ავტორი:

"არც ნაძვის ხე მაქვს, არც - სამზადისი... თუ გოზინაყი და ტოლმა არ მექნება, შემწვარ კარტოფილს შევჭამ, შარშან ერთი ჭიქა ღვინით შევხვდი" - ქეთი ხუციშვილის განსხვავებული ახალი წელი

"არც ნაძვის ხე მაქვს, არც - სამზადისი... თუ გოზინაყი და ტოლმა არ მექნება, შემწვარ კარტოფილს შევჭამ, შარშან ერთი ჭიქა ღვინით შევხვდი" - ქეთი ხუციშვილის განსხვავებული ახალი წელი

ქეთი ხუციშვილის მიერ "ჩცდ"-ში შექმნილი ქართლელი ქალის პერსონაჟი ყველას უყვარს. ამ როლმა დიდი პოპულარობა და წარმატება მოუტანა... დღეს ქეთი კომედიური გადაცემის მსახიობია და მაყურებელს მისი დანახვა ყველგან სიამოვნებს.

ქეთი ხუციშვილს წინასაახალწლოდ შევეხმიანეთ, რათა გაგვეგო, როგორ ემზადება ახალი წლისთვის და ამ დღესასწაულის აღნიშვნის რა ტრადიცია აქვს. საუბარი მისი საყვარელი კუთხიდან - ქართლიდან დავიწყეთ.

- ქეთი, შენი პერსონაჟი - მთვარისა ქართლშიც მოსწონდათ?

- ქართლელებისგან მთვარისა-ლუნას გამო არანაირი აგრესია არ მიგრძვნია, მიმიღეს, მოეწონათ. დღემდე ღიმილით, სიყვარულით და თბილად მხვდებიან. ეს ხომ პერსონაჟია... ცხოვრებაში არავისთვის დამიცინია. არც კონკრეტული ადამიანი ამომიღია მიზანში, მთვარისა ჩვეულებრივი პერსონაჟია.

- კასპის რაიონის სოფელი ხოვლეა შენი წინაპრის წარმოშობის ადგილი... ახალი წლის დღესასწაული როგორი იყო იქ?

- მეხუთე კლასი კასპში რომ დავამთავრე, იმ პერიოდში ჩვენი ოჯახი საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა. როცა ქართლში ვხვდებოდით ახალ წელს, ასე მკაფიოდ დეტალები არ მახსოვს, პატარა ვიყავი, თან დღესასწაულებზე თბილისში მოვდიოდით ხოლმე. ნათესავები თბილისში გვყავდა და მამას აქეთ მოვყავდით. კასპში დედაჩემის მშობლები ცხოვრობდნენ, სოფელში - მამაჩემის და რამდენჯერმე ძველით ახალ წელს იქ შევხვედრილვართ. საერთოდ, სოფელში უფრო ძველით ახალი წელს აღნიშნავენ. თბილისში რომ გადმოვედით, მერე იქით ზაფხულობით არდადეგებზე ჩავდიოდით.

- რა არის ეს კუთხე შენთვის?

- ქართლი ზოგადად, ჩემთვის მთელი ჩემი ბავშვობაა, ჩემი მშობლები, მოგონებები, სიყვარული და ურთიერთობა. ყველა კუთხე მიყვარს, მაგრამ ქართლთან სხვანაირი ბმა მაქვს და განსაკუთრებით მიყვარს.

- როგორები არიან ამ კუთხის ადამიანები - როგორ დაახასიათებდი მათ?

- ძალიან კარგები, ემოციურებიც, იუმორითაც გამოირჩევიან. კახური იუმორიც მიყვარს, გურულიც, მაგრამ ჩვენკენ სხვანაირად ხუმრობენ, ამ ხალხში რომ გავიზარდე, შეიძლება, ასე ამიტომ ვფიქრობ. მე და ჩემს დას განსაკუთრებულად მოგვწონს ქართლელების იუმორი. შორს რომ არ წავიდე, მამაჩემზე ვიტყვი, უცბად საუბარში ისეთ რაღაცას იტყვის, სიცილით გაიგუდები, გეგონება მოიფიქრა, დაგეგმა და მერე თქვაო. არადა, იმ წუთას, სიტუაციურად ამბობს. ასევე არიან იქაური მეზობლები, უმაგრესი ხალხი, სანათესავო, - ადგილობრივები სიალალით, სილაღით გამოირჩევიან.

- მიიწურა 2022 წელი, როგორ აჯამებ მას?

- პირადად მე კმაყოფილი ვარ, რომ ვთქვა, რამე განსაკუთრებული მოხდა ჩემს ცხოვრებაში-მეთქი, არაფერი. მე საერთოდ, ვაფასებ და ვაჯამებ წლის ყოველ დღეს და ჩემი ყოველდღიური ცხოვრებით ვარ კმაყოფილი. ელემენტარულში ვპოვებ ბედნიერებას, - ბავშვობიდან ასეთი ვარ. ელემენტარულ რაღაცას ჩემთვის სიხარული მოაქვს. საერთო ჯამშიც ხალისიანი და კარგი წელი იყო, ბედნიერება არაა, ჩემს შვილს რომ ვუყურებ? მისი ხმა მესმის. აუცილებლად გრანდიოზული რამ უნდა მოხდეს, რომ ბედნიერება მას დავარქვათ?

- მართალია. გრანდიოზულია თავად ყოველი დღე...

- დიახ და ეს არ არის ფორმალური საუბარი, მართლა გულით და სულით ვაფასებ ყოველ დღეს და მადლიერი ვარ. იმედი მაქვს, შემდეგი წელიც ასეთივე იქნება. მარტო ჩემთვის კი არა, ყველასთვის. გვერდით გაღიმებულ ადამიანს რომ ვხედავ, მეც მიხარია, რატომ უნდა ვიყო მოღუშული სახით?!. მერე ის შენზეც გადმოდის. ყველა მინდა, რომ კარგად იყოს.

- წინასაახალწლო პერიოდია, ამ დღესასწაულის შესახვედრად ყველა ემზადება, რაღაცას ფუსფუსებს. როგორ ემზადები და წინასაახალწლოდ რა ტრადიციები გაქვს?

- რასაც ახლა ვიტყვი, მკითხველმაც მინდა, კარგად გაიგოს, არ მინდა ისე ეგონოთ, სამზარეულოს არ ვეკარები და არაფრის გაკეთება არ ვიცი. ყველაფრის მომზადება ვიცი, მაგრამ როგორც გითხარით, გურმანი არ ვარ, თან, სახლში მარტო მე და ჩემი შვილი რომ ვართ და მთელი დღე ორივე სამსახურებში, კერძების მომზადება დიდად სახლში არ მიწევს. საახალწლოდაც არანაირი სამზადისი არ მაქვს.

- ნაძვის ხესაც არ დგამ?

- არ მომირთავს და არც მიყიდია. ისიც არ ვიცი, ვიყიდო თუ არა, თუ ვიყიდი, ძალიან პატარას, სუვენირის მსგავსს. არ გაიკვირვოთ და ნაძვის ხის დადგმის და მორთვის ტრადიციაც არ მაქვს, თითქოს ამის საჭიროებას დიდად ვერ ვხედავ. ისე, სხვები ამას რომ აკეთებენ, მომწონს. რა მოხდა თუ ნაძვის ხე არ იქნება სახლში. არა უშავს, არ არის პრობლემა - მე ამ საკითხს ასე ვუდგები. ასევე ვარ საახალწლო კერძების მომზადებასთან დაკავშირებითაც. თუ გოზინაყი და ტოლმა არ მექნება, შემწვარ კარტოფილს მივირთმევ. შარშან ერთი ჭიქა „საფერავით“ შევხდი. მოკლედ, საჭიროდ არ მიმაჩნია, რომ რამე გავაკეთო.

- ალბათ ესეც შენი ტრადიციაა...

- კი. ხომ შეიძლება, მე ასეთი ტრადიცია მქონდეს? ბავშვობაშიც არასდროს ჩავბმულვარ ამ სამზადისებში. დიდი-დიდი ნაძვის ხეზე ერთი სათამაშო ჩამომეკიდა. განსაკუთრებულ ინტერესს ჩემში ნაძვის ხის მორთვა არ იწვევდა და ალბათ, იქიდან მომყვება ეს. ხომ ვამბობ, ამის საჭიროებას ვერ ვხედავ.

- ახალი წლის ღამეს სუფრასთან არ ხვდები?

- არა, არა (იცინის).

- შეიძლება დაიძინო კიდეც?

- კი, რა თქმა უნდა, ახალი წლის ღამეს, 1-ელის 10 წუთზე ლოგინში ვწევარ და ვიძინებ. გათენებაც არ შემიძლია, ვერ ვათენებ. მეორე დღეს მოწყვეტილი ვარ, მირჩევნია, დავისვენო. „ბათქა-ბუთქი“ რომაა ხოლმე, იმას ვეგებები, ფანჯრიდან ვუყურებ, სურვილებს ჩავიფიქრებ, მიხარია, რომ ყველა ბედნიერია, კარგად არის და ამით კმაყოფილი ვწვები და ვიძინებ.

- ვინმე ახლობელი დიასახლისისთვის ხომ არ გითქვამს, კარგი დაისვენე, რა არის ამდენი თავი კერძის მომზადებაო?

- ასე არ მითქვამს, რადგან ის ადამიანი იმიტომ შრომობს, რომ ასე უნდა და ეს მისი ტრადიციაა. უბრალოდ, გაკვირვებულს და გაოგნებულს მისთვის მითქვამს, - ყოჩაღ შენ ქალობას, რომ ამდენი დასახელების კერძის გაკეთება შეგიძლია, ამის პარალელურად კიდევ ფორმაში ყოფნაც, სტუმრების მიღება, გასტუმრება, მერე ჭურჭლის დარეცხვა და სახლის დალაგება... ასეთ ქალებს ბრავო, ბრავო და კიდევ ბრავო! მათ ჩემგან დიდი მოწიწება, დიდი სიყვარული. საოცარი და სამაგალითო ქალები არიან. გაოცებული ვუყურებ. ისე, შეუძლებელიც რა არის? რომ მოვინდომო, შეიძლება მეც გავაკეთო, მაგრამ არ ზის ჩემში, ეს უნდა იყოს ადამიანში, რომ ამის გაკეთება შეძლოს. მე ამას ვერ გავაკეთებ. ეს მინუსია თუ პლუსია, არ ვიცი...

- მეკვლეობასთან დაკავშირებით რა აზრი გაქვს?

- 17 დეკემბერს ბარბარობას მე და ჩემი შვილი 4 ოჯახის მეკვლე ვიყავით და ძალიან გვიხარია. მივედით ჩემს საყვარელ ადამიანებთან და მივულოცეთ. ჩვენთანაც პირველი ან ჩემი შვილი შემოდის სახლში, ან მე - ასე ხდება ხოლმე. ის ხალხი, ვინც ახალი წლის ღამეს საოცარ ჟრიამულში, ქეიფშია და გუგუნებს, ამას რომ წაიკითხავს, ალბათ გაოცდებიან, - ეს რა ტრადიციები ჰქონია ქეთისო, მაგრამ მოსატყუარიც არაფერია, ასეა ჩემთან და რა ვქნა?!

შვილთან ერთად

- ახალი წლის ღამეს არც ერთ ღონისძიებასაც არ დაესწრები?

- ერთ კორპორაციულზე ბათუში უკვე ვიყავი. 31-ში მე და ჩემს მეგობარს, შოთიკო ნოზაძეს ერთგან საღამო მიგვყავს და სახლში გვიან მომიწევს მოსვლა და ახლავე ვფიქრობ, დამეძინება თუ არა. მაგრამ რაც არის, ეგ არის.

- ახალ წელს ჩვენს მკითხველს, შენს მაყურებელს, მსმენელს რას უსურვებ?

- ჩემი სურვილია, პირველ რიგში მშვიდობა, მშვიდობის ფასი არაფერია ქვეყანაზე. ამასთან, ყველას, თითოეულ ადამიანს, ვისაც ვიცნობ, თუ არა, ჯანმრთელობას ვუსურვებ. მთავარი ჯანმრთელობა და მშვიდობაა და ამას ჩემს საყვარელ ხალხს, თითოეულს, ქალს, კაცს, მოხუცს, ბავშვს - ყველას ვუსურვებ. ოჯახებში ჯანმრთელობა და მშვიდობა ჰქონდეთ.