ავტორი:

"კარგია, როდესაც ახალ წელს ოჯახში ხვდები, მაგრამ არც კი მახსოვს, ეს ბოლოს როდის იყო" - საახალწლო მილოცვა და სურვილები ფრონტის ხაზიდან: ინტერვიუ მამუკა მამულაშვილთან

"კარგია, როდესაც ახალ წელს ოჯახში ხვდები, მაგრამ არც კი მახსოვს, ეს ბოლოს როდის იყო" - საახალწლო მილოცვა და სურვილები ფრონტის ხაზიდან: ინტერვიუ მამუკა მამულაშვილთან

რუსმა ოკუპანტებმა 24 დეკემბერს, შობის წინა დღეს ხერსონი ბარბაროსულად დაბომბეს. როგორც უკრაინელები ამბობენ, ეს ომის მორიგი დანაშაული და შურისძიებაა ხერსონელებზე, რომლებმაც წინააღმდეგობა გაუწიეს ოკუპაციას და მთელ მსოფლიოს დაუმტკიცეს, რომ ხერსონი უკრაინაა. ხერსონი და დანარჩენი უკრაინა, რუსეთისგან საახალწლოდაც ელის მსგავსი ტერორისტული აქტების განხორციელებას.

უფრო ვრცლად იმის შესახებ, თუ როგორი ვითარებაა, წინასაახალწლოდ უკრაინაში და როგორია ქართველი მეომრების განწყობა, "ქართული ლეგიონის“ მეთაური, მამუკა მამულაშვილი გვესაუბრება. მან ქართველ მებრძოლებთან ერთად, ambebi.ge-ს გამოკითხვაში, რომლის შედეგადაც წლის ადამიანები გამოვავლინეთ, მესამე პოზიცია დაიკავა.

- რამდენჯერაც არ უნდა დაბომბონ რუსმა ტერორისტებმა უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობა, მაინც ვერ შეაშინებენ. ხალხი ყველაფრისთვის მზად არის. არის ინფორმაცია, რომ რუსები ამზადებენ კიევზე თავდასხმას, ჩვენ ამისთვის მზად ვართ.

- პრეზიდენტ ზელენსკის ვაშინგტონში ვიზიტმა და ამერიკის მხრიდან სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის დაპირებამ რა განწყობები შექმნა უკრაინაში?

- ამერიკისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა ნამდვილად იმედისმომცემი იყო. ახლა მთავარია, ამ განცხადებების სისრულეში მოყვანა. უკრაინაში ბრძოლის დაბალი მოტივაცია არც ადრე იყო, მაგრამ ამ შეხვედრამ კიდევ უფრო მეტად აამაღლა ჩვენი საბრძოლო განწყობა. მართლა ძალიან მნიშვნელოვანია ის ფინანსური და ტექნიკური დახმარება, საბოლოო გამარჯვების მისაღწევად.

- ზელენსკი ჯერ კიდევ არ იყო ვაშინგტონში ჩასული, რომ მოსკოვში მწვავე რეაქციები გამოხატეს. პუტინმა თავდაცვის სამინისტროს სხდომაზე განაცხადა, რომ მათი ინტერკონტინენტალური ბალისტიკური რაკეტები მზადყოფნაშია და ისიც აღნიშნა, - ვიცით, რაღაც მოძრაობებია მარჯვნივ, მაგრამ ეს ჩვენს გეგმებს არ ცვლის, ყველაფერი რეალიზებული იქნებაო...

- რუსებს რაკეტებს 24 თებრვლიდან ისვრიან და ასეთი მანიპულირებით ვერავის შეაშინებენ და ვერც გააკვირვებენ. სიმართლე თუ გინდათ, რუსებს არც აქვთ რეალურად ბალისტიკური რაკეტები, სხვადასხვა იარაღის მოდიფიკაცია მიდის, უბრალოდ, ცდილობენ მათ ხელთ არსებული იარაღი მიამსგავსონ ბალისტიკურს. რუსეთის შეიარაღება უკვე მძიმე დღეშია. საომარი რესურსი აღარ ჰყოფნით, უბრალოდ პროპაგანდას ახორციელებენ კარგად. პუტინიც შესაბამის განცხადებებს აკეთებს. ამგავრი არაადეკვატური განცხადებებით ცდილობს გამოძვრეს ომიდან, რომელიც თავად წამოიწყო.

- ბირთვული ომის საფრთხეს გამორიცხავთ და ფიქრობთ, რომ კრემლიდან, ამ საკითხთან დაკავშირებული განცხადებები მხოლოდ შანტაჟია?

- რუსეთის ხელისუფლების და პირველ რიგში, პუტინის არაადეკვატურობას თუ გავითვალისწინებთ, მათგან გამორიცხული არაფერია, მაგრამ გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ მოსკოვი ბირთვული იარაღით მანიპულირებს. პუტინმა მშვენივრად იცის, თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს მთელი რუსეთისთვის, მის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენებას.

- რას ფიქრობთ, როდის დაჯდება ზელენსკი მოლაპარაკების მაგიდასთან, როგორია თქვენი ფსონი და საბოლოო მიზანი?

- ღრმად მწამს, რომ ერთადერთი საკითხი, რაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ შეიძლება მოლაპარაკებების მაგიდასთან განიხილოს, ეს არის რუსეთის კაპიტულაცია და უკრაინის სრული დეოკუპაცია. უკრაინელები რუსებმა ყველა მოლაპარაკების შემდეგ მოატყუეს, შესაბამისად, მათ უკვე იციან, რომ რუსი არ არის ის მოწინააღმდეგე, რომელსაც შეიძლება ენდო, რომელთანაც მოლაპარაკებას აზრი აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ მოლაპარაკება აღარც შედგება. ბაიდენმა განცხადა, რომ უკრაინას ფინანსურადაც დაეხმარება და ტექნიკითაც მანამდე, ვიდრე უკრაინას ეს დასჭირდება. ასე რომ, ფსონი მაღალია.

- მესმის, რომ რთული დღეების მოლოდინში ხართ, მაგრამ მაინც უნდა გკითხოთ, როგორ შეხვდებით ახალ წელს?

- აღვნიშნავთ ისე, როგორც საქართველოში აღვნიშნავდით, უბრალოდ, ალკოჰოლს არ ვსვამთ. ambebi.ge-ის და ზოგადად, "კვირის პალიტრის" გამომცემლობას, ასევე თქვენს მკითხველსა და მსმენელს, გილოცავთ დამდეგ შობა ახალ წელს, გამარჯვებას და მშვიდობას გისურვებთ. გასაგებია, რომ მძიმე წელი იყო, როგორც უკრაინისთვის, ასევე საქართველოსთვის, მაგრამ გარწმუნებთ, რომ რუსებს ორივე ქვეყანაში დავამარცხებთ და ნამდვილ დამოუკიდებლობას მოვიპოვებთ.

- იქნებ გაიხსენოთ ახალი წელი, რომელიც თქვენთვის განსაკუთრებული იყო...

- ჩემი ცხოვრება ისე აეწყო, რომ ახალ წელს დიდწილად ომში ვხვდები. ომში კი მუდამ იღუპებიან ადამიანები და... განწყობაც არ არის... კარგია, როდესაც ახალ წელს ოჯახში ხვდები, მაგრამ არც კი მახსოვს, ეს ბოლოს როდის იყო. რამდენჯერმე პირდაპირ მატარებელში მომიწია ახალ წელთან შეხვედრა. აქედან სამჯერ, ფრონტის ხაზზე მივდიოდი.

- ე.ი. ომი დაგებედათ...

- ასე გამოდის, დამბედებია, 30 წელია ომში ვარ... რაღაც უნდა ვიღონო, რომ ამ ახალ წელს მაინც აღარ დამებედოს...

- სურვილების ჩაფიქრების გჯერათ?

- კი, როგორ არა. სურვილები და ოცნებები მეც მაქვს. ძალიან მინდა, რომ ქართველი ხალხი თავისუფალი და დამოუკიდებელი იყოს. არ მინდა, ჩემი ხალხი პოლიტიკურ წნეხს ეგუებოდეს. მართლა არ აქვს მნიშვნელობა, რომელი პოლიტიკური ძალა იქნება ხელისუფლებაში, ხალხმა საკუთარი უფლება, ნება არავის არ უნდა გაათელინოს.

- პირადი სურვილები არ გაქვთ?

- სამწუხაროდ, პირადი სურვილები გვერდზე მაქვს გადადებული. ვფიქრობ, რომ მართლა მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებ...

- უკვე დიდი ხანია უკრაინაში ცხოვრობთ, უკრაინელებმა გმირის წოდებაც მოგანიჭეს. საქართველოში დაბრუნებას აპირებთ?

- მე საქართველოს შვილი ვარ. აქ იმიტომ ვიბრძვი, რომ საქართველოს არ შეეხოს რუსული ტერორი.

  • იხილეთ ასევე:

"როცა რუსი მამაჩემის საკნის წინ მცემდა, მამამ უთხრა - "ღმერთმა ქნას, გადარჩეს და გაიზარდოს" - რას წერს მამუკა მამულაშვილი

  • ავტორი: ხათუნა ბახტურიძე