საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას, სხვა თემებთან ერთად, კონფლიქტების მიმართულებითა და საქართველოს სამშვიდობო კურსის ურყეობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ "აფხაზეთში 10 მილიარდის ინვესტიცია შეგვიძლია და ის შეიძლება გახდეს მონაკო".
პრემიერის თქმით, ქვეყანას მშვიდობიანი პოლიტიკა აქვს არჩეული და ეს არ გადაიხედება.
"ჩვენ გვინდა, ომებით მიღებული ჭრილობები მოვიშუშოთ და ყველამ ერთად ვიცხოვროთ ძლიერ, ერთიან ევროპულ საქართველოში... აფხაზეთის ბიუჯეტი სულ რაღაც ასეულ მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. მათი ეს ბიუჯეტი სრულიად დოტაციაზეა. აფხაზი და ოსი ძმების და დებისთვის ეს არის გაშვებული შესაძლებლობა. ჩვენი ქვეყნის გაერთიანების შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია, პირველ სამ წელიწადში დაახლოებით 10 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია განვახორციელოთ აფხაზეთში, ასევე, სამაჩაბლოში. ძალიან მარტივად შეიძლება ამის ორგანიზება, ჩვენ ეს გააზრებული გვაქვს... აფხაზეთი შეიძლება გახდეს მეორე მონაკო. ამის უზარმაზარი პოტენციალი აქვს. და სოხუმი მეორე მონტე-კარლო. ეს არ არის გადაჭარბებული შეფასება" - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა
"რამდენიმე სამოქალაქო აქტივისტი მიიჩნევს, - რომ არა რუსეთი და ცოტათი პროტესტის შიში, შესაძლოა, მაგ თანხის გამო და რაღაც უფლებების შენარჩუნების გარანტიით, მართლაც ეთანამშრომლათ ქართულ მხარესთან, მით უფრო, ახლა, როდესაც ქვეყანაში უმძიმესი ეკონომიკური პირობებია - მთელი ზამთარი წინ არის, აფხაზეთში კი, კრიზისი ყოველდღე მწვავდება, მოსახლეობამ არ იცის, როდის გაუწყდება მოთმინების ძაფი", - წერენ ადგილობრივები.
ekhokavkaza.com-ის ცნობით, ბოლო ხანებში, აფხაზეთში ქალაქებში ბინის ფასები, რუსეთის, კერძოდ, მეზობელი სოჭისას არ ჩამოუვარდება. ზოგ შემთხვევაში, რუსეთის გარკვეულ პროვინციებში არსებულს ბევრად უსწრებს, ზოგან კი, მეგაპოლისის ფასებსაც უტოლდება.
ადგილობრივების თქმით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, აფხაზეთში ბინების კვადრატულობის ფასი 145-დან 155 ათას რუბლამდე გაიზარდა. გაძვირდა ორსართულიანი სახლების ფასები, ყველაფრით უზრუნველყოფილი ორსართულიანი სახლის ფასი, დაახლოებით, 20 მილიონ რუბლამდე ღირს.
"ალბათ ბატონმა ღარიბაშვილმა არ იცის, რომ ჩვენ უკვე ვართ მონაკო, ოღონდ დენი და წყალი არ გვაქვს, მაგრამ ტურისტების რაოდენობით, ევროპის არცერთ ქვეყანას არ ჩამოუვარდებით... ბინის ფასი ყოველდღიურად მატულობს, მაგრამ მაინც იყიდება და ძალიან სწრაფად. ჩვენი მთავრობა გვეუბნება, რომ ამ ბინებს სულ ჩვენიანები ყიდულობენ, თურმე ახალგაზრდა წყვილებისთვის, სიძის ან რძლისთვის საჩუქრად, მაგრამ საინტერესოა, ამ საყოველთაო კრიზისში ერთბაშად ამდენ ადამიანს ბინის შესაძენი ფული როგორ აღმოაჩნდა", - წერს ვერონიკა ხარაზია.
"აქ ფულის ჩადებას ყველა აპირებს, მაგრამ სათავისოდ. ბატონი ღარიბაშვილი ისე გველაპარაკება, თითქოს, თავის ქვეყანაში ყველაფერი აწყობილი ჰქონდეს... თუმცა, სამართლებრივ ფორმებს თუ დავიცავთ, ეკონომიკურ და სავაჭრო თანამშრომლობაში ცუდი არაფერია, მაგრამ ყველა დეტალი წინასწარ უნდა იყოს დაზუსტებული...
მონაკო და მონტე-კარლო არ ვიცი, მაგრამ რა არის იმაში ცუდი, თუ აფხაზეთის ეკოლოგიურად სუფთა ციტრუსის საქართველოს ბაზრებზე შეტანა თავისუფალი იქნება, იქიდან კი, სხვა საქონელს შემოვიტანთ, თუნდაც თურქულ მედიკამენტებს, აქ რომ ხუთმაგს ვიხდით, ფასები ყოველდღე მატულობს, ხელფასი კი, იგივე რჩება... ეს ქვეყანა, რამდენიმე ათეული, მთავრობასთან შეკრული გავლენიანი პირის არ არის, აქ ჩვენც ვცხოვრობთ და თუ არაფერი შეიცვლება, მოსახლეობას, იმისთვის, რომ გადარჩეს, აუცილებლად მოუწევს მონაკოს თუ სხვა მოდელის დათანხმება" - მიაჩნია ინტერნეტმომხმარებელ ოლესია მალის.
აფხაზეთის, ე.წ. დეპუტატის ადგურ ხარაზიას თქმით, ხელმძღვანელობა თავს იმით იქებს, რომ რუსეთში ციტრუსის გაყიდვის რეკორდი მოხსნა, რაც სინამდვილეში სულაც არ არის საამაყო.
"თუ შენ მიწას მისცემ, რა თქმა უნდა, მანდარინსაც წაიღებენ და სხვა დანარჩენსაც... რასაკვირველია, ასეთ შემთხვევაში, აფხაზური ციტრუსი რუსულ ბაზარზე უკონკურენტო იქნება" - ამბობს ხარაზია.
ნახეთ ასევე: