ავტორი:

რუსული ახალი წელი - ციმბირში, საახალწლოდ, "კალაშნიკოვით" შეიარაღებული რუსი ჯარისკაცების ყინულის ქანდაკებები დადგეს

რუსული ახალი წელი - ციმბირში, საახალწლოდ, "კალაშნიკოვით" შეიარაღებული რუსი ჯარისკაცების ყინულის ქანდაკებები დადგეს

რუსეთში, ციმბირის ქალაქ ჩიტაში დადგეს ჯარისკაცების ათობით ყინულის ქანდაკება. ისინი "ყინულის კალაშნიკოვებით" არიან შეიარაღებულნი.

ქალაქი ჩიტა მოსკოვიდან 4.830 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. ადგილობრივი ოფიციალური პირების აზრით, ასეთი ყინულის სკულპტურები სადღესასწაულო განწყობას შეეფერება და "პატრიოტული ახალი წლის" გამოხატულებაა.

როგორც რუსული მედია წერს, ქალაქის მაცხოვრებლების უმეტესობა ამგვარი საახალწლო მორთულობით კმაყოფილია.

"ჩვენ ომში ვართ. ამიტომ ჯარისკაცების ყინულის ქანდაკებების დადგმა სწორია და თან აქტუალურია", - ამბობს ადგილობრივი ტატიანა.

"ახალი წლის ასე აღნიშვნა უჩვეულოა, როგორც წესი, სანტა კლაუსის და სხვადასხვა ცხოველების ფორმის ფიგურები გვაქვს დეკორაციად, მაგრამ ის, რაც ახლა გამოფინეს, ამჟამინდელ ცხოვრებას ასახავს. ეს ფიგურები ამჟამინდელი დროების ამსახველია,“- აღნიშნავს ლუდმილა.

ქალი აღნიშნავს, რომ უკრაინაში მობილიზებული რუსი სამხედროების კეთილდღეობასა და ჯანმრთელობაზე ღელავს: "ჩვენ თუ არ დავიცავით ჩვენი სამშობლო, ვინ გააკეთებს ამას?“ - დასძენს ის.

კითხვაზე, თუ ვისგან, ან რისგან იცავენ ისინი რუსეთს, ლუდმილა პასუხობს: "ნაცისტებისგან. ჩვენ გარშემო ძალიან ბევრია ასეთი. რუსეთს ყველა ფრონტიდან უტევენ, მათ შორის LGBTQ პროპაგანდაცაა. ცდილობენ, გვაიძულონ ამის მიღება. ჩვენ ამ უცხო იდეების წინააღმდეგი ვართ და რუსულ ღირებულებებს ვიცავთ."

კრემლის პროპაგანდა რუსეთის მოსახლეობაზე მოქმედებს, მაგრამ ყველა რუსი არ იზიარებს ამგვარ შეხედულებას.

26 წლის ივან ლოსევი სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული პოსტების გამო, რომლებიც "სპეციალურ სამხედრო ოპერაციის“ წინააღმდეგ იყო მიმართული, სასამართლოში გამოიძახეს და "რუსეთის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციისთვის“ 30 000 რუბლით დააჯარიმეს.

“პატრიოტიზმი ისაა, როცა გინდა, რომ შენი ქალაქი უკეთესი გახდეს და აყვავდეს, რათა იქ მცხოვრებ ხალხს დარჩენა და უკეთესი ცხოვრების მოწყობა მოუნდეს. რუსული პატრიოტიზმი კი უკრაინის დაბომბვაა. ჩვენს ლიდერებს არ სურთ, რომ ჩვენ უკეთესად ვიცხოვროთ, მხოლოდ ის უნდათ, რომ სხვა ქვეყნის მაცხოვრებლებმა იცხოვრონ უარესად“, - ამბობს ახალგაზრდა მამაკაცი BBC-სთან.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა