ავტორი:

კრიშტიანუ რონალდუს კვლავ რეალში თამაში სურს - საუბარი პერესთან, პრობლემები ნაკრებში და რთული დღეები კარიერაში: რა ხდება სუპერვარსკვლავის თავს?

კრიშტიანუ რონალდუს კვლავ რეალში თამაში სურს - საუბარი პერესთან, პრობლემები ნაკრებში და რთული დღეები კარიერაში: რა ხდება სუპერვარსკვლავის თავს?

მსოფლიო ჩემპიონატიდან გამოვარდნა კრიშტიანუ რონალდუსთვის მძიმე აღმოჩნდა. ფაქტობრივად, რონიმ უკანასკნელი შანსი ვერ გამოიყენა, რომ საფეხბურთო სამყაროში ყველაზე პრესტიჟულ ტიტულს დაუფლებოდა.

ახლა, როცა ემოციები შედარებით ჩაცხრა, შეგვიძლია განვიხილოთ, თუ რა ხდებოდა რონალდუს გარშემო ბოლო დღეების განმავლობაში.

მაროკოსთან მატჩამდე პორტუგალიის უკვე ყოფილმა მწვრთნელმა, ფერნანდო სანტუშმა რონალდუსთან დიალოგი გაიხსენა, რომელიც შვეიცარიასთან მატჩის წინ შედგა.

"მას არასდროს უთქვამს, რომ გუნდის დატოვება სურდა. თავს ცუდად არ გრძნობდა, აღნიშნავდა გოლებს მეგობრებთან ერთად, მადლობას უხდიდა გულშემატკივრებს. მე რონალდუს შვეიცარიასთან მატჩის წინ ვესაუბრე. ვუთხარი, რომ 1/8 ფინალში ძირითადში არ ვაყენებდი. ის უკმაყოფილო იყო. მაგრამ ეს იყო ნორმალური დიალოგი, სადაც ყველამ თავისი მოსაზრება გამოთქვა.

როცა პორტუგალიის ნაკრების კაპიტანი სათადარიგო სკამიდან იწყებს, ნორმალურია, რომ ის კმაყოფილი არ იქნება. მან მკითხა: "დარწმუნებული ხართ, რომ ეს კარგი იდეაა?“ გარწმუნებთ, რონალდოს კონცენტრაცია არასდროს დაუკარგავს", - თქვა სანტუშმა.

  • მაროკოსთან მატჩიც რონალდუმ სათადარიგო სკამიდან დაიწყო, თუმცა სანტუშმა თითქმის მთელი მეორე ტაიმი მისცა, რომ თავი გამოეჩინა. კრიშტიანუმ თამაშის შედეგი ვერ შეცვალა.

შვეიცარიასთან მატჩის შემდეგ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რონალდუს ყოველთვის თან ახლდა თავისი მენეჯერი, რიკარდუ რეგუფე. ის, ასევე, ისეთ სივრცეებში შედიოდა, სადაც შესვლა მხოლოდ ნაკრების ფეხბურთელებს შეეძლოთ. მოთამაშეები ვერ ხვდებოდნენ, რატომ იყო რონის მენეჯერი ნაკრებთან ერთად.

"რეგუფე არის ადამიანი, რომელიც რონალდუს მორალურად მხარს უჭერს. ის არა მხოლოდ მეგობარია, არამედ სწორედ მის რჩევებზე დაყრდნობით იღებს რონი გადაწყვეტილებებს. მისი მნიშვნელობა იმდენად დიდია, რომ კრიშტიანუ მას უფრო ხშირად ესაუბრება, ვიდრე აგენტს, ჟორჟე მენდეშს. როცა რონალდუ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებს, მასთან ყველაზე ხშირად რიკარდუა“, - ასე დაახასიათა გამოცემა Marca-მ 2018 წელს რეგუფე.

მსოფლიო ჩემპიონატიდან გავარდნის შემდეგ, რონალდუ გუნდთან ერთად ლისაბონში არ გაემგზავრა - რამდენიმე დღე კატარში ოჯახთან ერთად დარჩენა არჩია, სადაც ასევე დარჩა პორტუგალიის ნაკრების კიდევ 9 ფეხბურთელი. კრიშტიანუმ ქვეყანა 12 დეკემბერს კერძო თვითმფრინავით დატოვა.

გამოცემა Correio da Manha-ს მტკიცებით, რონალდუს არ სურს სანაკრებო კარიერის დასრულება და ევრო 2024-ზეც აპირებს მონაწილეობის მიღებას. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ის პორტუგალიაში თამაშს სულ მცირე, 2024 წლის ზაფხულამდე აპირებს.

რონი კატარიდან პირდაპირ მადრიდში გაემგზავრა და "რეალის“ ბაზაზე, გუნდისგან განცალკევებით ვარჯიშობს.

Goal-ის მიხედვით, 37 წლის რონალდუ "რეალში“ დაბრუნებით არის დაინტერესებული და მინიმალურ ხელფასზეც თანახმაა. თუმცა მადრიდულ კლუბს არ სურს მისი დაბრუნება ასაკის გამო და ხაზს უსვამს, რომ მის პოზიციაზე ვინისიუსი და ბენზემა თამაშობენ.

AS-ის მტკიცებით, რონალდუ ფლორენტინო პერესს ესაუბრა - "რეალის“ პრეზიდენტმა ფეხბურთელს უთხრა, რომ ვალდებებასზე შეუძლია იმდენი ხანი ივარჯიშოს, რამდენიც დასჭირდება. პერესმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ რონის შეუძლია "რეალის“ სავარჯიშო ბაზა სახლად მიიჩნიოს.

პორტუგალიელი კვლავ ახალი კლუბის ძიებაშია, ეს პროცესი კი იწელება. გავრცელებული ინფორმაციით, ამის გამო რონალდუსა და მის აგენტს, მენდეშს შორის დაძაბულობაა.

პირველი იანვრიდან რონი შესაძლოა, ახალ გუნდს შეუერთდეს, თუმცა ჯერჯერობით არც ერთ კლუბთან ხელშეკრულება არ გაუფორმებია. მაღალი სახელფასო მოთხოვნების გამო, ევროპული გუნდები თავს იკავებენ, აგენტი კი ალტერნატიულ ვარიანტებს ეძებს.

დაძაბულობა მენდეშსა და რონის შორის ადრეც ყოფილა, თუმცა მათ მამა-შვილური ურთიერთობა აქვთ და პრობლემებს აგვარებენ. რონალდუსთან ერთადერთი სატრანსფერო წინადადება არაბულ "ალ-ნასარს“ ჰქონდა. არსებული ინფორმაციით, კლუბი მზად იყო ფეხბურთელისთვის წელიწადში 200 მილიონი ევრო გადაეხადა.

ჯერჯერობით უცნობია მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ევროპაში დარჩება, თუ კარიერის ბოლო წლებს აზიაში გაატარებს.

  • ავტორი: ანრი კურტანიძე