ორი დღეა, რაც რუსული მედია სკანდალური განქორწინების შესახებ წერს. ქორწილი, რომელიც ერთი წლის წინ 100 მილიონი რუბლი დაჯდა, ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა, რადგან ერთი წლის თავზე ნეფე-პატარძალი განქორწინდა. დიახ, რუსი მილიარდერის მიხაილ გუცერიევის ქალიშვილი, 31 წლის სოფია ინგორ პატიევს დაშორდა, რომელზეც გასული წლის დეკემბერში იქორწინა. გუცერიევის ქალიშვილის ქორწილზე მაშინ უცხოური მედიაც წერდა, რადგან ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ქორწილი, რომელშიც რამდენიმე მილიონი დოლარი დაიხარჯა.
საქორწილო დარბაზის გასაფორმებლად მოსკოვში, რამდენიმე სატვირთო მანქანით ახალი ყვავილები მთელი მსოფლიოდან მიიტანეს. ქორწილში მღეროდნენ ანი ლორაკი, ფილიპ კირკოროვი, სტას მიხაილოვი და გრიგორი ლეპსი...
სოფიას Elie Saab-ის კაბა ეცვა, ოთხმეტრიანი შლეიფით, რომელიც ძვირფასი ქვებით იყო მორთული. კაბა სპეციალურად მისთვის, ერთ ეგზემპლარად შეიკერა. ჭორების თანახმად, კაბის შეკერვა 1,5 მილიონი დოლარი დაჯდა. გუცერიევების ოჯახში ქორწილებზე თანხის დაზოგვა არ იციან.
2016 წელს ბიზნესმენის უმცროსი ვაჟის ქორწილი, პრესის თანახმად, დაახლოებით 1 მილიარდი დოლარი დაჯდა. მაშინ გრანდიოზული ქორწილის 600 სტუმარს უამრავი სიურპრიზი დაახვედრეს. მოსკოვში სპეციალურად ქორწილისთვის სპეცრეისით ჩაიყვანეს მსოფლიო დონის ვარსკვლავები: ელტონ ჯონი, ჯენიფერ ლოპესი, ბიონსე, პატრისია კაასი, სტინგი და ენრიკე იგლესიასი. მსოფლიო დონის ვარსკვლავებთან ერთად სცენაზე ალა პუგაჩოვაც გამოვიდა. სტუმრები ქართული ნაციონალური ცეკვითაც დატკბნენ, გუცარიევმა შვილის ქორწილში ქართული ცეკვის პროფესიონალი მოცეკვავეებიც მიიწვია.
რაც შეეხება სოფიას, მისი საქმროს შესახებ მედიაში მწირი ინფორმაციაა, როგორც ქორწილის დროს, ასევე ახლა. ქორწილში სტუმრებს სურათების გადაღების უფლება არ მისცეს. ცნობილია, რომ სოფია და ინგორი ერთი ასაკის არიან, ორივე 1991 წელს დაიბადა.
სოფიამ მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის უცხო ენების ფაკულტეტი დაამთავრა და ამჟამად Petrovsky Passage სავაჭრო კომპლექსში, რომელიც მამამისს ეკუთვნის, დირექტორია.
მიხეილ გუცერიევი იკავებს Safmar Group-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას, რომელშიც შედის PJSC RussNeft, სს NK Neftisa, სს Russian Coal, სს Safmar-ის საპენსიო ფონდები, სამაუწყებლო ჰოლდინგი Krutoy Media, სს Mospromstroy-Fund, სალიზინგო კომპანია. სს Europlan, სადაზღვევო კომპანია VSK და სხვები. 2002 წლიდან გუცერიევი ყოველწლიურად შედიოდა რუსეთის 200 უმდიდრესი ბიზნესმენის სიაში ჟურნალ Forbes-ის მიხედვით. 2021 წლის აპრილში გამოქვეყნებულ რეიტინგში მიხაილ გუცერიევი 2,5 მილიარდი დოლარით მე-60 ადგილზე იყო. 2022 წლის რეიტინგში ის 69-ე ადგილზეა 1,3 მილიარდი დოლარის ქონებით.
შეგახსენებთ, რომ მიხაილ გუცერიევი ბელარუსში ყველაზე მსხვილი უცხოელი ინვესტორია. გუცერიევი ლუკაშენკოს დიდი ხნის მეგობარია და ბელარუსის ლიდერი მის პატივსაცემად ერთ-ერთი ქალაქისთვის სახელის შეცვლას და გუცერიევსკის დარქმევას აპირებდა.
აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ კანადამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და სიას 14 ადამიანი დაამატა. სანქციები დაუწესდათ ვლადიმერ პუტინის შვილებს, კატერინა ტიხონოვასა და მარია ვორონცოვას, ასევე სერგეი ლავროვის ქალიშვილ ეკატერინა ვინოკუროვასა და მისი მეუღლის, მარია ლავროვას ქალიშვილს.
სანქცირებულთა სიაშია Safmar Group-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე მიხაილ გუცერიევიც, სანქციები მოიცავს ქვეყანაში შესვლის აკრძალვასა და ყველა აქტივის გაყინვას.