ავტორი:

Ambebi.ge-ის მკითხველმა წლის ადამიანად დევი მეზურნიშვილი დაასახელა - ნახეთ, ვინ რომელ ადგილს იკავებს ჩვენს გამოკითხვაში

Ambebi.ge-ის მკითხველმა წლის ადამიანად დევი მეზურნიშვილი დაასახელა - ნახეთ, ვინ რომელ ადგილს იკავებს ჩვენს გამოკითხვაში

მსოფლიოსთან ერთად, საქართველომ ურთულესი წელი მოიტოვა უკან. 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრამ და შუაგულ ევროპაში სრულმასშტაბიანი ომის გაჩაღებამ, შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიო წესრიგი შეცვალა.

Ambebi.ge -მ ტრადიციულად, გადაწყვიტა, მკითხველთან ერთად გამოევლინა წლის ადამიანი. გამოკითხვა მიმდინარეობდა როგორც Ambebi.ge-ზე, ასევე kvirispalitra.ge - ზე, მასში მონაწილეობა სულ 20 872-მა ადამიანმა მიიღო.

ჩვენ საზოგადოებას 9 კანდიდატურა შევთავაზეთ, რომელთაგანაც ყველაზე მეტი ხმა ( 32,4%) მიიღო დევი მეზურნიშვილმა, მებაღემ, რომელმაც ვაკის პარკში, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ბავშვები გადაარჩინა.

შეგახსენებთ, 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში, შადრევანში ბავშვები ბურთის ამოსატანად ჩავიდნენ, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. მათ გადასარჩენად ჩავიდა დევი მეზურნიშვილის, რომელმაც სიკვდილისგან იხსნა 2 მოზარდი, ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას, მარიტა მეფარიშვილის გადარჩენა ვერ მოახერხა.

"ხალხი იყო შეკრებილი, ვერავინ ბედავდა ჩასვლას. ეგრევე ჩავხტი წყალში, რას წარმოვიდგენდი, დენის ამბავი თუ იყო. მერე კი მივხვდი, რაშიც იყო საქმე... რაც უფრო ახლოს მივდიოდი, დენის დარტყმა უფრო ძლიერდებოდა, მაინც შევძელი დენის ატანა და ორი ბავშვის გამოყვანა. მაინც გავრისკე, აბა, რა უნდა მექნა, შეიძლება იქ ჩემი შვილიც ყოფილიყო... ეს არ იყო გმირობა, მხოლოდ ბავშვების გადარჩენაზე ვფიქრობდი... ამ დღის გახსენებაზე სულ ვტირი", - ამბობდა დევი მეზურნიშვილი ambebi.ge -სთან ინტერვიუში . (იხილეთ სრულად)

მეორე ადგილზე 15.8%-ით გავიდა ხვიჩა კვარაცხელია. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის იტალიურ კლუბ "ნაპოლიში“ გადასვლამ წარმატება მოუტანა 21 წლის მარცხენა გარემარბსაც და მის სამშობლოსაც. დღეს მსოფლიოში ფეხბურთით დაინტერესებული ადამიანი იშვიათად მოიძებნება ალბათ, ვინც "კვარას“, იგივე "კვარადონას“ სახელი არ იცის. "ნაპოლის“ რიგებში რამდენიმე მატჩის ჩატარებაც საკმარისი გახდა, რომ მას ფეხბურთის ქომაგთა გული მოენადირებინა, საქართველოში კი დიდ-პატარა ფეხბურთის გულშემატკივრად ექცია.

მესამე ადგილზე კი 12.2%-ით გავიდნენ მამუკა მამულაშვილი და უკრაინაში მებრძოლი ქართველები. რუსეთის უკრაინაში შეჭრას არაერთი ქართველი მებრძოლი იარაღით უპირისპირდება, მათ შორის არაერთი შეეწირა ამ ომს. ბრძოლის ავანგარდშია "ქართული ლეგიონი", ხელმძღვანელ მამუკა მამულაშვილთან ერთად, რომელთან ინტერვიუსაც ambebi.ge დღეს შემოგთავაზებთ.

ნახეთ გამოკითხვის საბოლოო შედეგები: