ავტორი:

მასშტაბური ხანძარი აფხაზეთში - ადგილობრივები ე.წ. ხელმძღვანელობას უმოქმედობაში ადანაშაულებენ: "ულამაზესი ქალაქის ფილტვები ცეცხლშია და ესენი რაღაც პროექტებზე საუბრობენ"

მასშტაბური ხანძარი აფხაზეთში - ადგილობრივები ე.წ. ხელმძღვანელობას უმოქმედობაში ადანაშაულებენ: "ულამაზესი ქალაქის ფილტვები ცეცხლშია და ესენი რაღაც პროექტებზე საუბრობენ"

ოკუპირებულ აფხაზეთში, გაგრის რაიონში ტყის მასივი იწვის. ადგილობრივების თქმით, საუბარია 30 ჰა ფართობზე გაჩენილ ხანძარზე, რომლის გამომწვევი მიზეზები უცნობია. გაგრის რაიონის ე.წ. სახანძრო-სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელი დავით ბგანბა ადგილობრივ მედიასთან საუბარში აცხადებს, რომ გაგრის რაიონის სოფელ მამზიშხაში (მთა-მზიური) ხანძარი 12 დეკემბრის დილით შენიშნეს, რა დროსაც ცეცხლი უკვე 10 ჰა მიწის ფართობზე იყო გავრცელებული. მთელი დღის განმავლობაში მისი მასშტაბი იზრდებოდა და ღამის 12 საათისთვის, უკვე ტყის მასივის 30 ჰა-ს მოედო.

"სამწუხაროდ, მასშტაბური ხანძრის ლიკვიდაციისთვის ჯერჯერობით ვერაფერს ვახერხებთ, რადგან მისადგომად რთული ადგილია, ავიაცია კი არ გვყავს. თუმცა, ვახორციელებთ მუდმივ მონიტორს და რეაგირებისთვის მზად ვართ... ამ ეტაპზე ხანძარი დასახლებულ პუნქტებს არ ემუქრება" - წერს abkhaz-auto.ru ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით.

  • გაგრის რაიონში ტყის მასივში ხანძრის გაჩენამ ეჭვები და მწვავე კრიტიკა გამოიწვია ადგილობრივებში. ისინი სოციალურ ქსელში წერენ, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც რეგიონში მოკავშირე რუსეთი გრანდიოზულ პროექტს ახორციელებს, ამ ამბავს ტყის ხანძრები გასდევს ფონად.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მამზიშხაზე ხანძარი გაჩნდა - 2019 წელს იმავე ტყის მასივში ცეცხლი 40 ჰექტარზე იყო გავრცელებული და ვიდრე საფრთხე მოსახლეობას არ შეექმნა, ადგილობრივი ხელმძღვანელობა ისევ მონიტორით იყო დაკავებული. შემდეგ კი, რუსეთს სთხოვეს ვერტმფრენების გამოგზავნა.

ადგილობრივი გიორგი კეშიშიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ცივ ზამთარში ადამიანები ელექტროენერგიის და გათბობის გარეშე იტანჯებიან, მათ ტყეში შეშის მოჭრის უფლებას არ აძლევენ.

"ამ ქვეყანაში ყველაფერი მოსახლეობის საწინააღმდეგოდ რატომ ხდება? შუქნიშნებსაც კი არ აქვთ თავიანთი ფუნქცია. იმის ნაცვლად, რომ კანონი აღსრულდეს და საგზაო ნიშნებს რომ მხოლოდ დეკორაციული დანიშნულება არ ჰქონდეთ, ახალი სისულელე მოიფიქრეს - წყვილებს ქორწილის დღეს მილიციის კორტეჟი გააცილებს. თითქოს მათ მეტი რა გვყავს, ისედაც უხელფასოდ მუშაობენ..." - წერს ის.

"ერთი კვირაა გამოგონილ ტერორისტებს აკავებენ, ვითომ საქართველოდან რომ შემოვიდნენ, ეს მაშინ როდესაც რუსეთიდან დღეში სამჯერ ჩამოდიან მაღალი თანამდებობის პირები, ჩვენს მთავრობას უსაფრთხოების არავითარი განსაკუთრებული ზომები არ მიუღია და ეჭვები არ უნდა გაგვიჩნდეს?.. ხან ჩვენი ხელმძღვანელობის წარმომადგენლები დაფრინავენ სოჭში ან პირდაპირ მოსკოვში, ხან კი, ისინი მოფრინავენ და ხან სოხუმის აეროპორტს ათვალიერებენ. დღესაც იყო რუსეთის დელეგაცია, საკმაოდ დიდი წარმომადგენლობით, გაგრაში აგიზგიზებულ ხანძარს გადაუფრინეს თუ როგორ?.. ერთი ხელით განვითარებას, უსაფრთხოებას, ბიზნეს-პროექტებს გვთავაზობენ, მეორეთი კი, რაც გვაქვს იმას გვართმევენ. რატომ ხდება, რომ ყველა რუსული შემოთავაზება ხანძრების ან რაღაც კატაკლიზმების ფონზე ხდება? იქნებ იმიტომ, რომ ბოლომდე დაგვარწმუნონ, მათ გარეშე ვერც ვიარსებებთ" - წერს მაია ძიძარია.

ყველა შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა. აფხაზ ჟურნალისტებს მოსთხოვეს, შეხვედრის პირველივე წუთებიდანვე დაეტოვებინათ ოთახი და არც მისასალმებელი სიტყვის გადაღება აცადეს. მოგვიანებით კი შეხვედრის მონაწილეები პრესასთან ძალიან მწირი ინფორმაციით წარდგნენ და თქვეს, რომ “შეხვედრა იყო პროდუქტიული და სამომავლო გეგმები განიხილეს”.

სამოქალაქო აქტივისტი ლეო ბიგვავას თქმით, აფხაზეთში ერთი დიდი გაუგებრობა ხდება. "ქვეყნის ულამაზესი ქალაქის ფილტვები ცეცხლშია გახვეული, ესენი კი, გრანდიოზულ პროექტებზე გველაპარაკებიან".