"რუსთაველზე გავიარე და პირდაპირ გავგიჟდი! თავი ზღაპარში მეგონა, იმდენად ულამაზესი იყო ყველაფერი! ამხელა კაცს მიხარია და წარმოიდგინეთ, ბავშვებს როგორ უხარიათ!""... გუნდას ნაზი, ახალი ჩამოცვენილი ფიფქებისგან ვკრავდით და გოგოებს ისე ვესროდით, ამას თავის ლაზათი და ცოდნა უნდა! ახლა ზოგი აიღებს დასველებულ თოვლს და გოგოს შეიძლება თავი გააძროს, ისე ესროლოს. სიამოვნების, სიყვარულის გამოხატვის უნდა იყოს გუნდაობა, არავის არაფერი დაუზიანდეს და ეტკინოს. სირცხვილიც კია, მაგარი გუნდა სახეში გაარტყა ვინმეს, დიდი უკულტურობა!", - ცნობილი მსახიობი და კოლორიტი - გეგე სულხანიშვილი განვლილ წელზე, ბავშვობასა და საახალწლო ტრადიციებზე "კვირის პალიტრასთან" საუბრობს...
- ბატონო გეგე, წელს ძალიან დაძაბული წელიწადია... რუსეთ-უკრაინის ომმა მთელი მსოფლიო შეძრა, მაგრამ თქვენთვის კიდევ უფრო რთულია, რადგან თქვენი ვაჟი, რომელიც დედით უკრაინელია, იქ ცხოვრობს...
- დიახ... ახლა რადგან უკვე ასაკშია, 50 წელს გადაცილებული, ოჯახი გამოარიდა და ჯერ პოლონეთში, შემდეგ კი გერმანიაში გადავიდა. უკვე კიევიც ხშირად იბომბება, არავინ იცის, რა მოხდება და ასე ამჯობინა... უკრაინა გმირობას იჩენს, ომი ისეთ ფაზაში შევიდა, უკან დახევა და დათმობა აწი გამორიცხულია!
- თქვენს შვილს არ შესთავაზეთ, საქართველოში ჩამოსულიყო?
- რა თქმა უნდა, შევთავაზე. თუმცა მას თავისი ანსამბლი ჰყავს, საქართველოში კი რუსულ, უკრაინულ სიმღერებს საკმაო მსმენელი არ ეყოლებოდა, პოლონეთსა და გერმანიაში კი კონცერტებს ატარებენ და ოჯახებს ასე არჩენენ.
- ქართული იცის?
- დიახ, სალაპარაკო ენა იცის. საქართველოში ჩამოდიოდა ხოლმე და ძალიან უყვარს... მე უკრაინის გარდა, მეგობრები რუსეთში და სხვა ქვეყნებშიც მყავს. რუსი მეგობრები ახლა ჩუმად არიან. უფრო სპორტსმენებთან მაქვს კავშირი, ისინი სხვანაირი ხალხია, სხვანაირად აზროვნებენ, მაგრამ თავისუფალი აზრის გამოხატვის ახლა ეშინიათ. თავიანთ დანაშაულს გრძნობენ, მაგრამ რაღას გახდებიან?! ვერ მოაბეს თავი, მათი ხელისუფლებისთვის ეჯობნათ...
- თქვენ ალა პუგაჩოვას პირადად იცნობდით, მასთან აგარაკზეც არა ერთხელ ყოფილხართ სტუმრად და ხომ არ გქონიათ ამ ბოლო დროს მცდელობა, დაკავშირებოდით?
- არა, უკვე ძალიან დიდი დროა გასული 1980-იანი წლებიდან და აზრიც აღარ ჰქონდა დაკავშირებას... ის პერიოდი ულამაზესად მახსენდება, ალაც, ალბათ, ყველაზე ლამაზი მაშინ იყო. გააგრძელეთ კითხვა