ავტორი:

"40 წლის შემდეგ ქალი უფრო სექსუალური, ქალური და ძლიერია" - ქეით უინსლეტი ქალებს მიმართავს - რატომ არ უნდა შეგეშინდეთ ასაკის მატების

"40 წლის შემდეგ ქალი უფრო სექსუალური, ქალური და ძლიერია" - ქეით უინსლეტი ქალებს მიმართავს - რატომ არ უნდა შეგეშინდეთ ასაკის მატების

ქალების დიდ ნაწილს დიდი ხანია სჯერა, რომ ყველაფრის ფასად უნდა აარიდოს თავი ასაკის მატებაზე საუბარს და ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ მაქსიმალურად დიდხანს შეინარჩუნოს ახალგაზრდული იერი. ამ უკანასკნელში ცხადია, ცუდი არაფერია, თუმცა ფსიქოლოგები ამბობენ, რომ პრობლემაა, როცა ბევრი ქალისთვის ერთგვარად სირცხვილის მომგვრელია იმის თქმა, თუ რამდენი წლისაა, ერიდებიან ნაოჭებსა, თუ მენოპაუზაზე საუბარს.

ქვეცნობიერად, ქალების დიდი ნაწილი გაურბის ამ თემას, თითქოს სირცხვილი, ან დანაშაულია ასაკის მატება.

  • თუმცა ასე არ იქცევა ჰოლივუდის ერთ-ერთი უდიდესი ვარსკვლავი ქეით უინსლეტი, რომელიც ამბობს, რომ ასაკის მატება განსაკუთრებული რამაა და ამ თემას სხვაგვარად აღიქვამს.

"ვფიქრობ, როდესაც ქალები 40-იან წლებში არიან, უფრო ზუსტად კი 40-იანი წლების შუა პერიოდში, ფიქრობენ, რომ ეს დაცემის, დაღმასვლის დასაწყისია. რომ ყველაფერი იცვლება და თანდათან ქრება“, - ამის შესახებ 47 წლის ქეითმა BBC-ის "ქალის საათში“ სტუმრობისას ისაუბრა.

ქეითმა თქვა, რომ გადაწყვიტა ასეთი დამოკიდებულება არ ჰქონოდა.

  • "ჩვენ ვხდებით უფრო ქალურები, უფრო ძლიერები, უფრო სექსუალურები... უფრო მეტად გვესმის საკუთარი თავის. გვაქვს შესაძლებლობა, გამოვთქვათ ჩვენი აზრი და არ გვეშინოდეს იმის, რას იფიქრებს ხალხი ჩვენზე. არ გვაღელვებს, როგორ გამოვიყურებით და გვიყვარს საკითარი თავი ისეთები, როგორებიც ვართ. ეს ცხოვრების სპეციფიკური ეტაპია“, - ამბობს ქეით უინსლეტი.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქეითი საუბრობს ასაკის მატების დადებით მხარეებზე. 2022 წლის დასაწყისში მსახიობი L'Oréal Lessons of Worth-ის კამპანიაში გადაიღეს. სადაც სრულად უმაკიაჟოდ იყო. ქეითმა მაშინ თქვა, რომ ბედნიერება არ არის იმაში, თუ როგორ გამოიყურებით, არც იმ სტანდარტებში, რომელსაც სოციალური ქსელები გვთავაზობენ.

  • გასულ წელს ქეით უინსლეტმა ამ საკითხზე ისაუბრა Vogue-თან ინტერვიუში და თქვა, რომ "ჰოლივუდური სილამაზე და ბედნიერება მხოლოდ მითია."

"მინდა ვუთხრა ნებისმიერ ქალს, რომელიც ცდილობს მიბაძოს ჰოლივუდურ ვიზუალს: ეს მითია. გულწრფელად გეუბნებით, მითია. ჩემთვის დაბერების საიდუმლო და ბედნიერების საიდუმლო იმის აღიარებაა, რომ ჩვენს გარეგნობაში ცვლილებები ბუნებრივია და არ შეგვიძლია მას ვებრძოლოთ", - ამბობს მსახიობი.