ავტორი:

"მისი ნიჭი ფუჭად გაფლანგეს, პოლიტიკური ნიშნით ბლოკავენ... ფსიქოლოგიურად განადგურდა" - ერდოღანი კრიშტიანუ რონალდუს შესახებ

"მისი ნიჭი ფუჭად გაფლანგეს, პოლიტიკური ნიშნით ბლოკავენ... ფსიქოლოგიურად განადგურდა" - ერდოღანი კრიშტიანუ რონალდუს შესახებ

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიიფ ერდოღანის თქმით, მსოფლიო ჩემპიონატზე კრიშტიანუ რონალდუ პოლიტიკური შეხედულებების გამო "დაბლოკეს"."რონალდუს ნიჭი ფუჭად გაფლანგეს. სამწუხაროდ, მას პოლიტიკურად ბლოკავენ“, - განაცხადა ერდოღანმა ერზრუმის პროვინციაში ახალგაზრდულ ღონისძიებაზე გამოსვლისას.

ერდოღანმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ რონალდუ მატჩებს სათადარიგო სკამიდან იწყებდა.

"იმ ფაქტმა, რომ რონალდუსნაირი ფეხბურთელი მატჩის უკანასკნელ 30 წუთზე შეიყვანეს მოედანზე, ის ფსიქოლოგიურად დაანგრია და მთელი ენერგია გამოაცალა", - თქვა ერდოღანმა. მისივე თქმით, რონალდუ პალესტინას უჭერს მხარს, რის გამოც, ის დაბლოკეს.

37 წლის ფეხბურთელი მსოფლიო თასის მეოთხედფინალში სათადარიგო მოთამაშედ გამოიყვანეს მოედანზე. თამაშში ის მეორე ტაიმიდან ჩაერთო. საბოლოოდ, მატჩი მაროკოელთა გამარჯვებით დასრულდა, ხოლო ეს მატჩი რონალდუსთვის მსოფლიო ჩემპიონატზე უკანასკნელი აღმოჩნდა.

ფეხბურთელზე ამ მარცხმა ისე იმოქმედა, რომ ცრემლები ვეღარ შეიკავა.

"მანჩესტერ იუნაიტედისა" და "მადრიდის რეალის" ყოფილი მოთამაშე პორტუგალია-შვეიცარიის თამაშშიც (მე-16 რაუნდი) სათადარიგო სკამზე იმყოფებოდა.

აღსანიშნავია, რომ რონალდუს არასდროს გაუკეთებია საჯარო განცხადება ისრაელისა და პალესტინის კონფლიქტზე. მიუხედავად ამისა, ამ თემასთან დაკავშირებით მრავალი ცრუ ინფორმაცია გავრცელდა.

რამდენიმე წლის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ როდესაც კრიშტიანუმ თავისი ოქროს ბუცი აუქციონზე 1.5-მილიონ ევროდ გაყიდა, თანხა პალესტინას გადაურიცხა. თუმცა ეს ინფორმაცია ფეხბურთელის ოფიციალურმა წარმომადგენელმა უარყო.

წყარო: aljazeera

მოამზადა: ანა სიბოშვილმა