ჩვენ, ყველამ მივიღეთ ჯენტლმენური შეთანხმება, რადგან მე ერთ-ერთ კანდიდატს ვუჭერ მხარს, უფლებამოსილება ჩვენს ფინანსურ განყოფილებას, ბუღალტერიას გადავაბარე, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
ცისკარიშვილის განცხადებით, დღევანდელი გადაწყვეტილებები "აბსოლუტურად" მისაღებია და ასევე ისიც, რომ "სხდომამ ძალიან კონსტრუქციულად" ჩაიარა.
მან ისაუბრა შიდა არჩევნების ჩატარების ფორმატზეც და განაცხადა, რომ პარტიის თავმჯდომარის არჩევნების დროს მთავარია ამომრჩეველთა სიები გარე ძალებისგან თავისუფალი იყოს.
"ჩვენ ყველამ მივიღეთ ჯენტლმენური შეთანხმება. რადგან მე ერთ-ერთ კანდიდატს ვუჭერ მხარს, უფლებამოსილება ჩვენს ფინანსურ განყოფილებას, ბუღალტერიას გადავაბარე, რომ თანაბრად, ობიექტურად განიკარგებოდეს (ისედაც ასე განიკარგებოდა) თანხები, არ არის დიდ სახსრებსა და რესურსებზე საუბარი. გასაგებია, თანხების 80-90% ცენტრალური ოფისის ხელფასებზე მიდის, მაგრამ სხვა კომუნალურის გარდა, საწვავის ხარჯები, გადაადგილების რესურსები, ბუღალტერიამ, ჩვენმა ფინანსურმა განყოფილებამ ცენტრალური ოფისის თანამშრომლებმა განკარგონ, რომლებიც ყველა კანდიდატის მიმართ აბსოლუტურად ნეიტრალურები და ობიექტურები იქნებიან.
რაც შეეხება დანარჩენ საკითხებს, [არჩევნების ჩატარების] წესს და ასე შემდეგ, ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, ჯობდა ცოტა ადრე ჩატარებულიყო, მაგრამ კობა ნაყოფიას და სხვებს ჰქონდათ მოსაზრებები იანვრის ბოლოსთან დაკავშირებით და ჩვენ გავიზიარეთ.
თვითონ წესის თაობაზე ჩვენთვის მნიშვნელოვანი და მთავარი იყო, რაც შეიძლება ფართო ყოფილიყო, რასაც "ფეისბუკ“ პლატფორმა უზრუნველყოფს და ასევე, მომხდარიყო რეგისტრირებული ე.წ. ამომრჩევლების, ანუ ჩვენი მხარდამჭერების, ვინც იღებს ამ არჩევნებში მონაწილეობას ფილტრაცია, რათა არ იყოს შემოსვლა, ხელების ფათური სხვა პარტიებიდან, განსაკუთრებით "ქართული ოცნების“ მხრიდან, სუს-ის ჩართულობა და აქტიურობა. ამის ფილტრაციის შესაძლებლობასაც იძლევა ინსტრუმენტები, რომელიც გვაქვს არჩევნების ჩასატარებლად, მათ შორის, "ფეისბუკ“ გვერდი, პროფილი, პირადი ნომერი, თვითონ ადამიანის იდენტიფიცირება. მთელი საქართველოს მასშტაბით ჩვენი კოორდინატორები, პარტიის თავმჯდომარეები ადგილებზე გაეცნობიან სიებს, ვინ დარეგისტრირდება და საარჩევნო კომისია მოახდენს იმ ადამიანების ამოღებას, ვინც არ იქნებიან კვალიფიციური, ანუ არ იქნება ჩვენი მხარდამჭერი ან ამომრჩეველი. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად ყველაფერი მისაღებია, ისიც ჩვენთვის მისაღებია, რომ ძალიან კონსტრუქციულ გარემოში ჩაიარა ამ სხდომამ“,- განაცხადა მან.
პარტიის გენერალური მდივნის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანისთვის ყველაფერი უნდა გააკეთოს პარტიის თავმჯდომარემაც და სხვა წევრებმაც, ამაზე ყველა თანხმდება.
"რაღაც კონკრეტული გეგმა არც წარმოდგენილი არ ყოფილა და არც გვიმსჯელია. საუბარი იყო იმაზე, რომ ჩვენი მხრივ მაქსიმალურად უნდა ვიაქტიუროთ. მელიაც ამას საუბრობს და ყველა ჩვენი მხარდამჭერი, პოლიტსაბჭოს წევრები, სასამართლოებზეც, სასამართლოს ბოლო დღისთვის მნიშვნელოვანია რეგიონებში გასვლა, თბილისშიც, ჩვენი მხარდამჭერების მობილიზაცია, ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან მუშაობა, რომ იქიდან იყოს დიპლომატიური და პოლიტიკური ზეწოლა. იმიტომ, რომ საბოლოო ჯანში "ქართული ოცნების“ გადასაწყვეტია მიხეილ სააკაშვილის გაშვება. "ქართული ოცნების“ გადასაწყვეტია ისიც, რომ ჩაეხსნას პოლიტიკურად პროცესს და ზეწოლა არ მოახდინოს სასამართლოზე და ამ მიმართულებით, ყველაფერი რომ უნდა გააკეთოს პარტიის თავმჯდომარემაც და სხვა წევრებმაც, ამაზე ყველა ვთანხმდებით. ეს ყველას ტკივილია და ერთიანი ამოცანაა“, - განაცხადა ცისკარიშვილმა.