ავტორი:

"წავიდა და დაობლებული კალამი დაუტოვა მკითხველს" - ახალგაზრდა პოეტი გიორგი ჩუთლაშვილი გარდაიცვალა: რას წერენ მისი ახლობლები?

"წავიდა და დაობლებული კალამი დაუტოვა მკითხველს" - ახალგაზრდა პოეტი გიორგი ჩუთლაშვილი გარდაიცვალა: რას წერენ მისი ახლობლები?

ახალგაზრდა პოეტი გიორგი ჩუთლაშვილი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, 31 წლის მამაკაცი სახლში გარდაცვლილი მამა ნახა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ჩუთლაშვილის მეგობრები ავრცელებენ, თუმცა მისი გარდაცვალების მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

გარდაცვლილის შესახებ მთელი დღეა უამრავი პოსტი იწერება:

ხვიჩა ყამბეგაშვილი: ჩვენ ძალიან ბევრი წელი ვუყოფდით ერთმანეთს პოეზიას, შიმშილს, სიცივეს, არაყს და უიმედობას... მერე, მე კარგი ადამიანების მადლით დავუსხლტი ამ ყველაფერს... ბოდიში, მაპატიე, რომ ვერ შევძელი ვყოფილიყავი ის, ვინც ამ ყველაფრიდან თავის დაძვრენაში დაგეხმარებოდა... ბოდიში, რომ რაც შემეძლო იმის მეასედიც არ გავაკეთე... ბოდიში, რომ მეცინებოდა შენს გაჯიუტებულ პოეტობაზე, მდგომარეობაზე, რომელსაც მე დავუსხლტი და შენც ჯიუტად გირჩევდი, რამე პროფესია გესწავლა, შენივე კარგად ყოფნისთვის...

ბოდიში, რომ არ შემიძლია ჩამოვუყვე და არსებობა ვაგინო ამ ფარისეველ მედროვე "მგლოვიარე" ღორებს, რომლებსაც ათწლეულებია ყველაფერი თავისთვის მიაქვთ და შენნაირებს არაფერს უტოვებენ, რომ უბრალოდ გადარჩნენ... Ბოდიში რომ მე ხვალ ჩვეულებრივად უნდა გავაგრძელო ცხოვრება და ისევ ვერაფერი მივცე შენნაირებს გარდა წიგნებისა, რომელიც არავის არაფერი სჭირდება... მადლობა, რომ იყავი ასეთი სუფთა, ბავშვივით უმანკო და ნამდვილი... Შენ გამორჩეულად ჯიუტი იყავი შენს მრწამსში და შენს გაჯიუტებაზე სიცილი მაპატიე...".

"ზუსტად 2 თვის წინ ვნახე მწერალთა სახლში, პირველად და უკანასკნელად, განსხვავებული სამოსი ეცვა, კათოლიკე აბატს მოგაგონებდა. ვინ იფიქრებდა, რომ სიცოცხლით სავსე, ახალგაზრდა, სიმპათიური ბიჭი, ხვალ-ზეგ წავიდოდა იქ, საიდანაც არავინ დაბრუნებულა. ფეისბუქზე მხვდებოდა ხოლმე მისი პოსტები, სწუხდა სამსახურის არ ქონაზე, ხან მონურ ხელფასზე, ითხოვდა დახმარებას, ცდილობდა ცნობილი მწერლების წიგნები გაეყიდა. მის ერთ-ერთ საჯარო პოსტს მოვიტან აქვე, რომ იცოდეს ამ სიტყვების წამკითხველმა, როგორ დუხჭირად ცხოვრობდა ეს ახალგაზრდა".

"წასულაო ეს უკარგესი ბიჭიც... ეს ნიჭიერი კალამმადლიანი პოეტი... ასე ჩუმად,უეცრად, გადაგინახე წიგნიო... რამდენიმე თვის წინ მითხრა. წავიდაო ამ წამს გავიგე... მეტკინა და მეწყინა... დაობლებული კალამი დაუტოვა მკითხველს ლამაზ კრებულებთან ერთად..."

გიორგი ჩუთლაშვილი 1991 წლის 23 ოქტომბერს თბილისში დაიბადა. მისი ლექსების დებიუტი შედგა, 2012 წელს ჟურნალ "ჩვენი მწერლობაში”. 2015 წლიდან კი, ლექსებს აქვეყნებს ჟურნალ "ახალი საუნჯეში" და "არილში".

2016 წელს გამომცემლობა ,,კალმოსანმა,, გამოსცა გიორგის სადებიუტო კრებული ,,მზის პოსტერი,,. 2017 წელს იყო თბილისის მე-3 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის მონაწილე. 2019 წელს მონაწილეობდა პროექტ ,,მსოფლიო კედლების გარეშეში”.