარებლები „მაკდონალდს საქართველოს“ რესტორნებს. სწორედ ეს ერთგულება და ნდობა განსაზღვრავს იმ უწყვეტ განვითარებასა და მასშტაბურ წარმატებას, რასაც კომპანია 23 წელია დამაჯერებლად აღწევს.

წინასაახალწლოდ „მაკდონალდს საქართველომ“ ერთგული მომხმარებლისთვის ახალი რესტორანი ამჯერად რუსთავის გზატკეცილზე გახსნა. და რა თქმა უნდა, რთულად დასაჯერებელი იქნებოდა, ახალი რესტორნის გახსნასთან ერთად, კომპანიას მომხმარებლების საახალწლო განწყობის შექმნაზე არ ეზრუნა. ჯადოსნური ახალი წლის მოახლოება რესტორნის სტუმრებს ყველასთვის საყვარელმა, ზღაპრულმა და პოზიტიური ემოციებით დატვირთულმა კოკა-კოლას საახალწლო ქარავანმა ამცნო. ბრჭყვიალა ქარავანმა ყველას ნამდვილი საახალწლო ზეიმი მოუწყო და დაუვიწყარი თავგადასავალი აჩუქა.

ახალგახნილ რესტორანში მისულ სტუმრებს ტრადიციულად, სწრაფი და კომფორტული სერვისი ელით. აქვეა ყველასთვის უკვე კარგად ნაცნობი მაკკაფეც, რომელიც არომატული ყავისა და გამორჩეული დესერტების მოყვარულთა საყვარელი ადგილია. რესტორნის ტერასაზე კი, რომელიც მტკვარს გადაჰყურებს, შეგიძლიათ შთამბეჭდავი ხედებით დატკბეთ. უშუალოდ დარბაზის უმეტესი ნაწილი დიდ ვიტრაჟებშია, რაც განსაკუთრებულ იერს სძენს მას. „მაკდონალდსის“ ყველა რესტორნების მსგავსად, ახალი რესტორნის ინფრასტრუქტურაც მორგებულია შშმ პირებზე. გარდა ამისა, რესტორანი დრაივის ზოლითაა და მომხმარებელს მაკდრაივის 24-საათიან მომსახურებას სთავაზობს.

რუსთავის გზატკეცილზე მდებარე რესტორანში მისულ მომხმარებელს „მაკდონალდსი“ დამატებით კომფორტს სთავაზობს, ვინაიდან ამავე ტერიტორიაზე, რესტორნის გარდა, მომხმარებელს შეუძლია სხვადასხვა სერვისით ისარგებლოს, მათ შორის ბენზინგასამართი სადგურითა და ტექინსპექტირების ცენტრით, ასევე სიახლოვეს მდებარე სუპერმარკეტით.

რესტორანში სტუმრობა და „მაკდონალდსის“ გამორჩეული გემოების, საყვარელი მენიუების დაგემოვნება მომხმარებელს ორი პარალელური ქუჩიდან ( რუსთავის გზატკეცილი და გორგასლის ქუჩა) შეუძლია.

ახალ საინვესტიციო პროექტში კომპანიამ 7 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა და 60-მდე ადამიანი დაასაქმა.

რუსთავის გზატკეცილზე მდებარე რესტორნის გარდა, წელს „მაკდონალდსმა“ თბილისში ორი ახალი რესტორანი გახსნა - კახეთის გზატკეცილსა და ისანში, „ისანი მოლთან“.

თბილისის ორივე რესტორანში კომპანიამ ჯამურად 20 მილიონ ლარამდე ინვესტიცია განახორციელა და 100-ზე მეტი ადამიანი დაასაქმა.

ამასთან, კომპანია ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელიცაა - დღეის მდგომარეობით, „მაკდონალდს საქართველო“ 1 500-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გახსნის პირველი დღიდან დღემდე, „მაკდონალდსში“ სამუშაო გამოცდილება 7 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო.

საქართველოს მასშტაბით მაკდონალდსის რესტორნების რაოდენობამ 20-ს გადააჭარბა. უახლოეს წლებში კომპანია კვლავინდებურად გეგმავს მსხვილი ინვესტიციების განხორციელებას, სხვადასხვა ქალაქებში ქსელის გაფართოებას და წარმატებული ისტორიის გაგრძელებას, რომლის მთავარ პრინციპს ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა, სერვისების მუდმივი გაუმჯობესება და მომხმარებლისთვის მეტი კომფორტის შექმნა წარმოადგენს.

R