ნიდერლანდების საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელი ლუი ვან გაალი, შეიძლება ითქვას, რომ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამორჩეული ციტატების ავტორია. ის 70-იანების როკსტარივითაა - პირდაპირი, მხიარული, მოულოდნელი და ექსტრავაგანტური. რამდენიმე კვირის წინ, ლუი, პირდაპირ ვარჯიშზე სთავაზობდა ცოლს სექსს სასტუმროს ნომერში, ჟურნალისტმა, რომელმაც ნიდერლანდების თამაშს მოსაწყენი უწოდა, მას შინ წასვლა ურჩია, მოგვიანებით განაცხადა, რომ 71 წლისაა, თუმცა ღმერთივით გამოიყურება. სენეგალთან მატჩის შემდეგ პრეს-კონფერენციაზე კი ჟურნალისტებს ეხუტებოდა და სელფებს იღებდა.
არგენტინასთან მეოთხედფინალური მატჩის წინ ვან გაალმა მემფის დეპაისთან ერთად მორიგი დასამახსოვრებელი დიალოგი წამოიწყო.
ყველაფერი ანხელ დი მარიაზე ჟურნალისტის შეკითხვით დაიწყო. ანხელი ლუის კარიერიაში ყველაზე ცუდ მწვრთნელად მიიჩნევს.
"ანხელ დი მარია - ძალიან კარგი ფეხბურთელია. როცა მე "მანჩესტერ იუნაიტედში“ მასთან ერთად ვმუშაობდი, პირადი პრობლემები ჰქონდა და ეს მის თამაშზე აისახა. მან თქვა, რომ მისთვის ყველაზე ცუდი მწვრთნელი ვარ? ის იმ იშვიათ ფეხბურთელებს მიეკუთვნება, ვინც ასე ფიქრობს. ვწუხვარ. მწვრთნელებს ისეთი გადაწყვეტილებების მიღება გვიწევს ხოლმე, რომელიც ყველასთვის სასიამოვნო ვერ იქნება.
"მანჩესტერში“ დაახლოებით მსგავსი შემთხვევა ჰქონდა მემფისსაც, რომელიც ახლა გვერდზე მიზის. ზოგადად მწვრთნელი უმიზეზოდ არაფერს აკეთებს. შესაძლოა, ეს არასწორი იყო, მაგრამ ნახეთ როგორი ურთიერთობა მაქვს ახლა მემფისთან. ახლა ჩვენ ერთმანეთს ტუჩებში ვკოცნით. არა, ამას აქ არ გავაკეთეთ. რა თქმა უნდა, ეს მას ყოველთვის არ მოსწონს, ვწუხვარ, მაგრამ მაინც სასიამოვნოა“, - იხუმრა მწვრთნელმა.
დეპაი, რომელიც გვერდზე იჯდა, გაიცინა და სახეზე ხელები აიფარა.
კოცნისადმი ვნება ლუი 1/8 ფინალური მატჩის შემდეგაც გამოავლინა, როდესაც ნიდერლანდებმა ამერიკა დაამარცხა. მთავარმა მწვრთნელმა დენზელ დუმფრისს აკოცა, რომელმაც გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემაც გააკეთა. "გუშინ მას დიდი კოცნა ვაჩუქე. ამის გაკეთებას კიდევ ვაპირებ... აი, ასე“ - განაცხადა ვან გალმა.
დეპაი და ვან გალი "მანჩესტერში“ მუშაობდნენ. როდესაც 21 წლის ნიჭიერი ვინგერი "პსვ-დან“ "წითელ ეშმაკებში“ გადავიდა, თავდაპირველად ეფექტურად დაიწყო, თუმცა ნელ-ნელა უკლო. მაშინ ლუი აცხადებდა, რომ მემფისი მის ფილოსოფიას ვერ ერგებოდა. შესაბამისად, გუნდში ადგილი ვერ დაიმკვიდრა და ჰოლანდიელი სპეციალისტი თანამემულეს სულ უფრო ცოტა სათამაშო დროს აძლევდა. 2015/16 წლის სეზონის ბოლოს ლუი "მანჩესტერიდან“ გაუშვეს. ნახევარი წლის შემდეგ, მემფისიც მიაყოლეს.
2017 წელს მემფისი "ლიონში“ გადავიდა და გაბრწყინდა. ლუის კი 5 - წლიანი პაუზა ჰქონდა აღებული და 2021 წელს ნიდერლანდების ნაკრებში დაბრუნდა, სადაც დეპაისთან კიდევ ერთხელ გადაიკვეთა.
დაპირისპირების მიუხედავად, მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის ჰარმონიაა.