მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, მესამე პრეზიდენტმა თავის სასამართლო პროცესზე დისტანციურად დასწრება ვეღარ შეძლო, რადგან თავს ცუდად გრძნობდა.
როგორც გიული ალასანიამ კლინიკა ,,ვივამედში” შვილის მონახულების შემდეგ განაცხადა, მისთვის მთავარია ის, რომ საზოგადოებამ ყოფილი პრეზიდენტი იხილა.
გიული ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეცვლილა.
"სასამართლო პროცესზე გაუწყვიტეს კავშირი, რადგან უკრაინულად არ ალაპარაკეს. უბრალოდ უკრაინელებისთვის უნდოდა მიემართა და გაემხნევებინა. ის უკრაინის მოქალაქეა. ისევ უკრაინა ჰქონდა ჩართული [ტელევიზორში], ზოგჯერ გადართვას ხოლმე სასამართლო პროცესზე. ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ ისეთია. ისიც არ ვკითხე, სიცხე რამდენი აქვს.
პროცესზე ვეღარ ჩაერთო, რადგან მერე კარგად არ იყო. მთავარია გამოჩნდა და ხალხმა დაინახა. ძალიან დამღლელი იყო ეს ყველაფერი და უჩვეულოც”, - განაცხადა ალასანიამ.
გიული ალასანიამ ისაუბრა სასამართლოში ამერიკელი ექსპერტ-ფსიქიატრის, ერიკ დევიდ გოლდსმიტის დაკითხვაზეც.
"ამერიკელი პროფესიონალი ჩამოვიდა და დაიკითხა, ამდენი საათი გაგრძელდა მისი დაკითხვა, ჩვენი მხარისთვის ეს გამოცდილებაა.
მაგალითად: მას ასეთი შეკითხვა დაუსვეს, საიდან გაქვს ეს ინფორმაცია, საიდან შეაგროვეო? მან უთხრა, რომ ინტერვიუები მქონდა დედასთან, ბიძასთანო, ამ საქმეს ძალიან ირონიულად შეხედეს. ფსიქიატრები ყველაფრის მიზეზს ეძებენ ბავშვობაში. ბავშვობაში ხომ არ მიიღო ისეთი ტრავმა, რის გამოც მძიმე შედეგები დადგა.
მართლაც გვქონდა ინტერვიუ, მისი თხოვნით სამი ვიყავით ჩართული. დეტალებს გვეკითხებოდაა, აინტერესებდა, რა პირობებში გაიზარდა, ხომ არ აკლდა ბავშვობაში სითბო ან როგორ სწავლობდა, ყოფითი რაღაცები. აუცილებელი იყო, რომ მას ახლობლებთან ელაპარაკა”, - აღნიშნა ალასანიამ.