ავტორი:

"გავრცელებულმა კადრებმა დაადასტურა, რომ სააკაშვილი არ თანამშრომლობს ექიმებთან, არ იკვებება... სპეკულაციები უნდა დასრულდეს" - არჩილ თალაკვაძე

"გავრცელებულმა კადრებმა დაადასტურა, რომ სააკაშვილი არ თანამშრომლობს ექიმებთან, არ იკვებება... სპეკულაციები უნდა დასრულდეს" - არჩილ თალაკვაძე

გავრცელებულმა ინფორმაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ, მაღალი ალბათობით, როგორც აქ ჩანს, პაციენტი არ თანამშრომლობს ექიმებთან, არ ასრულებს რეკომენდაციებს, არ იკვებება და ისევ სახელმწიფოს და ისევ პენიტენციურ ჯანდაცვას უყენებენ პრეტენზიებს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პალატაში ყოფნის ამსახველი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, გასაგებია, რომ სააკაშვილის გარემოცვის მიზანი არა მისი ჯანმრთელობა, არამედ პოლიტიკური ტემპერატურის შექმნა და გაკოტრებული რეჟიმიდან, როგორშიც “ნაციონალური მოძრაობაა", თავის დაღწევაა.

"არსებობს მაღალი საჯარო ინტერესი. გავრცელებულმა ინფორმაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რაზეც ბევრ ადამიანს ჰქონდა ეჭვი და კითხვის ნიშნები აქამდე, რომ პაციენტი არ თანამშრომლობს ექიმებთან, ის ასევე არ იკვებება სრულფასოვნად, შესაბამისად, მკურნალობის შედეგების კრიტიკა, ექიმების კრიტიკა, პენიტენციური ჯანდაცვის სისტემის დისკრედიტაცია, ამ შემთხვევაში, გახლავთ უსაფუძვლო. რა თქმა უნდა, სინამდვილეში, ამ ყველაფრის უკან დგას სააკაშვილის პოლიტიკური გუნდის ინტერესი, რომ მისი პატიმრობა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხები გამოიყენონ როგორმე ისევ დესტაბილიზაციისთვის ასევე იმისთვის, რომ დაძაბონ ჩვენი საზოგადოება და შეიტანონ დისონანსი იმ პროცესში, რასაც საქართველოს ევროპული ინტეგრაცია ჰქვია. რეალობა გახლავთ ის, რომ სახელმწიფომ გამოხატა სრული მზადყოფნა მიაწოდოს პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურება. გამოხატა მზადყოფნა, რომ მოიწვიოს ნებისმიერი პროფილის ექიმი, ვისაც ჩათვლის საჭიროდ მისი ოჯახი და დაცვის მხარე, მისი ჯანმრთელობის ინტერესები, თუმცა, ამაზე პასუხი დღემდე არ მიგვიღია. ეს ადასტურებს იმას, რომ, სინამდვილეში, ამ ადამიანებს და სააკაშვილის გარემოცვას არა მისი ჯანმრთელობის საკითხები, არამედ სხვა ინტერესები აქვს. ეს არის პირდაპირ პოლიტიკური მოტივაცია და მართლმსაჯულებისთვის თავის დაღწევის სურვილი, კანონის გვერდის ავლით. გავიმეორებ იმას, რომ გავრცელებულმა ინფორმაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ, მაღალი ალბათობით, როგორც აქ ჩანს, პაციენტი არ თანამშრომლობს ექიმებთან, არ ასრულებს რეკომენდაციებს, არ იკვებება და ისევ სახელმწიფოს და ისევ პენიტენციურ ჯანდაცვას უყენებენ პრეტენზიებს. ეს სპეკულაცია უნდა დასრულდეს. მან უნდა ითანამშრომლოს ექიმებთან. თუ არ მოსწონს ეს სამედიცინო მომსახურება, არის სრული მზადყოფნა ჩამოვიყვანოთ ის ექიმები, რომელსაც ენდობა და რომელსაც დაუჯერებს. თუ, რა თქმა უნდა, რეალური მიზანი და სურვილია მისი ჯანმრთელობა იყოს დაცული. მეგობრებმაც, პოლიტიკურმა თანამებრძოლებმაც მას ამისკენ უნდა მოუწოდონ და არა პოლიტიკური დემარშისა და საბოტაჟისკენ. გვესმის, რომ მათი გარემოცვის მიზანი არაა სააკაშვილის ჯანმრთელობა. მათი მიზანია როგორმე პოლიტიკური ტემპერატურა შექმნან და გაკოტრებული რეჟიმიდან როგორშიცაა "ნაციონალური მოძრაობა", როგორმე დააღწიონ და გაიტანონ თავი ამ პოლიტიკურ ვითარებაში", - განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, გუშინ, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკშვილის სამედიცინო კლინიკაში გადაღებული კადრები გაასაჯაროვა. როგორც სასჯელაღსრულების მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, ეს კადრები გადაღებულია ა.წ. აგვისტოდან მოყოლებული დღემდე. ბოლო კადრები თარიღდება 12 დეკემბრით და მასში ჩანს, რომ ექსპრეზიდენტს დამხმარე გადაასადგილებელი საშუალების გარეშე გადაადგილება უჭირს.